Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი: სიურპრიზი იყო უარი სესხზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან შეიძლება მიეღო


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც რეფორმების გატარება იყო.

"ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ არ ჭირდებათ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგან პანდემიის მძიმე გავლენის და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად. ამ სესხის დანიშნულება იყო გაეტარებინა საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ შეწყვიტოს რეფორმების გატარება. რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც.

შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ," - თქვა კელი დეგნანმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას.

შეერთებული შტატების ელჩი ასევე შეეხო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტზე და თქვა, რომ ეს კარგი ნიშანია პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად.

"ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული მხარე ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ხელმოწერა არის ნიშანი იმის, რომ რეფორმები, რომელიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს. ეს რეფორმები მთლიანად დადებითად აისახება და დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას და ეხება მთლიანად საქართელოს მოსახლეობას. როგორც მოგახსენეთ, ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმების, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, ქართველი ლიდერების საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამ რეფორმების განხორციელება არის მნიშვნელოვანი და ეს ხელმოწერა არის სერიოზული გზავნილი, რომელიც გარკვეული მესიჯივით უნდა იყოს და შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელება დადებითად უნდა აისახოს მოსახლეობაზე",- განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ, რომ რუსეთი მზად არის განაახლოს ურთიერთობა საქართველოსთან - ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს რუსეთისგან არაერთი განცხადება მოუსმენია სხვადასხვა დროს, თუმცა ისინი არადამაჯერებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არ შეასრულებს მის ვალდებულებებს.

31 აგვისტოს ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობდა ევროკავშირის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ის გადაწყვეტილების ახსნის დროს ხაზს უსვამდა, რომ "ეს არ იყო გრანტი და დახმარება".

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG