Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო დოლიძე: ფაქტია, საუბნო კომისიებს უჭირთ შემაჯამებელი ოქმების სწორად შედგენა


ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოიკვეთა, საუბნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების სწორად შედგენის პრობლემაა. მისი თქმით, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ პრობლემას არ მოაგვარებს, მანიპულაციის ეჭვები იარსებებს:

„ფაქტი ნამდვილად არის ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ძალიან უჭირთ შემაჯამებელი ოქმების სწორად შედგენა ქვეყნის მასშტაბით. ეს არის პრობლემა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამას სხვაგვარად უნდა მიხედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ჩნდება ეჭვები, რომ ეს შესაძლებელია იყოს მანიპულაცია და არა ტექნიკური ხარვეზი. როდესაც 70, 50 ბიულეტენის ნაკლებობა ან ასევე მეტობაა, ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს ტექნიკური შეცდომებია. ამიტომ ეს პრობლემა ნამდვილად ჩანს და იკვეთება“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, უნდა დადგეს იმ კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც სერიოზული შეცდომები დაუშვეს:

„დისციპლინურ პასუხისმგებლობებს ვაყენებთ ჩვენ ამ კომისიის წევრების, რომ შემდეგ არჩევნებზე ისინი, რომლებსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, აღარ იყვნენ არჩევნებზე წარმოდგენილები. როდემდე შეიძლება, ამ ადამიანებმა დაუშვან შეცდომა? მერე სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ მხოლოდ ან შენიშვნას და შემდეგ ეს ადამიანები აგრძელებენ მუშაობას. ამიტომ ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ გასწორდეს, დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც დაუშვეს შეცდომები. იქ სხვადასხვა ტიპის ზომები აქვს ზემდგომ კომისიას, რომ გამოიყენოს და უნდა გამოიყენოს. როგორ შეიძლება ასე ყველაფერი ვაპატიოთ ამ ადამიანებს, თუნდაც ტექნიკური იყოს“, - განაცხდა ნინო დოლიძემ, რომლის შეფასებითაც შეცდომებს რიგ შემთხვევებში ტექნიკურს ვერ უწოდებ:

„ერთი უბანი გვაქვს, მაგალითად, სადაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხმებში იყო მითვლილი სხვადასხვა სუბიექტების ხმები. შეიძლება ბევრი არ იყო, 2-3 ბიულეტენი იყო გადადებული, მაგრამ იმ პარტიისთვის ამას ხომ აქვს მნიშვნელობა, ვისი ხმაც იყო? ძალიან მიჭირს ხოლმე დაჯერება, რომ ეს ამდენი არის ტექნიკური“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „დილის საუბრებში“.

მისი თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დარღვევების შესახებ ჯამურად 400 საჩივარ-განცხადება წარადგინა როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში. საჩივრები შეეხება როგორც ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს, ასევე სხვა ტიპის დარღვევებს, თუმცა უშუალოდ დისბალანსთან დაკავშირებით, ორგანიზაცია 126 უბნის გადათვლას ითხოვს. ნინო დოლიძე საგანგებოდ გამოყოფს ასევე ბიულეტენების ბათილობის პრობლემას და აღნიშნავს, რომ „სამართლიანი არჩევნები“ 4 უბნის მონაცემების გაბათილებას ითხოვს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დარღვევებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების საჩივრების უმრავლესობა შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსზეა. დარღვევების შესახებ საჩივრებს ამ ეტაპზე საოლქო კომისიები განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG