Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული


სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმულით - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, განცხადებას აქვეყნებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ, სწორედ, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ „ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა“. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, ამის საფუძველი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ფაილები, რომლის მიხედვითაც, „თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ ბრალდებაა“.

საპატრიარქოს განცხადებით, „გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთხვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი. „ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება“, - აცხადებს საპატრიარქო.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტიკურია თუ არა ფაილები.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159)“.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. განცხადების თანახმად, ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ჩანაწერების მედიით გავრცელების შესახებ „არ იღებენ ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები... სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG