Accessibility links

site logo site logo

ისევ დისტანციური სწავლა? - ბავშვების ნაწილი სახლში დარჩა


ორი დღეა სკოლები ღიაა, მოსწავლეები კლასებში დაბრუნდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ბავშვების ნაწილი ისევ სახლში რჩება და გაკვეთილებს ონლაინ ესწრება. არიან თუ არა თანაბარ პირობებში ისინი, ვინც სახლიდან იღებს განათლებას?

9 წლის გაბრიელის დედას, თამთა მუმლაძეს კორონავირუსის დელტა შტამის და მისი შემდგომი გართულებების ეშინია, რადგანაც ბავშვებშიც რთულად მიდის ხოლმე, ვიფიქრე, ცოტა ხანს დავიცდიო - ამბობს, ამიტომ ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით გადაწყვიტა, რომ მის შვილს დროებით, ერთი თვით მაინც, ისევ ონლაინ ესწავლა.

გაბრიელის კლასელები სკოლაში დაბრუნდნენ, გაბრიელს კი 2 დღეა სხვა მასწავლებლები და პარალელური ჯგუფებიდან შეკრებილი კლასელები ჰყავს.

„მხოლოდ მათემატიკის მასწავლებელია იგივე. [გაბრიელის] დამრიგებელი ძალიან კარგად მუშაობდა, გაკვეთილებისთვის მცირე დრო იყო გამოყოფილი, მაგრამ ის ზედმეტადაც რჩებოდა, სანამ ყველას ყველაფერს არ აუხსნიდა. ახალ მასწავლებლებს სკოლაშიც აქვთ გაკვეთილები და ზუსტად 20 წუთში თუ არ გავიდნენ [ონლაინპროგრამიდან], სხვა გაკვეთილებზე დააგვიანდებათ“, - გვეუბნება თამთა მუმლაძე.

გაბრიელს და მის ყოფილ კლასელებს ცხრილიც განსხვავებული აქვთ, მეოთხეკლასელები ინგლისურს კვირაში სამჯერ სწავლობენ, გაბრიელს ონლაინრეჟიმში ეს საგანი მხოლოდ ერთხელ აქვს.

მარცხნივ დისტანციური მეცადინეობის ცხრილია, მარჯვნივ სკოლის გაკვეთილები
მარცხნივ დისტანციური მეცადინეობის ცხრილია, მარჯვნივ სკოლის გაკვეთილები

თამთას ორმაგი დატვირთვა აქვს - ბავშვი პროგრამას რომ არ ჩამორჩეს, გაბრიელს ამეცადინებს იმას, რასაც ონლაინგაკვეთილების დროს ასწავლიან და იმასაც, რასაც სკოლაში დამრიგებელი აძლევს მის თანატოლებს.

ამ მომენტისთვის, დისტანციურად განათლების მიღებას, საჯარო სკოლების 24 000 მოსწავლე აგრძელებს, 600 000 კი კლასებს დაუბრუნდა. მათ შორის 150-ე საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეების 14 % დარჩა ონლაინრეჟიმზეო, - გვეუბნება მანანა ჯადუგიშვილი, 150-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.

გაკვეთილების ხანგრძლივობა და სიხშირე აქაც იგივეა, სკოლები მიჰყვებიან დისტანციური სწავლების იმ წესებს, რომლებიც 2020 წელს განათლების სამინისტრომ დაადგინა.

წესებში განსაზღვრულია, რომ პირისპირ სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. „მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი“:

I- IV კლასებში 1 საათი, V- IX კლასებში 1.5 საათი, X-XII კლასებში კი 2 საათი.

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის:

ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

რეკომენდებულია დღეში არა უმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

ამავე წესს მიჰყვება 150-ე სკოლაც. „სრულიად გამორიცხულია, იგივე დრო გაატაროს ბავშვმა ეკრანთან დისტანციური სწავლების დროს, რაც კლასში, არაპროდუქტიულია და არც მოგისმენს, ამიტომ გავითვალისწინეთ სამინისტროს რეკომენდაცია. არ არის საკმარისი, როცა 7 საათი ეთმობა საგანს და აქედან 3 უნდა ჩავუტაროთ, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა საგანი ელექტრონული პრეზენტაციებით მზადდება და თან ერთვის მასწავლების ხმის ჩანაწერი”, - ამბობს 150-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, მანანა ჯადუგიშვილი.

იმისთვის, რომ მასწავლებლები, გაბრიელის შემთხვევის მსგავსად, სხვა საგნებზე „გასაქცევები“ არ გამხდარიყვნენ, სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ონლაინგაკვეთილები სასკოლო მეცადინეობის შემდეგ ჩატარდებოდა: „წელს ასე გადავწყვიტეთ, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 3 საათიდან დაიწყებოდა დისტანციური სწავლება და არის ძალიან კომფორტული, რადგან მასწავლებელი დღის განმავლობაში რომც ატარებდეს გაკვეთილებს, აქვთ დრო, რომ შეისვენონ და დისტანციური სწავლება განაგრძონ. უფრო მერე გამოჩნდება, რა დააკლდათ მოსწავლეებს ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ესაა ჩვენი რეალობა“, - გვითხრა მანანა ჯადუგიშვილმა.

განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი აფასებს საქართველოში ონლაინსწავლების ხარისხს და ამბობს, რომ ამ პროცესს ძნელია დაარქვა დისტანციური სწავლება, ეს უფრო ელექტრონული რესურსებით გამდიდრებული ტრადიციული სასწავლო პროცესია.

თამარ მოსიაშვილი
თამარ მოსიაშვილი

„ეს არის ის, რაც ჩვენმა არაჩვეულებრივმა მასწავლებლებმა შეძლეს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დისტანციური სწავლების პორტალებზე სხვადასხვა თემები და სასწავლო კურსები არ აწყობილა და სახელმწიფოს დრო არ დაუხარჯავს ამაზე. [მასწავლებლებს] ვებინარები და პატარა ტრენინგები უტარდებოდათ, მაგალითად, როგორ ესწავლებინათ დისტანციურად ბავშვებისთვის და მიეცათ დავალებები, მაგრამ კონკრეტულად როგორ ააგონ სასწავლო კურსები დისტანციური სწავლებისთვის, ასეთი არ ყოფილა“, - ამბობს იგი.

სანდრო ასათიანი, განათლების სამინისტროს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი, მოვლენის პოზიტიურ მხარეს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები, სწავლობდნენ ონლაინკომუნიკაციის და ციფრული წიგნიერების საწყისებს, საიტზე დარეგისტრირებას, მოსწავლის გვერდის შექმნას, მის მართვას და ა.შ.

სანდრო ასათიანი - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი
სანდრო ასათიანი - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი

„რთული პროცესია, ნელა მიდის, მაგრამ ეს ნახტომი არის, მასწავლებლებმაც უფრო მეტად დაიწყეს ელექტრონული რესურსების გამოყენება. ზოგი სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, რომლის ფარგლებშიც საგნების ნაწილი დისტანციურად ისწავლება. მაგალითად, კომპიუტერული ტექნოლოგიების შემთხვევაში სწავლება კომპიუტერულ ლაბორატორიში მიმდინარეობდა, რაც ერთ სივრცეში სხვადასხვა კლასების მოსწავლეების შესვლას გულისხმობს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ერთ ოთახში სხვადასხვა კლასის მოსწავლეების შეყვანა კი არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ზოგ სკოლაში ეს და რამდენიმე სხვა საგანი დისტანციურ რეჟიმში დარჩა.

რა თქმა უნდა, დღეს დისტანციური სწავლება ვერ ჩაანაცვლებს კლასში სწავლებას, მაგრამ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობის გამო მიღებული მოცემულობა“, - გვეუბნება სანდრო და ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს გვიზიარებს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შეიქმნა, იმისთვის, რომ შემეცნების პროცესი უფრო ინტერაქციული იყოს.

„ინტერაქციული ანბანი“

„სიტყვობანა“

„მარცვლობანა“

„ვსწავლობთ თამაშით“ ... და ა.შ

განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში, ისევ მშობლებმა უნდა იტვირთონ მასწავლებლის როლი და შეუვსონ ბავშვებს ის დანაკარგი, რაც დისტანციურ სწავლებას ახლავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG