Accessibility links

site logo site logo

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გიორგი გახარიას უპასუხა


პარტიის „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ის მიიჩნევს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

„ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომელის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყონებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყონებლივ, კვლევის დასრულებისთანავე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ექსპერტიზის ბიურო ასევე განმარტავს თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ საკითხს.

„ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტირების გავლის შესახებ, გამოეხმაურა გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატი. როგორც მან თქვა, გეგმავს, ნარკოტესტირება ჩაიტაროს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით", - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ უცხოეთში ნარკოტესტირებას თმის ღერის საფუძველზე ჩაიტარებს.

„ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“

კალაძემ ასევე თქვა, რომ არავინ გაითვალისწინა მისი მოწოდება, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. „შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს“, - დაამატა მან.

გახარია კი ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი არ არის ამოწურული და მხოლოდ ახლა იწყებს მასზე საუბარს.

საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG