Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმას გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც 2-ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი ანუ 300 მილიონ ლარის სესხს.

გაუგებარია თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეoბაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ 2-ციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როდესაც იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებიდან ხორციელდება“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ამ ნაბიჯით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი, ამ სესხის აღება-არაღებით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის რეპუტაცია და სიტყვის სანდოობაა.

„მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება აქვს, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებზე ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგებზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად. თუმცა საჭიროა, სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები“, - მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია. მისი შეფასებით, მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს.

„ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე.

როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!" - თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც" აკრიტიკებს, რომელიც თვეების განმავლობაში ხელს არ აწერდა „შარლ მიშელის შეთანხმებას".

„ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით", - თქვა პრეზიდენტმა.

31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.

31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG