Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლების დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ, მოსწავლეთა მშობლები არიან თუ არა აცრილები


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა სკოლის დირექტორების მიმართ გაცემული რეკომენდაციის შესახებ.

„დირექტორებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ყველა მათგანმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი [თანამშრომელი], რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას დანარჩენი, ვინც არ არის აცრილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია უკავშირდება სკოლების მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს.

„დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები, როგორ არიან აცრილნი. ასევე მოუწოდონ მათ აცრისკენ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები და ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილები“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, 4 ოქტომბრიდან სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. სწავლის პროცესში მოსწავლეები (ყველა კლასი) ვალდებულები იქნებიან, ატარონ პირბადე.

პარალელურად მშობლებს უფლება მიეცათ, რომ ბავშვები ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, აქტიურად განიხილება და საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი გადაწყვეტილებები, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვების აცრასთან დაკავშირებით.

„ორი მიდგომა აქვს NCDC-ს, პირველი, ეს არის საყოველთაო, როდესაც 12 წლის ზევით ყველა ბავშვი იცრება. მეორე, იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები, რომელთა სიაც საკმაოდ გრძელია. ასევე მშობლების სურვილით“, აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მიდგომაზე გაკეთდება არჩევანი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად:

  • 28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა
  • სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%
  • სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.5%
  • 27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG