Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი კრიტიკაზე: ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკრიტიკებს იმ ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც ამბობდა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებამდე თქვა, რომ უარს ამბობდა ამ დახმარებაზე.

"ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ... არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ შეუსრულებელი პირობების გამო საქართველოს მთავრობა ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მაკროფინანსური დახმარების პირობები, მეორე ტრანშისთვის [75 მილიონი ევრო], მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა. თქვენ არ შეგიძლიათ, უარი თქვათ იმაზე, რაზეც არ გაქვს უფლება. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან", - წერდა კრამონი ტვიტერში.

გუშინ, 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობდა ევროკავშირის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ის გადაწყვეტილების ახსნის დროს ხაზს უსვამდა, რომ "ეს არ იყო გრანტი და დახმარება".

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG