Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ სწავლა ისევ ონლაინ დაიწყო: მშობლები და ბავშვები ზღვარზე


პანდემიის დასაწყისში, 10 წლის გიორგი ბარბაქაძის დედა, დიანა ანფიმიადი ფეისბუკზე სხვა დედებსაც აქტიურად აძლევდა რჩევებს, თუ როგორ უნდა გაეხალისებინათ საკუთარი შვილებისათვის ჩაკეტილობის დღეები.

ათას რამეს იგონებდა, როგორ დაეინტერესებინათ ბავშვები სწავლის პროცესით ისე, რომ "ეკრანის სკოლის" მიღმა მიმდინარე გაკვეთილებისათვის თვალი ედევნებინათ და სასწავლო პროცესს არ ჩამორჩენოდნენ. მაგრამ გავიდა ერთი წელი და ძალები ამოიწურა. წინ ისევ იმის მოლოდინია, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება, არც სკოლა იქნება ისეთი, როგორიც იყო და არც გიორგი დათმობს შინყოფნას. და ეს დიანას ძალიან ადარდებს.

დიანა

სწავლის მხრივ, ჩვენთვის თითქოს კარგი წელიც კი იყო - მივხვდით, რომ ინტერნეტი დიდ შესაძლებლობას იძლევა, დამატებითი ცოდნის მიღების უამრავ გზას გთავაზობს. მივხვდით იმასაც, რომ დღევანდელი სკოლა ძალიან დიდი ხანია თანამედროვე ბავშვების ინტერესებს ისედაც აღარ აკმაყოფილებს.

გიორგი კომფორტულადაც კი იყო. ოღონდ, ცხადია, ჩემი ხელშეწყობით, ჩვენ შემთხვევაში ინკლუზიურ განათლებაზე ვლაპარაკობ და კიდევ სხვა გამოწვევებზე, რაც გიორგის წინაშე იდგა, მე დიდი დოზით ვიყავი ჩართული ამ პროცესში. მასაც მოსწონდა. მეც შემეძლო.

მაგრამ უცებ მივიღე ადამიანი, რომელსაც საერთოდ აღარ უნდა გარეთ გასვლა. ვერც კი წარმოუდგენია სკოლაში ისევ დაბრუნება.

დიანა და გიორგი
დიანა და გიორგი

მეგობარი არ ჰყავს. უბანშიც ბავშვები არ არიან, ვისთანაც ურთიერთობა ექნებოდა. ამიტომ მისი თანატოლებთან ურთიერთობა მინიმუმზეა დასული. ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვებს ხედავს, ჯგუფური თერაპიაა, მაგრამ ეს სკოლას ვერ ცვლის, ის უფროსების მიერ მოდელირებული გაკვეთილია.

საურთიერთობოდ მე დავრჩი. მაგრამ მშობელი არ არის ის მთავარი ადამიანი, ვისთანაც 10 წლის ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ამისთვის სკოლა გვქონდა. სოციალიზაციის, თამაშის, სწავლის, დამეგობრების ადგილი.

ახლა გიორგის არც გარეთ გასვლა და თამაში უნდა და საერთოდაც, ჰგონია, რომ ასე უნდა გავიდეს მთელი ცხოვრება.

ცოტა უფრო დეპრესიულიც გახდა. წყობიდან ადვილად გამოდის და მალე ბრაზდება. არ ესმის, რატომ ვუშლი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას, თუკი სწავლის დროს იქ საათები უნდა გაეტარებინა. ფაქტობრივად, სულ გაჯეტებს ითხოვს.

4 წლიდან გიორგისთვის ჩატარებული ყველა თერაპია სწორედ მისი ჩაკეტილობის და ინტროვერტობის დასაძლევად იყო. ახლა გამოდის, რომ ისევ იქ დავბრუნდით.

გარშემოც რომ ვიყურები, ყველაზე მხიარული და გახსნილი ბავშვებიც კი ასეთებად იქცნენ. და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს ჩაკეტილობა რას მოუტანს მათ.

პანდემიის დასაწყისში ხან რას ვიგონებდი და ხან რას, რომ ის დღეები ერთფეროვანი არ ყოფილიყო. სწავლა კი სახალისო გამხდარიყო. მე ამის ფუფუნება მქონდა - დისტანციურადაც შემეძლო მუშაობა. მაგრამ ახლა უკვე ძალიან დავიღალე. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ იგივე გავაკეთო.

და მე არ მაქვს სახელმწიფოსგან პასუხი - რა იქნება.

ბოლომდე იმედი მქონდა, რომ სექტემბერში სკოლაში წავიდოდა, რადგან გაზაფხულზე, სკოლაში ორი კვირის მანძილზე სიარულმა გამოაცოცხლა ბავშვი. ახლა არ ვიცი. მეც კი ძალიან მიჭირს და ყველაზე მეტად ის მანერვიულებს, რომ ის ამას შეეგუა. სხვა ალტერნატივა არ სჭირდება.

და რასაც დავაკვირდი, სახელმწიფოს, დაგეგმვის არც ერთ ეტაპზე, არც ბიზნესის დახმარების, აცრების, სამოქმედო გეგმების დასახვის დროს, საერთოდ არავის უფიქრია ბავშვებსა და სკოლაზე.

მეგი კავთუაშვილს ორი შვილი ჰყავს. 12 და 6 წლისები. უფროსი მეშვიდე კლასში გადავიდა, მეორე წელს მიდის სკოლაში. მას აღარ ახსოვს, რა არის ბაღი, იმიტომ, რომ ბოლო წელი არ უვლია. სახლში ყოფნასაც მიეჩვია და ეს მის ბუნებრივ მდგომარეობად იქცა - სხვების დანახვა არ მოსწონს. უფროს, 12 წლის შვილს, სკოლასთან რომ ჩაივლის, ყოველ ჯერზე ეტირება.

მეგი

უკვე მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო ვღელავ, ვიდრე იმაზე, რომ კოვიდი შეიძლება დაემართოთ.

მაშინებს მათი ჩაკეტილობა. უფროსი შვილი ძალიან განიცდის, რომ სკოლა შეიძლება ისევ არ დაიწყოს საკლასო ოთახში. ჩვენს კორპუსს ეზოც კი არა აქვს, სადაც ჩავიდოდნენ და თანატოლებს შეხვდებოდნენ.

ვართ მხოლოდ ჩვენ, მშობლები და ისინი. ორნი.

ეს ბავშვისთვის დამღუპველია. ამ ასაკში სჭირდებათ ახალი ხალხი, ახალი ემოციები. ახალი გამოცდილება. ახლა უნდა შეუყვარდეს, ხან უნდა გადაუყვარდეს. გაბრაზდეს, გაუხარდეს. არაფერი ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია ამის მიცემა. მე არ ვარ საკმარისი.

და ამაზე საერთოდ არავინ ფიქრობს, არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ბავშვი მათთვის პრიორიტეტი არ არის. მათაც ხომ ჰყავთ შვილები? ნუთუ ვერ ხედავენ მათ მდგომარეობას?

მეგი კავთუაშვილი
მეგი კავთუაშვილი

ჩემი შვილი თანახმა იყო, ყველა წესი დაეცვა, მჯდარიყო პირბადით, ეცვალა ეს პირბადე, ყველა წესი დაეცვა, ოღონდ სკოლაში წასულიყო. ახლა მისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა იჯდეს ისევ სახლში, ჩაბნელებულ ეკრანთან.

არც მე მაქვს პასუხი.

და ამ დროს, სახელმწიფო იმით ამაყობს, რომ კონტაქტი შედგა მასწავლებელთან - ეკრანს მიღმა.

21-ე საუკუნეში ამით არ შეიძლება იამაყოს ადამიანმა.

რატომღაც არც იმაზე ფიქრობენ, რომ ამ ბავშვებს უკვე სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ჩვენც, მშობლებსაც. დახმარებაც და განათლებაც, რადგან ჩვენთან არ არის მოდაში პოზიტიური მშობლობა - მოგეშლება ნერვები? გადაიტანე ბავშვზე.

სულ ვფიქრობ, მე, ვთქვათ, შემიძლია შინ ვიყო. რა უნდა ქნას პოლიციელის შვილმა, ექიმის შვილმა, იმ მშობლების, რომლებიც ღამეც მუშაობენ? როგორ უნდა გაართვან ამას თავი?

რადგან მე მშობლების ორგანიზაციასაც წარმოვადგენ, სულ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ეს დღეები, რა უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს და რაში გამოვუცხადოთ თანადგომა. ჩვენ არ გვინდა გასული წლის დაბრუნება.

ამის ძალა აღარავის აქვს. ძალიან ცოტა დრო რჩება სწავლის დაწყებამდე და ჯერ არაფერზე არ გვაქვს პასუხი.

იქნებ ის მაინც იყოს შესაძლებელი, რომ სამინისტროში არსებული ფსიქო-სოციალური სამსახური გაძლიერდეს? იქნებს ცხელი ხაზი აამუშაონ, რომელიც კი არსებობს, მაგრამ არ მუშაობს?

თუნდაც პედაგოგების აცრები. რამდენი დრო დაიკარგა! სანამ „იუნისეფმა“ არ დაიწყო კამპანია.

იქნებ ჩვენც გვკითხონ რამე, მშობლებს. ჩვენც ხომ ყველაზე უკეთ ვიცით, რა უჭირთ ჩვენს შვილებს?

მაკა ახვლედიანისთვის ყველა დღე თითქმის ასე იწყება - დაიწყება სწავლა? წავალთ სკოლაში? მაკას სამი შვილი ჰყავს. მერვე, მეექვსე და მესამე კლასელები.

მაკა

თავიდან შუათანა და უმცროსი უფრო განიცდიდნენ. სწავლის დაწყების თარიღი რომ მოახლოვდა, კითხვებიც უფრო გახშირდა. უფრო სწორად, უკვე მოითხოვენ, რომ წავიდნენ სკოლაში. რომ მათ სჭირდებათ ბავშვები, თანატოლები.

უფროსიც კი, რომელსაც თავიდან თითქოს მოსწონდა ონლაინ სწავლა, ამბობს, რომ აღარ შეუძლია. რომ ერთ ადგილას მიეჯაჭვა და ეს უძრაობა თავადაც იგრძნო და შეწუხდა.

კონტაქტები გაწყვეტილია. ასე შეუძლებელია გაგრძელება.

მაკა და მისი ოჯახი
მაკა და მისი ოჯახი

კიდევ იცით რა მოიტანა ამ ჩაკეტილობამ? ბავშვებს გაუჭირდათ ღია აუდიტორიის წინაშე გაკვეთილების მოყოლა. ჩემმა შვილმა ამის გამო მასწავლებელს უთხრა, რომ გაკვეთილი არ იცოდა. არადა პირიქით იყო.

მადარდებს, რომ საერთოდ არავის შეუსწავლია ეს ამბავი. არავინ იცის, როგორ არიან ეს ბავშვები. არც სამინისტრო, არც ფსიქოლოგები ჩართულან. იქნებ რომ გამოეკითხათ, რაიმე გეგმა გაჩენილიყო? სტატისტიკა შექმნილიყო? ის მაინც იციან, ვის უნდა სკოლაში წასვლა და ვის შინ დარჩენა?

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რა ელის ჩვენს ბავშვებს.

იქნებ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო აზიანებს მათ იმუნიტეტს?

უბრალოდ, იტყვიან: სწავლა არ იქნება! და ჩვენც ვემორჩილებით. და ამასობაში, ბავშვები იცვლებიან, პასიურები გახდნენ. მოდუნდნენ. და ერთადერთი იმედი ჰქონდათ, რომ წელს მაინც წავიდოდნენ სკოლაში...

არც სასამართლომ ჩათვალა საჭიროდ

ეს ბლოგი ბავშვთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა ანა არგანაშვილმა ჯერ კიდევ თებერვალში გამოაქვეყნა - ის წერდა, რომ განათლების სამინისტროს დაახლოებით ერთი წელი ჰქონდა სკოლებში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის აღსადგენად, ბავშვების დაბრუნების უსაფრთხო და ეფექტიანი გეგმის შემუშავებისთვის, მაგრამ 2021 წლის თებერვალში სასწავლო პროცესის აღდგენას განათლების სამინისტრო ისევ ყოველგვარი გეგმის გარეშე შეხვდა.

ზუსტად ამიტომ, ჯერ კიდევ მაშინ, ანას ორგანიზაციამ (PHR) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა, სასამართლოს განათლების სამინისტროსთვის ერთიანი გეგმის შემუშავება დაევალებინა.

ამ გეგმის მიზანი კი პანდემიის პირობებში ყველა ბავშვის და, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების) სკოლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო.

სასამართლომ ამაზე უარი განაცხადა. განჩინება გასაჩივრდა, მაგრამ საქმე ვერც მეორე ინსტანციაში მოიგეს. მოსამართლემ კი დაწერა, რომ PHR-ის მოთხოვნები არის ზოგადი ხასიათის და ის ვერ აკმაყოფილებს დროებითი განჩინების გამოცემის საფუძვლებსო.

რაზე მიანიშნებს ეს პასუხიც და ზოგადად მიდგომაც სასწავლო პროცესის თუ ზოგადად ბავშვების მიმართ?

ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობა ამ ქვეყანაში ხშირად აჯერებს ადამიანებს მათი მართვის სისწორეში, ხოლო მოქალაქეებმა ასევე ძალიან ხშირად, არ იციან, რამდენი უნდა მოსთხოვონ მთავრობას.

„ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რომ გადაწყვეტილებები სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ, როგორც ყოფილ კომუნისტურ ქვეყანას, არ გაგვაჩნია კარგი მმართველობის გამოცდილება და ეს ჩვენი სარჩელის პასუხშიც ამოვიკითხე. სასამართლომ ჩვენ გვითხრა, იმდენად არაპროგნოზირებადია კოვიდ-19, რომ მთავრობას აბა, როგორ მოვთხოვო რამეო. 2 წელი გავიდა უკვე და სწორედაც რომ პროგნოზირებადი იყო, რომ დაიწყებოდა სწავლა და ოთხ სართულზე მას ამ პირობებში ერთი დამლაგებელი აღარ ეყოფოდა! მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ეს პოზიცია - მეტი არ მოვთხოვოთ მთავრობას, ძლივს აბამენ თავს, რასაც აკეთებენ, სწორედ ეს არის ჩემთვის ძალიან ტრაგიკული ამბავი“.

სასამართლოსთვის კი, ამბობს ანა, სწორედ ბავშვების უფლებების დასაცავად დაწერილი სამოქმედო გეგმა, რასაც ის სახელმწიფოსგან ითხოვდა, უბრალოდ „ზოგადი“ მოთხოვნა აღმოჩნდა.

ამ უარით კი, პრაქტიკულად, ისიც გამოჩნდა, რომ კიდევ დიდხანს არ იქნება პასუხი კითხვაზე - რას ვუშვრებით ბავშვებს.

თუ სახელმწიფოს ამაზე პასუხი არა აქვს, მაშინ გამოდის, ყველაფერი იქნება ქაოტური და უკანონოც, „რადგან კანონში გვიწერია, რომ უნდა დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება, რასაც ეს ქვეყანა არ აკეთებს“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

„რეგრესი არის ძალიან დიდი“, - წერს ამ სტატიაში ნენსი ქლოუზი, მეცნიერებათა დოქტორი, იელის მედიცინის სკოლის ბავშვთა განვითარების კვლევის ცენტრის ასისტენტ-პროფესორი და იელის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამის ასოცირებული დირექტორი. იგი აღწერს, თუ რას განიცდიან ახლა მშობლები და მათი შვილები და რა სახის რეგრესს ამჩნევენ ბავშვებს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.

ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს არგუმენტირებული და სრულყოფილი პასუხი არც სახელმწიფოსგან, რა გეგმა აქვს სკოლებთან მიმართებით.

სად დაიწყება სწავლა - საკლასო ოთახებში თუ ვირტუალურ სივრცეში.

განათლების სამინისტროში კვირის ბოლოს ეცოდინებათ აცრილი პედაგოგების დაზუსტებული რაოდენობაც. ახლა მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს „იუნისეფთან“ და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ექსპერტების ჯგუფები ქალაქ-ქალაქ დადიან, მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს, რის შემდეგაც პედაგოგების ნაწილი იცრება.

აქვე ვთქვათ - საქართველოში 2085 საჯარო სკოლა და 60 000-ზე მეტი მასწავლებელია. ამას ემატება კერძო სკოლები და მათი პედაგოგები - არც იქ არსებული სრული სურათი ვიცით.

მხოლოდ რამდენიმე კერძო სკოლამ დაწერა ღიად საკუთარი ფეისბუკის გვერდზე, მათი პედაგოგების რამდენი პროცენტია ამ ეტაპზე აცრილი.

სამაგიეროდ, ვიცით დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია:

„თუ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს არ ჩამოსცდა, სწავლის საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განახლების რეკომენდაციას ვერ გასცემენ“.

შესაბამისად, უპასუხოა ბავშვების კითხვა: როდის წავალთ ნამდვილ სკოლაში?

უპასუხოა მათი მშობლების კითხვაც: რა დაემართება ჩვენს შვილებს, თუ ისევ ასე გაგრძელდა ყველაფერი?

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG