Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია: სააკაშვილი თუ ჩამოვა, ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დავხვდები აეროპორტში


პარლამენტარები ეხმაურებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა, სააკაშვილს ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დახვდეს აეროპორტში და მიიყვანოს პარლამენტში ან პარტიის ოფისში, სადაც ისურვებს, თუმცა იხსენებს იმასაც, რომ ამგვარი განცხადება სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მას არაერთხელ გაუკეთებია და არც ერთხელ არ შეუსრულებია.

"მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დავხვდებით და მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტში. ცოტანი სკეპტიკურები ვართ ამ ფაქტის მიმართ, მაგრამ თუ ჩვენი კოლეგა ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ, მივაცილოთ ან საკუთარი პარტიის ოფისამდე, ან პარლამენტამდე.

ათეულზე მეტად როცა იტყვი, რომ ჩამოვდივარო და აღარ ჩამოვდივარო, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ ეჭვი, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე", - ამბობს იაგო ხვიჩია. ჟურნალისტების კითხვაზე, სად აღმოჩნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პარლამენტში ან პარტიის ოფისში თუ გლდანის ციხეში, ხვიჩია პასუხობს, რომ ის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც სააკაშვილს აქვს ბიძინა ივანიშვილთან.

"გააჩნია, როგორ შეთანხმდებიან ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბატონი მიხეილ სააკაშვილი - მე ასეთი ვერსია მაქვს, რომ დიდი ხანია ეს თამაში, რასაც ვუყურებთ, შეთანხმებულია მათ შორის. ეს ყველაფერი არ ხდება რაღაცნაირი შემთხვევითობით და დაუგეგმავად. შესაბამისად, ბატონი მიხეილ სააკაშვილი აქ რომ ჩამობრძანდება, ჩემს "თესლაში" ჩაჯდება და იმით მოვა საქართველოს პარლამენტში თუ სადღაც სხვაგან, დახურულ დაწესებულებაში წავა, ეს იქნება ამ შეთანხმების ნაწილი", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

კიდევ ერთი დეპუტატი პარტია "ლელოდან", დავით უსუფაშვილი ასევე იხსენებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილს მსგავსი განცხადებები ადრეც არაერთხელ გაუკეთებია და ამბობს, რომ უკვირს, რატომ არ უგზავნის მმართველი პარტია მას თვითმფრინავს საქართველოში ჩამოსასვლელად.

"ის ხომ გასამართლებულია და ხელისუფლების ვალია, ყველა გასამართლებული ციხეში იჯდეს. იმას უნდა ამბობდნენ, სად ხარ, რომ მოგიყვანოთ და ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და მერე დანარჩენი პოლიტიკური ამბები", - თქვა დღეს დავით უსუფაშვილმა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ლატარიის თამაშს ადარებს და ამბობს, რომ მას ჩამოსვლა აქამდეც შეეძლო.

"სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას. სრულიად გასაგები სურვილია და თუ რამის მჯერა მისი საუბრებიდან, ისაა, რომ სამშობლოში დაბრუნება მართლა უნდა, მართლა ენატრება აქაურობა.

ასევე მისი გადასაწყვეტია, როდის, რა ფორმით, რა გზით და რა განწყობით დაბრუნდება, მაგრამ: როდესაც გესმის, რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე; როდესაც გესმის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების წინ ამ საფრთხობელათი დაამობილიზა საკუთარი ამომრჩეველი; როდესაც გესმის და თუ მართლა გჯერა, რომ ეს არჩევნები მართლა კრიტიკულია ქვეყნისთვის და მართლა გადარჩენა-რუსეთში დაბრუნების საკითხი წყდება; როდესაც გესმის, რომ ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება და შენი დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს; როდესაც როგორც მინიმუმ სახეზე გაქვს გასული წლების გამოცდილება და არავინ იცის ზუსტად, ახლა დაბრუნების დაპირება რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლების განწყობებზე; ასეთ კრიტიკულ დროს, როცა ცოტაც და დასავლეთი დიდი ხნით ხელს ჩაიქნევს ამ ქვეყანაზე - როცა ეს ყველაფერი გესმის და მაინც იგივეს აკეთებ, რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ, ლატარიას თამაშობ; სულ მინიმუმ, და ლატარიის დროა ახლა?

თუ მართლა გააზრებული გაქვს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში? ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია, გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც.

კუდები რომ არ მოებას ამ ტექსტს - ყველა შეთანხმება ძალაშია, რომელიც არსებობს „გირჩი - მეტ თავისუფლებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს შორის. გამარჯვების და გადარჩენის გზა გადის ერთობლივ ბრძოლასა და კოორდინაციაზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ, 6 სექტემბერს გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია დრო, როდის აპირებს ჩამოსვლას.

XS
SM
MD
LG