Accessibility links

site logo site logo

ანქვაბი და მოშლილი ტომოგრაფი - რა ხდება აფხაზეთში?


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისია, ვერ ხერხდება პანდემიის ეფექტიანი მართვა. მოუგვარებელია წყლისა და დენის სტაბილური მიწოდების საკითხი; დროულად ვერ გაიცემა ხელფასი და სოციალური დახმარებები; გამოუძიებელია გახმაურებული შემზარავი მკვლელობები. 

ადგილობრივი პოლიცია და მართლმსაჯულების ორგანოები არ მალავენ თავიანთ კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან - დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კი არ აქვს გეგმა, როგორ გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან. მეტიც, როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, "ეხო კავკაზას" კონტრიბუტორი, იზიდა ჭანია ამბობს, პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოქმედი ხელისუფლების მიერ არის შექმნილი, მთავარ დამნაშავედ კი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი სახელდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფალი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია. 2020 წლის 23 აპრილიდან საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის პირველ პირად ასლან ბჟანია ითვლება, თუმცა აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმეტესი ნაწილის აგრესია, გამოწვეული მასშტაბური კრიზისით, მიმართულია არა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, უკმაყოფილების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ საქმე ქუჩის საპროტესტო გამოსვლებამდეც მივა. ყოველ შემთხვევაში, აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ („მეომრები“) ხელმძღვანელმა, ტიმურ გულიამ უკვე მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას, მოემზადონ საპროტესტო აქციებისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყება ოქტომბერში, როცა პრობლემები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იჩენენ თავს.

ტიმურ გულია
ტიმურ გულია

„არუააში“ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ვერ უმკლავდება პრობლემებს, საპროტესტო გამოსვლები კი მთავრობას აიძულებს, ან გაითვალისწინოს ხალხის აზრი, ან გადადგეს.

„ენერგეტიკულ კრიზისს დაემატა საწვავის კრიზისიც. ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა არასოდეს ყოფილა”, - ამბობს ტიმურ გულია, რომელიც იქვე აზუსტებს, რომ „ოპოზიცია არ ემზადება არეულობებისათვის“ ან „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ ხელში ჩაგდებისათვის.

ბჟანია vs ანქვაბი

აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ბზარზე, რომელიც თითქოსდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაში გაჩნდა. ეს ხმები ერთიორად გააძლიერა აგვისტოს ბოლოს გამართულმა სამუშაო შეხვედრამ, რომელზეც ბჟანია დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად განიხილავდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ენერგოსისტემის მდგომარეობას, კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლისა და სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის გზებს.

ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

აფხაზეთში ელექტროენერგიის ყოველდღიური მოხმარება 5 მილიონ კვტ/სთ -ს აღემატება, რაც ნორმაზე 500 კვტ /სთ-ით მეტია. აშკარაა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად სხვაობა ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ასლან ბჟანია გამოსავალს ენგურჰესის ვარდნილების რეაბილიტაციაში ხედავს, თუმცა, როგორც შეხვედრის დროს გაირკვა, მთავრობას არ შეუსრულებია მისი მითითება, მოემზადებინა პოტენციურ ინვესტორთან (რუსული კომპანია „სუფთა ენერგეტიკა“) გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, რის გამოც, შეხვედრის მსვლელობისას „მძიმე საუბარი“ გაიმართა ბჟანიასა და ანქვაბს შორის.

„აი, რას გეტყვით, ძვირფასო კოლეგებო. ოქტომბრისთვის მოამზადეთ ყველაფერი საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოსაწერად. თუ კომპანია "სუფთა ენერგეტიკის" შემოთავაზება არ მოგწონთ, თუ ფიქრობთ, რომ უფრო ხელსაყრელი პირობებით შეგიძლიათ ინვესტორის მოზიდვა - კი ბატონო, იპოვეთ და მოიყვანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვაპირებ თქვენთან მუშაობას და არც ვიმუშავებ. ყველაფერი ნათელია?“ - მიმართა ასლან ბჟანიამ ალექსანდრ ანქვაბის მთავრობის წევრებს.

ალექსანდრ ანქვაბი სხდომაზე
ალექსანდრ ანქვაბი სხდომაზე

აფხაზურმა საზოგადოებამ, ბუნებრივია, შეამჩნია წინააღმდეგობა, რამაც თავი იჩინა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის, თუმცა, როგორც ცნობილმა აფხაზმა ბლოგერმა, თენგიზ ჯოპუამ თქვა, ამგვარ დაპირისპირებაში უჩვეულო არაფერია, მით უფრო, რომ იმთავითვე შეიმჩნეოდა.

თენგიზ ჯოპუა, აფხაზი ბლოგერი
თენგიზ ჯოპუა, აფხაზი ბლოგერი

„დაპირისპირების გარეშე ვერც იქნებოდა. თან ახლა არჩევნები ახლოვდება (2022 წელს საპარლამენტო არჩევნებია დე ფაქტო რესპუბლიკაში), ძირითადი უთანხმოება და წინააღმდეგობა დაკავშირებულია დეპუტატობის კანდიდატებთან. ვფიქრობ, რომ ანქვაბსა და მის ჯგუფს აქვთ თავიანთი სია, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას და „ამცახარას“ - თავიანთი. მიმდინარეობს შეჯერების პროცესი და სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს უთანხმოება. პრინციპში, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ყოველთვის იყო რთული ურთიერთობა. მთლად ღია კონფლიქტამდე საქმე არასოდეს მისულა, მაგრამ...“ – თქვა თენგიზ ჯოპუამ.

ანქვაბის საბედისწერო CT

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთადერთი აპარატია, რომელიც 2020 წელს შეიძინეს რუსეთში, ცნობილი აფხაზი მეწარმის, ნიკოლაი აჩბასა და აფხაზეთის ბიზნესსაზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის „ჩვენ ერთად ვართ“ ძალისხმევით.

კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში დგას, ცოტა ხნის წინ მწყობრიდან გამოვიდა. კომპანია „ფორსაიტ მედიკალმა“, რომლისგანაც აპარატი იქნა შეძენილი (და, რომელიც „ლიდერია აღდგენილი რადიოლოგიური მოწყობილობების რუსულ ბაზარზე“), ტომოგრაფის შეკეთებისთვის 3 მლნ 600 ათასი რუბლი (50 000 $), ხოლო ერთწლიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფისთვის დამატებით 800 ათასი რუბლი (11 000$) მოითხოვა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში
კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში

„ეს ტომოგრაფი უკვე „მკვდარი“ იყო, როდესაც აქ მოიტანეს. უკვე ამოწურული ჰქონდა თავისი რესურსი... მაპატიეთ, მაგრამ „მიცვალებულის“ რეანიმაცია და გაცოცხლება შეუძლებელია“, - ალექსანდრ ანქვაბის ამ განცხადებამ დიდი პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკეს, როგორც ორგანიზაციის „ჩვენ ერთად ვართ“ დამფუძნებელმა ბიზნესმენებმა, ასევე აფხაზთა მოსკოვის დიასპორამაც, თუმცა ყველაზე მძაფრი რეაქცია ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ. ვეტერანთა ორგანიზაცია „არუააში“ მიაჩნიათ, რომ დე ფაქტო მთავრობის მეთაური ხელების დაბანას და მძიმე კოვიდვითარების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს მაშინ, როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც მწყობრიდან ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო გამოვიდა, რაც ასევე პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაა:

„მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც აშკარა გახდა პრემიერ-მინისტრის სიცრუე და შოკისმომგვრელი არაკომპეტენტურობა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ჩინოვნიკი ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტის ღირსების საკითხი იქნება ასეთი პრემიერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. და თუ ასე არ მოიქცევით, ჩავთვლით, რომ თქვენ, ასლან გეორგიევიჩ, მფარველობთ არაკომპეტენტურ, მატყუარა ჩინოვნიკს, რომლის ქმედებები ასეთ რთულ ვითარებაში დანაშაულის ტოლფასია... გთხოვთ, ნუ აიძულებთ დატანჯულ ხალხს სოხუმის ქუჩებში გასვლას, რადგან ჩვენი ხალხი იმდენად დაღლილია, რომ მისი რისხვა არაფერ კარგს არ მოგვიტანს”.

სოხუმი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობა
სოხუმი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობა

ალექსანდრ ანქვაბი გააკრიტიკა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა“, რომლის პოლიტსაბჭომ სოლიდარობა გამოუცხადა ორგანიზაციას „ჩვენ ერთად ვართ“ და მთელი პასუხისმგებლობა, პანდემიასთან წარუმატებელი ბრძოლის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს დააკისრა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნას ალექსანდრ ანქვაბის მთავრობის გადადგომის შესახებ. ამავდროულად, პანდემიის წინააღმდეგ და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო, პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობას”.

ბევრისთვის მოულოდნელად ანქვაბის კრიტიკოსთა რიგებს შეუერთდა ავტორიტეტიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარა“ („ერთიანობა“). არადა, ამ ორგანიზაციამ, კან კვარჩიას მეთაურობით, მიმდინარე წლის განმავლობაში დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა ოპოზიციური და პროსამთავრობო ძალების ერთობლივი განცხადების მიღებაზე, გარდა ამისა, „აიდგილარა“ მრავალი თვის განმავლობაში თავს იკავებდა ხელისუფლების საჯარო კრიტიკისგან, მაგრამ „ტომოგრაფის სკანდალის“ შემდეგ ასეთი განცხადება გაავრცელა:

„პრემიერ-მინისტრმა თავს უფლება მისცა, ფაქტებით მანიპულირება მოეხდინა. ანქვაბმა სცადა, მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები და ხარვეზები იმათთვის გადაებრალებინა, ვინც უაღრესად საჭირო აღჭურვილობა შეიძინა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად. აფხაზეთის ელექტროენერგეტიკის მიზანმიმართულმა დაშლამ, ძაბვის ვარდნამ, აპარატის ყოველკვარტალურ ტექნიკურ მომსახურებაზე უარმა - აი, რამ გამოიწვია სამედიცინო აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლა და პაციენტების გარდაცვალება გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში. დღევანდელ პირობებში, როდესაც სიცრუე, ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი უდიერი მოპყრობა და არაკომპეტენტურობა ხდება პრემიერ ანქვაბის მართვის სტილი, ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, დაუყოვნებლივ გადააყენოს მინისტრთა კაბინეტი”.

2021 წლის 7 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 388-ს მიაღწია. კოვიდპაციენტებისთვის სულ 376 საწოლია შექმნილი. ამასთან, ჟანგბადის სადგურები მხოლოდ სამ სამედიცინო დაწესებულებაში აქვთ - გუდაუთაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში. კოვიდკლინიკებს მხოლოდ 223 ექიმი ემსახურება.

ედუარდ ბუთბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი
ედუარდ ბუთბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ედუარდ ბუთბა, რომლის თქმითაც, აფხაზი ექიმები თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, იმედოვნებს, რომ რუსეთი დაეხმარება დე ფაქტო რესპუბლიკას როგორც მედპერსონალითა და მობილური სამხედრო ჰოსპიტლით, ასევე ვაქცინის 100,000 დოზის მიწოდებით.

მიაღწევს ანქვაბი არჩევნებამდე?

აფხაზი პოლიტოლოგი, იზიდა ჭანია დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ ანქვაბი ბევრი რამის გამო იმსახურებს გადაყენებას, რადგან მეორე პრემიერობის დროს მან დაუშვა არა მხოლოდ უპატიებელი შეცდომები, არამედ ჩაიდინა დანაშაულის ტოლფასი ქმედებები, რომელთა შორისაა:

  • მანიპულირება რუსული პენსიებით, რომლებიც დიდი დაგვიანებით გაიცემოდა
  • აფხაზეთის საპენსიო საბანკო ბარათების გაუქმება
  • COVID-დაწესებულებებში ექიმებისათვის დაწესებული შეღავათების გადაუხდელობა
  • საწვავზე, საპოხ მასალებზე, გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების შემცირებისა და პანდემიის ფონზე
  • კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობის ნებართვის გაცემა მძიმე ენერგეტიკული კრიზისის შუაგულში, რომლის შედეგად განადგურდა ენერგომომარაგების სისტემა
  • კრიპტოვალუტის მაინინგთან „ბრძოლა“, რომელიც მოიხმარდა დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს
  • პანდემიის გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა
  • ვაქცინის ნაკლებობა; ქვეყნის საგარეო ვალის ზრდა და ა.შ.
იზიდა ჭანია
იზიდა ჭანია

იზიდა ჭანია ეჭვობს, რომ „ქვეყანას მიზანმიმართულად“ ანგრევენ, თუმცა, მისი თქმით, უცნაური ის არის, რომ არც არავინ ცდილობს ამ ეჭვების გაფანტვას. ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც, ჭანიასვე თქმით, ცნობილია როგორც „ტვინების გამორეცხვის“ დიდოსტატი, მეორე პრემიერობის დროს ერთხელაც არ გასულა ხალხში და ერთი პრესკონფერენციაც არ გაუმართავს, მთავრობის სხდომებს კი არ იწვევს პანდემიის მომიზეზებით.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩამოთვილი პრობლემებიდან არცერთი არ დაედო საფუძვლად ანქვაბის გადადგომის მოთხოვნას. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მასხრად აიგდო მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი და, შესაბამისად, მისი მჩუქებლებიც - აფხაზი მეწარმეები და მოსკოვის აფხაზური დიასპორა.

„სიტუაცია იმდენად უცნაური იყო, რომ მზად ვარ, ვივარაუდო: ანქვაბი პროვოცირებას უკეთებს რიტუალს, რომელიც ჩვეულებრივ წინ უსწრებს ხოლმე პრეზიდენტის გადადგომას, თუმცა უფრო სარწმუნოა ვიფიქროთ, რომ პრემიერ-მინისტრი ცდილობდა ჯანდაცვის სფეროს ჩავარდნის გამო პასუხისმგებლობის ტვირთის სხვებზე გადაბარებას, მაგრამ ბიზნესმენებმა არაფერი შეარჩინეს მას“, - ამბობს იზიდა ჭანია.

სოხუმი, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა
სოხუმი, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი ძალაუფლების ვერტიკალში სიმბოლური ფიგურაა და პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. პრემიერ-მინისტრი ერთგვარი განტევების ვაცია, რომელსაც პრეზიდენტი პერიოდულად თავის ცოდვებს აჰკიდებს ხოლმე, რათა თვითონ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნოს სავარძელი. რეალურ გავლენას პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ვერ ახდენს, შესაბამისად, როგორც იზიდა ჭანია ამბობს, აფხაზეთის ოპოზიციის მცდელობა, გადააყენოს ალექსანდრ ანქვაბი, ერთგვარი სიზიფეს შრომაა, მით უფრო, რომ შესაძლოა ოპოზიციაზე მეტად თვითონ ასლან ბჟანიას ინტერესებში იყოს ანქვაბისგან გათავისუფლება. დე ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განსხვავებული ხედვები ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე ამის ერთ-ერთი ნიშანია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ანქვაბს შორის დაპირისპირებამ ჯერ კიდევ ანქვაბის ავადმყოფობამდე იჩინა (2020 წლის დეკემბრიდან კოვიდით დაავადებული ანქვაბი რამდენიმე თვე მიერთებული იყო აპარატზე) თავი, როცა დე ფაქტო პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს განსხვავებული პოზიციები აღმოაჩნდათ კრიპტოვალუტის მოპოვებასა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„ალექსანდრ ანქვაბის ავადმყოფობის დროს ასლან ბჟანიამ გააუქმა კრიპტოფერმები, რასაც დიდი რაოდენობით ელ. ენერგია მიჰქონდა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ენგურჰესზეც. მოკლედ, როცა ანქვაბი დაბრუნდა, ბჟანიას ყველაფერი ხელში ჰქონდა აღებული. თუმცა, როგორც ჩანს, ბჟანია ძლიერი მმართველი არ არის, რადგან პარალელურად გაძლიერდა ოპოზიცია, რომელმაც, დაინახა რა გაუცხოება დე ფაქტო პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ანქვაბს დაარტყა. ვითომ ეხმარება ბჟანიას ანქვაბის მოცილებაში, სინამდვილეში კი სურს ბჟანიასთან პირისპირ მარტო დარჩენა. ასეთი სტრატეგია აირჩია ოპოზიციამ ანუ ცდილობს შუაში გახლიჩოს ანქვაბისა და ბჟანიას კავშირი. ასლან ბჟანიაც დიდად არ ეწინააღმდეგება ოპოზიციის მცდელობას და ამით ნიშანს აძლევს ოპოზიციას, მზად ვარ ანქვაბი დავთმო. თუ ძალიან მაღლა აიწევს ტემპერატურა ოქტომბრის გამოსვლების დროს, თუ ძალიან ბევრი ხალხი გავა ქუჩაში, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილების მიღება, ალბათ, არ გაუჭირდება“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის აპრილში გახდა. 2011-2014 წლებში ეკავა ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა. 2005-2012 წლებში მასზე განხორციელდა 6 შეიარაღებული თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG