Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერხებთან თუ მონიტორებთან? - ახალი სასწავლო წლის განახლების პერსპექტივა


„სავარაუდოდ“, „ალბათ“, „წესით“, „ლოგიკურად“, - ეს ის სიტყვებია, რომლითაც იწყება პასუხები კითხვაზე, რა ფორმით განახლდება 2021-2022 სასწავლო წელი. სწავლის დაწყებამდე 19 დღით ადრე, არც განათლების სამინისტროს, არც ჯანდაცვის სამინისტროსა და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ აქვს.

დაიწყება თუ არა ახალი სასწავლო წელი სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების სივრცეში, შეძლებენ თუ არა მოზარდები და სტუდენტები ვირტუალური სივრციდან რეალურ სივრცეში დაბრუნებას, ამ კითხვას პასუხი, უწყებების განმარტებით, ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ უნდა გასცეს.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კი საქართველოში ისეთი მძიმეა, როგორც პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე არ ყოფილა. ვირუსის ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი 10-12%-ში მერყეობს, შემთხვევების რაოდენობა 5000-ის, გარდაცვალების რიცხვი კი ყოველდღიურად 60-80-ის ფარგლებშია.

დიდი ალბათობით, 2021-2022 სასწავლო წელი იქნება, ფაქტობრივად, მესამე სასწავლო წელი, უფრო ზუსტად კი მეოთხე სასწავლო სემესტრი, როდესაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ონლაინრეჟიმში მოუწევთ სწავლის განახლება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვარაუდი გამოთქვა 27 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ:

„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა. მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი“.

კიდევ ერთი ვარაუდით, რომელიც ასევე ამირან გამყრელიძეს ეკუთვნის და რომლის შესახებაც ის ერთი კვირის წინ, 20 აგვისტოს, მედიისათვის გამართულ ვებინარზე ლაპარაკობდა, არ არის გამორიცხული, რომ ის სკოლები, რომელთა პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, წაახალისონ და იქ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს:

„სკოლებს იმ შემთხვევაში ვუწოდებთ უსაფრთხოს, თუ აცრილი იქნება 80% მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ. ამიტომ იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით – უნდა წავახალისოთ, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლება“, - თქვა ერთი კვირის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

აი, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი 4 სექტემბერს ელოდება. როგორც მან განმარტა, სასწავლო პროცესის კლასებში განახლების საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბრისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე:

„ჯერ უნდა დაველოდოთ, 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს 16 აგვისტოს.

რამდენი პედაგოგია აცრილი 27 აგვისტოს მონაცემებით?

განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამში პედაგოგების 46%-ია აცრილი. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში გააქტიურდა და 4%-დან 46%-მდე გაიზარდა. მათივე თქმით, პედაგოგთა ვაქცინაცია კვლავ აქტიურად მიმდინარეობს:

„მასწავლებლების დიდი ნაწილი „ფაიზერს“ ელოდებოდა. ამ ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლამ დაგვანახა, რომ პედაგოგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აცრა დაიწყო. პედაგოგები იცრებიან როგორც ინდივიდუალურად, ისინი ასევე მიმართავენ სკოლებსა და რესურსცენტრებს, რათა მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია ვაქცინაციის პუნქტებისა თუ თავად აცრის პროცედურასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, პედაგოგების 46% აცრილია და ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი პედაგოგი მიმართავს ამცრელ პუნქტებს. იქით კვირაში გამოვაქვეყნებთ პედაგოგთა აცრის განახლებულ მაჩვენებელსაც“.

რაც შეეხება სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლების სივრცეებში სწავლის განახლების პერსპექტივას, განათლების სამინისტროში გვპასუხობენ:

„ამ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. ამის შესახებ რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ უნდა გასცეს. ჩვენც ისე ვიმოქმედებთ. განათლების სამინისტრო მზადაა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს როგორც სკოლის სივრცეში, ისე ვირტუალურად ან ჰიბრიდულად, როდესაც მშობლებს საშუალება ჰქონდათ თავად გაეკეთებინათ არჩევანი, შვილს სკოლაში გაუშვებდნენ თუ სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებდნენ. რაც შეეხება ვარაუდს, რომ თუკი იმ სკოლებში, სადაც პედაგოგებისა და ადმინისტრაციის 80% აცრილი იქნება, წახალისებით მიზნით სწავლა განახლდეს, ეს გადაწყვეტილებაც ისევ და ისევ ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა მიიღოს“.

იმ კონტექსტში, როდესაც სასწავლო წლის სკოლის სივრცეში დაწყება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საინტერესოა გასული სასწავლო წლის ერთ მონაცემზე დაკვირვება. 2021 წლის მაისის მიწურულს გამოქვეყნებული მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი სკოლებში, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხოლოდ 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში, სკოლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობდა, ანუ, მოსწავლეთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესს სკოლაში ესწრებოდა, ნაწილი კი ამ პროცესში, მშობლების მოთხოვნით, ონლაინ ერთვებოდა.

ეს მონაცემი კი იმას მოწმობს, რომ შარშან, საგანმანათლებლო სისტემა, სკოლები და უნივერსიტეტები არ წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების წყაროს.

ამჯერად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილის მიზეზი შესაძლოა იყოს, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც დომინირებული ვირუსის დელტა შტამი, რომელიც კორონავირუსის წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა ბავშვებისა და მოზარდებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობის ამ ნაწილში მოიმატა როგორც ინფიცირების, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა.

რას აპირებს ამერიკა და ევროპა

თუმცა, მიუხედავად დელტა შტამის სახიფათო გააქტიურებისა, როგორც ამერიკა, ისე ევროპა, ახალი სასწავლო წლის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სივრცეებში განახლებას, თავიანთი პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს და სასწავლო წლის დაწყებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სპეციალურ რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

ვრცელია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებისთვის. ამ რეკომენდაციების პირველივე პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია, შემოდგომიდან ბავშვები ჩვეულ სააღმზრდელო თუ სასწავლო გარემოს, ანუ სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, აშშ-ში ვაქცინაცია დაშვებულია 12 წლის ასაკიდან.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ყველა სასწავლო დაწესებულება ვალდებულია:

  • მოითხოვოს ნიღბების ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
  • ნიღბის ტარების ვალდებულება აქვს ყველას, მოსწავლეს, მასწავლებელს თუ დაწესებულების ვიზიტორს მიუხედავად იმისა, არის აცრილი თუ არა.
  • რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ნიღბების ტარების ვალდებულება აქვთ სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებს 2 წლის ასაკიდან.
  • გარდა ნიღბის ტარებისა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს ბავშვების ერთმანეთისგან დისტანცირება მინიმუმ სამი მეტრით, ხოლო იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ აუცილებელია გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომები, მათ შორის, ინტენსიური კოვიდტესტირება.

სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლების კრიტერიუმებზე ლაპარაკობს მედიასთან საფრანგეთის განათლების მინისტრი, ჟან-მიშელ ბლანკერი. მისი თქმით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არ ექნებათ ვალდებულება, სასწავლო სივრცეებში დაბრუნებისას წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, რადგან თვლის, რომ „სკოლა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და სწორედ ამიტომ არ ითხოვენ ვაქცინაციის დოკუმენტს. ეს არის ჩვენი ფილოსოფია პანდემიის დაწყების დღიდან“, - ამბობს საფრანგეთის განათლების მინისტრი.

თუმცა, ამასთანავე აღნიშნავს, რომ ყველა მოსწავლეს 12 წლიდან, მიეცემა შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, აიცრან სკოლის ტერიტორიაზე:

„საფრანგეთის ყველა საშუალო სკოლაში, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აქვთ საშუალება, აიცრან ან თავად სკოლაში, ან მის სიახლოვეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამცრელი ბრიგადები ან თავად მივლენ სკოლაში, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსწავლეები და პედაგოგები ორგანიზებულად მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებამდე“.

ამ დროისათვის საფრანგეთში მცხოვრები 12-დან 17 წლის მოზარდების 55%-ია მინიმუმ ერთი დოზით მაინც აცრილი.

რაც შეეხება პედაგოგებს, საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, მათ შორის ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 80%-ს შეადგენს. თუმცა, მისივე თქმით, ეს რიცხვი უახლოეს პერიოდში დაახლოებით 100%-მდე გაიზრდება.

საფრანგეთმა სკოლებისათვის ოთხსაფეხურიანი პროტოკოლი შეიმუშავა. პროტოკოლი დაყოფილია მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ საფეხურებად.

რეკომენდაციები მწვანე საფეხურისთვის:

  • საგაკვეთილო პროცესის სკოლების, კოლეჯებისა და ლიცეუმების შენობებში დაწყება;
  • დაწყებითი კლასები (რომლის მოსწავლეთა ასაკიც 12 წლამდეა და შესაბამისად, ვაქცინაცია არ არის დაშვებული), შვიდი დღით დაიხურებიან, თუკი მოსწავლეს და პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდება;
  • რაც შეეხება კოლეჯებსა და ლიცეუმებს, თუკი იქ სტუდენტს ან პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი, არავაქცინირებული სტუდენტები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ ონლაინ, ვაქცინირებული სტუდენტები კი კვლავ დაწესებულების სივრცეში დარჩებიან.
  • დახურულ სივრცეში ნიღბების ტარება სავალდებულოა კოლეჯისა და ლიცეუმის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.
  • ზედაპირების სავალდებულო დეზინფექცია.
  • არ არის შეზღუდვები ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებზე.

ანალოგიური რეკომენდაციები აქვს განათლების სამინისტროს ყვითელი საფეხურისთვის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სპორტული და ფიზიკური აქტივობები რეკომენდებულია გარე სივრცეში, რაც შეეხება დახურულ სივრცეს, ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია.

  • გარდა ამისა, სადილის დროს ერთ მაგიდასთან ჯდომა შეუძლია მხოლოდ ერთი ჯგუფის მოსწავლეებს.
  • ნარინჯისფერი საფეხურის შემთხვევაში, საგანმანათლებლო შენობაში სწავლა დაშვებულია მხოლოდ სკოლებისა და კოლეჯებისთვის.
  • რაც შეეხება ლიცეუმის სტუდენტებს, იქ რეკომენდებულია შერეული ან დისტანციური სწავლის მოდელი.
  • ნიღბების ტარება სავალდებულოა დაწყებითი კლასებიდან ზევით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
  • რეკომენდებულია კლასების დაყოფა პატარა ჯგუფებად.

წითელი საფეხური

  • საგანმანათლებლო სივრცეში სწავლა განახლდება მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვის.
  • კოლეჯებსა და ლიცეუმებში სწავლა რეკომენდებულია შერეული ან დისტანციური მოდელით.
  • ნიღბების ტარება სავალდებულოა დაწყებითი კლასებიდან ზევით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
  • რეკომენდებულია კლასების დაყოფა მცირე ჯგუფებად.

27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4031 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული 73 პაციენტი. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12,1%. ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

XS
SM
MD
LG