Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს


რაფაელ მურსაკულოვი
რაფაელ მურსაკულოვი

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს შეხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას.

„იგი დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ სიღრმისეულ პასუხებს ვერ გაგცემთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გადმომეცემა, გავეცნობი სრულყოფილად და მას შემდეგ მექნება საშუალება დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, - გვითხრა ადვოკატმა.

მურსაკულოვი შსს-მ 8 სექტემბერს დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„TV პირველმა“ გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმად მურსაკულოვი მთაწმინდის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ამავე დოკუმენტის თანახმად, მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

გარდა ამისა, მურსაკულოვი ჩანს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რასაც თავად ზარქუა გამოეხმაურა.

„ეს არის 2018 ან 2019 წელი, სადაც ჩვენ მთაწმინდაზე არჩევნები გვქონდა და ერთ-ერთი აქტივისტია, ეტყობა. გვარი და სახელი ვერ გავიხსენე და ფოტოზე მივხვდი მერე. აქ მარტივია ჩვენი პოზიცია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დროს რას წარმოადგენს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, ვინც არ უნდა იყოს”, - ირაკლი ზარქუას კომენტარს „ფორმულა აქვეყნებს“.

„ფეისბუკზე“ კი ზარქუამ დაწერა: „ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ“.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

XS
SM
MD
LG