Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტ ბექა ყორშიას თქმით, „ოცნების“ ოფისში ოპერატორს ორმა ადამიანმა ხელი ჰკრა და გადმოაგდო


ბექა ყორშია

„მთავარი არხის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას საქმეზე ქარელის პოლიციაში დასრულდა ჟურნალისტ ბექა ყორშიას გამოკითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში ოპერატორთან ერთად იმყოფებოდა.

ყორშიამ გამოკითხვის შემდეგ „მთავარი არხის“ ეთერში გაიხსენა აბლოთიასთან დაკავშირებულ ინციდენტი. „მოაჯირთან მიგვიმწყვდიეს და ორმა მათგანმა ხელი ჰკრა ლევანს და გადმოაგდო. დაენარცხა ძირს. მე მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა. რამდენიმე წამს თვალებს ვერ ახელდა და მეგონა, რომ გაითიშა. შემდეგ მითხრა, რომ ზურგი სტკიოდა საშინლად და ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა“, - თქვა ბექა ყორშიამ.

ჟურნალისტი ჰყვება სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების ეპიზოდსაც და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მას არ დაეხმარნენ და არ უთხრეს მისთვის უცნობი ქარელის ქუჩის მისამართი, რომლის შესახებაც „112“-ის ოპერატორი ეკითხებოდა.

რაც შეეხება ოპერატორის, ლევან აბლოთიას ჯანმრთელობას, ქარელის საავადმყოფოს ექიმმა თქვა: „ავადმყოფის მდგომარეობა არის სტაბილური. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადაგვყავს თბილისში. აქვს საეჭვო ბარძაყის ყელის მოტეხილობა". ამჟამად აბლოთია თბილისში არის გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ის მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით). დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ქარელის მერობის კანდიდატის („ქართული ოცნებიდან") ზაზა გულიაშვილის მტკიცებით, „მთავარი არხის" ოპერატორი არავის გადაუგდია ოფისის მეორე სართულის აივნიდან.

გულიაშვილი რადიო თავისუფლება ელაპარაკა პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ. კანდიდატი განსხვავებულ ვერისას ჰყვება. მან გვითხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. დეპუტატის განცხადებით, ეს არ ყოფილა სიმაღლიდან ვარდნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG