Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური "ცუღლუტობა" თუ რეალური შეთავაზება - ვის სჭირდება გახარიას მანდატები?


გახარიას პარტიის მანდატებს "ოქროს ფასი" დაედო იმ საკრებულოების შემთხვევაში, სადაც უმრავლესობის შექმნის საკითხი სათუოა. 2 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში პარტიამ "საქართველოსთვის" მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა და 100-ზე მეტი მანდატი მიიღო.

ზოგიერთ საკრებულოში სწორედ გახარიას პარტიის ხმებს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევისა თუ ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების დროს.

ექსპრემიერი აცხადებს, რომ კოალიციას არ შექმნის არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ პირობას დებს, რომ „უპირობოდ“ დაუჭერს მხარს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელზეც ეს ორი პარტია შეთანხმდება.

ინიციატორმა უკვე მიიღო როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის უარი მოლაპარაკებების „ღია სამმხრივ“ ფორმატზე. პარტიაში ახლა უფრო დამაჯერებელ უარს ელოდებიან.

  • როგორ მოიქცევა პარტია „საქართველოსთვის“, თუკი მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები ბოლომდე უარზე დარჩებიან?
  • რა ამოძრავებს ექსპრემიერს და რამდენად რეალისტურად გამოიყურება მისი ინიციატივა?
  • მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ არა გახარიას „ოქროს მანდატებს“?

რა უნდა გახარიას?

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ 7 ოქტომბერს თქვა, რომ, არჩევნების შედეგებით, მის პარტიას საქართველოს მასშტაბით „ბევრგან“ აქვს შესაძლებლობა, „გადამწყვეტი ხმა“ ჰქონდეს როგორც საკრებულოების საკადრო შემადგენლობის დაკომპლექტებაში, ასევე თავმჯდომარეების არჩევაში.

ამ მოცემულობას ექსპრემიერი განიხილავს ბერკეტად ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ და შუამავლის როლის მორგებასაც ცდილობს. გახარიას გეგმით, მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოს თანამდებობები ერთმანეთში დაბალანსებულად უნდა გადაინაწილონ.

„ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების პერსპექტივას „აბსურდსა“ და „უტოპიას“ უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მით უფრო იმ ფონზე, როცა პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ისევ საპატიმროში რჩება.

ენმ-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ შუამავლობაზე ფიქრის ნაცვლად, გახარიამ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოს - ან ოპოზიციის სასარგებლოდ, ანდა „ოცნების“ სასარგებლოდ და ამით ისიც გაირკვევა - არის თუ არა ის „ბიძინა ივანიშვილის პროექტი“.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „მოღალატის პარტიასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია და საკრებულოებში დახმარება საერთოდ არ დასჭირდებათ.

ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ მყარ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის - იქაც, სადაც ამჟამად საპირისპირო სურათი იხატება.

როგორ? რის ხარჯზე?

„ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ უბრალოდ - დაიშლება და საკრებულოს წევრებს ინდივიდუალურ რეჟიმში მიიმხრობენ.

„კონკრეტულ საკრებულოს წევრებთან ვიმუშავებთ“, - თქვა კობახიძემ.

უფრო ადრე და არაერთხელ, „ქართული ოცნების“ დაშლასთან დაკავშირებული პროგნოზი გააკეთა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ მიერ დათვლილი მაჩვენებლებით, საქართველოს მასშტაბით 2068 მანდატი ასე გადანაწილდა:

  • 66% - „ქართული ოცნება“;
  • 25% - „ნაციონალური მოძრაობა“;
  • 9% - ყველა სხვა პარტია.

რეალისტურია თუ არა შეთავაზება?

გიორგი გახარიას მიერ გახმაურებულ ინიციატივას პოლიტიკურ „ცუღლუტობას“ უწოდებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. მას არაფრით წარმოუდგენია, რომ ასეთი „გამოგონილი გეგმა“ წარმატებით იმუშავებს და მით უფრო - ქართულ რეალობაში.

„არ გამოდის ეს პოლიტიკაში, ვერ ითამაშებ მრავალპარტიულობას... გახარია ახლა ორივე მხარის ზეწოლას გრძნობს: ერთი მხარე ეუბნება, თუ რეალური ოპოზიცია ხარ, ოპოზიციასთან უნდა იდგეო; მეორე მხარე ეუბნება - რომ დაიბადე, მას შემდეგ ნაცი ხარო... ჰოდა, გახარიაც გამოსავლის პოვნას ცდილობს, მაგრამ ეს არ არის რეალური გამოსავალი. პოლიტიკურ ცუღლუტობას ჰგავს ეს“, - გვეუბნება ძაბირაძე.

ექსპერტისთვის ცხადია, რომ საკრებულოებში, სადაც ესა თუ ის პარტია უმრავლესობის ფორმირებას დამოუკიდებლად ახერხებს, ყველანაირი მოლაპარაკება ზედმეტი იქნება; ხოლო იქ, სადაც რომელიმე პარტიის მანდატს ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება, ამ პარტიამ საკუთარი მხარდამჭერების კონკრეტული პრობლემების გადაჭრას უნდა მოახმაროს.

პოლიტიკური ჩიხის თავიდან არიდების გამო, პარტიებს ზოგიერთ საკრებულოში შეთანხმება მაინც მოუწევთ - გვეუბნება ყოფილი პოლიტიკოსი, საკრებულოს ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი.

„სხვა რა გზაა, რომ?! თუ ვერცერთი პარტია ვერ ახდენს უმრავლესობის ფორმირებას, უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ დალაპარაკება გახარიას პარტიასთანაც და სხვებთანაც... ყველაფერს ხმები სჭირდება - საკრებულოს თანამდებობების განაწილებასაც და ბიუჯეტის დამტკიცებასაც... თუ თანამდებობებზე ვერ დანიშნავ ხალხს, საკრებულოები როგორ იმუშავებს?! ამიტომ გასაგებია ეს მიდგომა გახარიას პარტიის მხრიდანაც... თან ახალი პარტიაა და თავიც ხომ უნდა გამოაჩინონ“, - გვეუბნება ზურაბიშვილი.

რეგლამენტის თანახმად, თბილისის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის (50 დეპუტატი) ნახევარზე მეტის ხმას საჭიროებს, მაგალითად:

  • საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გადაყენება;
  • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და გადაყენება;
  • ამა თუ იმ კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადაყენება;
  • ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება.

საკრებულოს უფლებამოსილება შესაძლოა ვადამდე შეუწყდეს, თუკი, მაგალითად, „ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“.

ცესკოს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის შექმნა არ გაუჭირდება 5 თვითმმართველი ქალაქიდან 2-ში - თბილისსა და ფოთში. განსხვავებული სურათია რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

სად სჭირდებათ გახარიას პარტიის მანდატები?

ცესკოს საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია და 40-ზე მეტი მანდატისთვის ბრძოლაში მეორე ტურებიც წინ არის. მაგრამ ამჟამად არსებული მდგომარეობით, გახარიას პარტიის მანდატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში (თბილისისა და ფოთის გარდა):

  • ქუთაისი: „ქართული ოცნება“ - 17; ენმ - 15; „საქართველოსთვის“ – 2; მესამე ძალა - 1;
  • ბათუმი: „ქართული ოცნება“ - 16; ენმ - 15; „საქართველოსთვის“ – 3; „ლელო“ - 1;
  • რუსთავი: „ქართული ოცნება“ - 16; ენმ - 15; „საქართველოსთვის“ – 3; მეორე ტური - 1;

ასევე, მაგალითად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში:

  • სენაკი: „ქართული ოცნება“ - 14, „ნაციონალური მოძრაობა“ - 13, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 4, მეორე ტური - 2.
  • წალენჯიხა: „ქართული ოცნება“ - 9, „ნაციონალური მოძრაობა“ - 8, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 4, „ლელო“ – 1, მეორე ტური - 5.
  • ზუგდიდი: „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი ექნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 3, მეორე ტური - 1.

ამ ჩამონათვალს ზუგდიდის საკრებულო დაემატა 8 ოქტომბრიდან, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის გარანტირებულად შექმნის შანსი დაკარგა ენმ-მ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორ უბანზე ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, მოგებულად გამოცხადდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი.

ენმ ამ ფაქტს მწვავედ აპროტესტებს. „ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ სამართლიანობამ იზეიმა.

რა მოხდება მაშინ, თუკი ენმ და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებზე კვლავ უარს იტყვიან? როგორ იმოქმედებს გახარიას პარტია?

როგორც პარტიაში „საქართველოსთვის“ რადიო თავისუფლებას 8 ოქტომბერს უთხრეს, პარტიებისგან „ოფიციალური პასუხის შემდეგ“, საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

„ჩვენ ვიმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ძალთა ბალანსის პრინციპით, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს [ძალაუფლების] კონცენტრაცია“, - აცხადებენ პარტიაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG