Accessibility links

site logo site logo

კალაძე: არავის არ უთქვამს რომ გიორგი გახარია ნარკომანია


კახა კალაძე, გიორგი გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას შეკითხვას უპასუხა ოპონენტმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გახარიასთვის არავის დაუბრალებია, რომ ის წამალდამოკიდებულია.

„დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები. შენ იზიარებ, კონკრეტულად კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა?“ - მიმართა „პირველი არხის“ ეთერში მიმდინარე დებატებზე გახარიამ კალაძეს.

კახა კალაძემ გიორგი გახარიას ასე მიმართა: „ნარკომანობასთან დაკავშირებით მემგონი არავის დაუბრალებია და არავის არ უთქვია ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.

რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე [პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა]. მე არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში კაცი ვარ და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. მე არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“.

გახარიამ ასევე ჰკითხა კალაძეს დათანხმდება თუ არა მასთან პირისპირ დებატებზე.

„გიორგი, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა. არჩევნებზე ნახოთ, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, პირადად თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხო არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ...“ - თქვა კალაძემ.

მართალია, კალაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის არავის დაუბრალებია, რომ ის „ნარკომანია“, თუმცა ყოფილი პრემიერის წამალდამოკიდებულების შესახებ არაერთხელ ილაპარაკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან გახარიას 17 სექტემბერს „კოკაინშიკი“ უწოდა.

ავსტრიაში ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგაც, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია კვლავ კოკაინის მომხმარებლად მოიხსენია. თუმცა მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახარია კოკაინს არ მოიხმარდა.

„ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი და ა.შ.“

როდესაც ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არა მარტო ნარკოტიკებთან.

კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანები ძალიან საეჭვო კავშირებთან არიან მხილებულები. როდესაც ნიკა მელიას გამო გადადგები, ამის შემდეგ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა.

2 ოქტომბერს ჩატარდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG