Accessibility links

site logo site logo

ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან


12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც რომელიმე სხვა ოფიციალური უწყება ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. საჯაროდ გამოხმაურებას არც საპატრიარქო ჩქარობს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამოძიების დაწყებას ითხოვს, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.

გავრცელებული ჩანაწერები მოცულობითია და თუკი მათი ნამდვილობა დადასტურდება, დადასტურდება ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში ტოტალურად უთვალთვალებს და უსმენს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე მაღალი რანგის სასულიერო პირებსაც. ამ მომენტისთვის ჩანაწერებში აღწერილი შეხვედრების და საუბრების ნამდვილობას ადასტურებენ ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების კომუნიკაციის დიდი ნაწილი (იმ მასალებიდან, რაც ამ მომენტისთვისაა შესწავლილი) ყოველდღიურ, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებს ეხება - ჟურნალისტები და პროდიუსერები სტუმრებს გადაცემებში ეპატიჟებიან, ათანხმებენ ინტერვიუებს, აზუსტებენ ინფორმაციას. ჩანაწერების გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია სასულიერო პირების, მათ შორის, მაღალი იერარქების პოლიტიკური განწყობები და ჩართულობა სახელმწიფო მმართველობაში. მასალებში დიდი ნაწილი ეთმობა მათ სექსუალურ ორიენტაციასა და კავშირებს ეკლესიის გარეთ და შიგნით.

ჩანაწერები სხვადასხვა ნიშნით არის დახარისხებული: ცნობები, სექსუალური კავშირები, მოგზაურობების ისტორიები, სატელეფონო საუბრები, პირადი მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრების დეტალები. გავრცელებული ჩანაწერები წლების განმავლობაში შეგროვებული მასალის ფრაგმენტებია და თუ ისინი ნამდვილია, გამოდის, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წლებიდანვე უთვალთვალებს და აგროვებს კომპრომატებს საპატრიარქოს წევრებსა და სასულიერო პირებზე.

რას ვიგებთ ჩანაწერებიდან ეპისკოპოსების შესახებ

სექსუალური კავშირები

ჩანაწერების ერთი ნაწილი სასულიერო პირების პირად ცხოვრებას და კავშირებს ეხება. დაწვრილებითაა აღწერილი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” მქონე სასულიერო პირების კავშირები და „მრუშობის” ფაქტები. ვხვდებით პედოფილიის და ინცესტის შემთხვევებსაც.

პოლიტიკური სიმპათიები

ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი აღწერს ეპისკოპოსების პოლიტიკურ განწყობებს. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მაგალითად, რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობს გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომა არ მოეწონა. „ერთი ნათელი წერტილი ეგ იყო ქართულ ოცნებაში და ეგეც გადადგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანას კულუარულად კვლავ მართავს ბიძინა ივანიშვილი“, - უთხრა ეპისკოპოსმა მისივე ეპარქიის არქიმანდრიტს, სტეფანე კორინთელს, სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრისას, იმ ფაილების მიხედვით, რომლის ავთენტურობა არ არის დადასტურებული.

ამავე, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან ირკვევა ისიც, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი კმაყოფილია ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებით.

„შეწყდება ეკლესიაზე გახშირებული თავდასხმები და ყველაფერი დალაგდება”, - ეუბნება ეპისკოპოსი ვაკის სამების ტაძრის მღვდელმსახურს, მიქაელ წულუკიძეს და იქვე ამატებს, რომ ის ღარიბაშვილს ბრიუსელში დადებითად ახასიათებდა „უცხოელებთან”.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომას „გადათამაშებად” მიიჩნევდა. ილია მეორის ძმისშვილმა მისსავე ეპარქიაში არსებული პანსიონის დირექტორს, სიდონია დარჩიას ამ თემაზე საუბრისას უთხრა: „ბიძინამ რაც გვიწინასწარმეტყველა, ხომ გახსოვს, ახალ პარტიას ჩამოაყალიბებს და ოპოზიციის სახით მოგვევლინება”.

გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობილი არ არიან დავითგარეჯის მონასტრის ბერები - არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც „კარტოგრაფების საქმეზე” პროკურატურის ერთ-ერთი საკვანძო მოწმეა, თვლის, რომ გახარიას მისმა და ბოდბელი ეპისკოპოსის „წყევლამ უწია”.

ფაილების დასახელება
ფაილების დასახელება

როგორ ერევიან სასულიერო პირები სახელმწიფო მართვაში

ჩანაწერები, თუ ისინი ნამდვილია, აჩვენებს, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველა სასულიერო პირს, მეორე მხრივ კი, ეპისკოპოსები საჯარო მოხელეებს აიძულებენ მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები.

მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ალავერდის მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრ სოზარ სუბართან საუბრისას უარყოფითად შეაფასა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის პიროვნება”. ალავერდელ ეპისკოპოსს არ მოსწონს დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მცხეთის გენერალური გეგმის შესახებ. დიმიტრი ხუნდაძე არც სოზარ სუბარს მოსწონს - ის ჰპირდება დავით მახარაძეს, რომ უახლოეს მომავალში ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან, თეა წულუკიანსა და პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად შეხვდება მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს, „რათა საბოლოოდ დაესვას წერტილი ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებულ გაუგებრობას”.

ნამახვანჰესის თემა

გავრცელებული ფაილების მიხედვით, ასეთი იყო ნამახვანჰესის პროტესტის არქიტექტურა - ჰესის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორები დეტალურად უთანხმებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს ეპისკოპოს სტეფანე კალაიჯიშვილს. ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც ამავდროულად მართავს ჭყონდიდის ეპარქიასაც, 2021 წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უთანხმებს შეხვედრას. სტეფანე კალაიჯიშვილი სთხოვს ვარლამ გოლეთიანის მამას, რომელიც მის ეპარქიაში მღვდელია, „დაისვენოს” მისმა ვაჟმა, სანამ მინისტრთან შეხვედრას არ გამართავს. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას გულშემატკივრობენ სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, რომელიც თვლის, რომ „ამ ტერიტორიას თურქები არ უნდა დაეპატრონონ” და ასევე მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელანი, რომელიც ჰესის მოწინააღმდეგეებს „სრულ მხარდაჭერას” ჰპირდებოდა 2021 წლის თებერვალში.

დაძაბულობაა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ქუთაისის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს შორის, რომელმაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ბაგრატის ტაძარში გალობის უფლება ჩამოართვა ვარლამ გოლეთიანს, თავისი ეპარქიის სასულიერო პირებს კი უთხრა, რომ თუკი აქციებში მიიღებდნენ მონაწილეობას, მღვდელმსახურებას შეუჩერებდა. ნამახვანჰესის აქციებში ჩართული პრორუსული განწყობების მქონე, ჰომოფობიური და კონსერვატიული იდეების გამტარებელი “ქართული იდეის” თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა თვლის, რომ „ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა, მათ შორის, მღველმთავარიც, არ უნდა დაინდონ”.

ლევან ჩაჩუა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებში ჩართულ ერთ-ერთ აქტივისტს, ზურაბ მესხს 2021 წლის თებერვალში, სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრისას ეუბნება, რომ „აუცილებელია თვეში ერთხელ დაიგეგმოს ფართომასშტაბიანი აქციები, რითიც ხელისუფლებას შეახსენებენ მათ ერთიანობას”. მისივე თქმით, საწვავის ფული უნდა დაურიგდეს იმ აქტივისტებს, რომლებიც მზად არიან სპონტანურად გააპროტესტონ ხეობაში „ენკას” მიერ სამუშაოების განახლების ყოველი მცდელობა.

ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, სუს-ი უსმენდა არა მხოლოდ აქტივისტებსა და სასულიერო პირებს, ასევე მეცნიერებს, მათ შორის - თეა გოდოლაძეს, ნინო ჩხობაძეს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მწვანე ალტერნატივისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებს.

პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი სასულიერო პირების მხარეს და კარტოგრაფების წინააღმდეგ

სასულიერო პირების აქტიურობა აშკარაა „კარტოგრაფების საქმის” გამოძიებასთან დაკავშირებითაც. დავითგარეჯის ლავრის არქიმანდრიტი კირიონი სისტემატურად ესაუბრება ამ თემაზე მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონ ქიტიაშვილს. ორივე უკმაყოფილოა, რომ დაკავებული კარტოგრაფები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების გამო უკმაყოფილოა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძეც. ის რეჟისორ გოგა ხაინდრავას უზიარებს თავის იმედგაცრუებას სასამართლოს გადაწყვეტილებით - თავის მხრივ, გოგა ხაინდრავა ეუბნება, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს 13 ასურელი მამის მიერ საქართველოში დაარსებული მონასტრების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, სადაც ბევრი დრო დაეთმობა დავითგარეჯის კომპლექსს.

ამ საქმით გამოძიების საწყის ეტაპზე კმაყოფილი იყო პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელიც პირად საუბრებში იწონებს დავითგარეჯის საკითხზე მთავარი პროკურატურის მუშაობას და განმარტავს, რომ ამ საქმეზე პროკურატურიდან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ. დიმიტრი ლორთქიფანიძე „კარტოგრაფების საქმეს” მიიჩნევს შესაძლებლობად, გასამართლდნენ მიხეილ სააკაშვილი და ივანე მერაბიშვილი, რის შემდეგაც „საქართველოში საბოლოოდ დაიწყება პარტია “ენმ”-ს საბოლოოდ განადგურების ეტაპი, რაც გამოიხატება პარტიის ლიდერების სახლში მივარდნით და პარტიის ოფისების დაწვით”.

სხვა ჩანაწერის მიხედვით, დიმიტრი ლორთქიფანიძე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, დიმიტრი ქართლელიშვილს, რომელიც მას უყვება, როგორ ემუქრებიან სოფელ უდაბნოს ბინადრები ივერი მელაშვილს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ეუბნება, რომ აქვს ტაბელური მაკაროვი 4 მჭიდით და მზად არის მელაშვილი „კედელთან მიაყენოს” და „ციხეში წავიდეს”.

არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი დიმიტრი ლორთქიფანიძისა და „კარტოგრაფების საქმესთან” დაკავშირებით: გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის არასაიდუმლო საქმის წარმოების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი ქართლელიშვილი დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეუბნება, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ახალი კომისიის ჩამოყალიბება, რომლის წევრიც, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, აუცილებელია, რომ იყოს ლორთქიფანიძეც. ეს საუბარი სავარაუდოდ ჯერ კიდევ მაშინ გაიმართა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ვინაიდან გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეუბნება, რომ კომისიაში მოხვედრა მას გაუმარტივდება, თუკი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან რეკომენდაციას გაუწევს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, ნოდარ ხორბალაძე. კიდევ სხვა ჩანაწერი უკვე იმაზე მიუთითებს, რომ შეხვედრა ნოდარ ხორბალაძესა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის შედგა.

კიდევ ერთხელ, ჩანაწერების შესახებ

ვებსაიტი, რომელიც ამ დროისთვის ათასობით ფაილს აერთიანებს, შეფერხებებით მუშაობს საქართველოში.

ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო შეუძლებელია იმის თქმა, ახლდება თუ არა საიტის კონტენტი მას შემდეგ, რაც ის საჯარო გახდა. არც იმის თქმაა შესაძლებელი დაზუსტებით, ვინ ან რამდენი ადამიანი დგას მის უკან.

საიტზე არსებული ფაილები, რომელთა ავთენტურობა არ არის დადასტურებული, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია - მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა იქ არის ჩანაწერები სხვა კონფესიების სასულიერო პირებზეც. ცალკე არსებობს სასულიერო პირების სია, ვინც შეიძლება პოლიტიკურად აქტიური იყოს წინასაარჩევნო პერიოდში. არსებობს ლგბტ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების ნუსხაც და მათი ჩამონათვალიც, ვინც 17 მაისს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე იმუშავებს საზოგადოებასთან.

სახელმწიფოს დეტალურად აქვს აღნუსხული ეპისკოპოსების შემოსავლები, ქონება, ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ დახასიათებებში ვხვდებით იმ პირებსაც, ვისთანაც სასულიერო პირებს სექსუალური კავშირები ჰქონდათ და ინფორმაციასაც წარსულში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.

ამ დრომდე, ეს არის სავარაუდოდ სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ფაილების გასაჯაროების ყველაზე მასშტაბური ფაქტი - მხოლოდ 2021 წელს, მედიებმა მოიპოვეს სავარაუდოდ სუს-ის მიერ მომზადებული მსგავსი ჩანაწერები სკოლის დირექტორებზე, ჟურნალისტებსა და მმართველი პარტიის წევრებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG