Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აპირებენ უარი თქვან ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და უარი თქვან თანხის აღებაზე. ამის მიზეზად მან საგარეო ვალის შემცირება დაასახელა.

"რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება...

ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუშინ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის დახმარებაზე საუბრის დროს, რომლის გამოყოფაზეც შესაძლოა ბრიუსელმა უარი თქვას, განაცხადა, რომ ამას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს".

"ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.

28 ივლისს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შესახებ და საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა, ამ კონტექსტში მან ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება“, - დაწერა შარლ მიშელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG