Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი ახლაც ხდება მანიპულაციის თემა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია(ცესკო) მანიპულაციად აფასებს განცხადებებს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის არსებობის შესახებ.

ცესკოს თანახმად, მან საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები, პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია, ხოლო თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა.

ცესკოს განცხადებით, მიუხედავად ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის:

„საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად, და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია“.

ცესკოს თანახმად, საარჩევნო კომისიებში პარტიული ნიშნით დანიშნული და პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები დეტალურად იყვნენ ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის, ისე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და ასევე, მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც მათი ხელმოწერებით დადასტურდა შემაჯამებელ ოქმებში.

ცესკომ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა 11 159 შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრის, შესწორების და ახსნა-განმარტების სტატისტიკაც:

- განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 65 000-ზე მეტი წევრიდან 8-მ;

- შესწორების ოქმები - სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - 275, ბათილ ბიულეტენებზე - 66, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაზე - 42, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე - 138 და ამომრჩეველთა აქტივობაზე - 41, რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებაზე – 176, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროზე - 292, შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენასა ან არასწორად მითითებაზე - 123, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენაზე – 68, შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონასა ან არასწორად მითითებაზე - 61, შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენაზე - 55 და სხვადასხვა მიზეზით 235.

ცესკოს განმარტებითვე, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი შესაძლოა, ხმას აძლევდეს არჩევნების მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, ან მერისა და პროპორციულ ნაწილში, აქედან გამომდინარე, ასეთი ამომრჩეველი ვერ მიიღებდა სამივე სახის ბიულეტენს.

ცესკოს მონაცემებით, სპეციალურ სიაში (პენიტენციური დაწესებულებები და მიმაგრებული უბნები) ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 6 247, მათგან მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 5 350-ს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება - 4 356-ს.

მეტი იხილეთ აქ

საარჩევნო ადმინისტრაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატები არ ჰყავდათ ყველა მაჟორიტარულ ოლქში. მაგალითად, თბილისში 31 საარჩევნო სუბიექტს წარდგენილი ჰყავდა მაჟორიტარობის 12 და მერობის 16 კანდიდატი. ცესკოს ვარაუდით, ის ამომრჩევლები იმ სუბიექტებისა, რომლებსაც არ ჰყავდათ ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატი, არჩევანს აკეთებდნენ მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, დანარჩენ შემთხვევაში კი საარჩევნო ბიულეტენში არ ხაზავდნენ არცერთ კანდიდატს, რადგან ამ ბიულეტენებში მათთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი არ იყო წარმოდგენილი, ეს რეალობა კი ბუნებრივად იწვევდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ზრდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG