Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი, 25-სართულიანი კორპუსი ყიფშიძეზე - მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს, მერი მხარს უჭერს  მშენებლობას 


ახალი შენობები ყიფშიძის უბანში
ახალი შენობები ყიფშიძის უბანში

თბილისში, ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერება უნდათ.

ყიფშიძის N1-ში 25-, 19- და 16-სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. მიმდინარე მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია ჩაატარა და ქალაქის მერთან შეხვედრა ითხოვა.

მსვლეობა ყიფშიძის ქუჩაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

ყიფშიძის N1-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 90-იან წლებში დაიწყო. როგორ მაშინ ხშირად ხდებოდა, სამშენებლო კომპანიამ ამოცანას თავი ვერ გაართვა, რასაც ხელი ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამაც შეუწყო. შედეგად, 190-მდე ოჯახი, რომელსაც ამ კორპუსში ბინის მისაღებად ფული ჰქონდა გადახდილი, საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათ ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყეს, თუმცა მოლაპარაკება მხოლოდ „გუმბათი ჰოლდინგთან“ შეძლეს, რომელსაც 2020 წელს მერიამ ნება დართო, თავიდან ჩაფიქრებულზე ბევრად მაღალი კორპუსები აეშენებინა.

„ამ ოჯახებმა ძალიან ბევრ ინვესტორთან ჩაშალეს მოლაპარაკება, რადგან დათმობაზე არ მიდიოდნენ და ისევ იგივე ფართებს ითხოვდნენ, რომელზეც თავიდან იყვნენ შეთანხმებულები. ზოგს 100 კვადრატული მეტრი აქვს და ზოგს - 120. ამიტომ ახლა „გუმბათი ჰოლდინგი“ მათ ამ ფართებს აძლევს და კიდევ ორი იმდენს აშენებს, რომ მისთვის მომგებიანი იყოს“, - ამბობს ყიფშიძის ქუჩის მცხოვრები ლევან ფხაკაძე.

ლევან ფხაკაძე ყიფშიძის უბანზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00

ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია 14 წლის წინანდელი გეოლოგიური კვლევის საფუძველზე, რომელიც 6-17-სართულიანი კორპუსის ასაშენებლად მომზადდა. ასევე ინვესტორს არა აქვს წარდგენილი საგზაო გამტარიანობის დასკვნა. უბანს, რომელიც რამდენიმე ქუჩას მოიცავს, მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს, ცალმხრივი გზით და გადატვირთული პარკინგით.

„მერიის ანგარიშის წარდგენისასა მოვისმინეთ, რომ აღარასოდეს დავბრუნდებოდით იმ წარსულში, რომელშიც გადაწყვეტილებები ქაოსურად მიიღებოდა, თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ. მოვისმინეთ, რომ დასრულდა მავნე პრაქტიკა და კოეფიციენტების გადამეტება, ასევე დამკვიდრდა ტროტუარის სტანდარტი, რაც ჩვენს უბანს ნამდვილად არ ეხება“, - ამბობს ადგილობრივი თამარ კობერიძე.

ნატო ალხაზიშვილი ახალ მშენებლობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

სანდრო ჯორბენაძე ერთ-ერთია, რომელიც დაგეგმილ მშენებლობაში ბინას ელოდება. ამბობს, რომ ხალხი ამ ბინების აშენებას 40 წელია ელის, ამასობაში ბევრი დაბერდა და ზოგი გარდაიცვალა კიდეც.

„უბანი გადატვირთულიაო, ეს თბილისია! ჩვენ ვართ დაზარალებულები. კვარაცხელიაა ერთი, სტუდენტობისას რომ შევიდა სტუდქალაქში, დღესაც იქ ცხოვრობს, პენსიაზე გავიდა კაცი. რას ჰქვია ნაკლები ფართი... ამათ ბაღები და რაღაცეები მოუნდათ, ყიფშიძის ქუჩაა, ის ხომ არ არის, სოფელი, რომ კარგ ჰაერზე იყო“, - ამბობს სანდრო ჯორბენაძე.

თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ მშენებლობა არ შეჩერდება.

„ეს არის შეჩერებული მშენებლობა, სადაც წლების წინ არაკეთილსინდისიერმა კომპანიებმა მცხოვრებლებს ვერ აუშენეს საცხოვრებელი ფართები... ასე რომ, მესმის ამ ოჯახების, ამდენი წელია ბინის გარეშე არიან დარჩენილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ მერთან შეხვედრის შემთხვევაში მშენებლობის პირობების შეცვლას მოახერხებენ. მათი აზრით, შესაძლებელია ისეთი კომპრომისული გამოსავლის პოვნა, როცა ახალი კორპუსები უბნის პარალიზებას არ გამოიწვევს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG