Accessibility links

site logo site logo

გაუპატიურებისა და წამების 40 გიგაბაიტი ვიდეო რუსეთის ციხეებიდან


რუსმა უფლებადამცველებმა პროექტ Gulagu.net-იდან განაცხადეს, რომ, ერთ-ერთი პატიმარ-პროგრამისტის დახმარებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა რუსეთში გადაღებული ციხის წამების ვიდეოების უდიდესი არქივი.

პროექტის დამფუძნებლის, ვლადიმერ ოსეჩკინის თქმით, პატიმრების წამების 40 გიგაბაიტი ვიდეო გადაღებულია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მიერ ოფიციალურ, სახაზინო ვიდეოჩამწერებზე. რამდენიმე შოკისმომგვრელი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა, გენერალურმა პროკურატურამ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოკვლევა დაიწყეს, ხოლო დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, მოუწოდა შესაბამის სტრუქუტრებს, „დაადგინონ მასალის ავთენტიკურობა". როგორც ჩანს, მასალა ავთენტიკურია, მისი შინაარსი კი - ჯოჯოხეთური, რასაც ძალადობის მსხვერპლი პატიმრები აღიარებენ.

ირკუტსკის N1 საგამოძიებო იზოლატორში ე.წ. დამამუშავებლებმა (პატიმრებმა, რომლებიც თანამშრომლობენ ადმინისტრაციასთან), თვითმხილველების თქმით, აწამეს და გააუპატიურეს ასზე მეტი დაკავებული და მსჯავრდადებული, ხოლო ანგარსკის N15 კოლონიაში დაახლოებით ათასი ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი. ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტის Gulagu.net–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (მათ შორის, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) ვიდეოარქივის ნაწილი) დაადასტურეს ყოფილმა პატიმრებმა.

უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ირკუტსკის N1 საგამოძიებო იზოლატორში (СИЗО) რეგულარულად ხდებოდა პატიმრების გადაბირება სხვა პატიმრებისა და დაკავებულების წამების მიზნით, წამებას კი ვიდეორეგისტრატორებით იწერდნენ.

  • შანტაჟი და გადაბირება

ირკუტსკელი მეწარმე ვლადიმირ მატუშკეევი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა საგამოძიებო იზოლატორში (СИЗО-N1), ამბობს, რომ რეგულარულად უწევდა ქრთამის გადახდა იზოლატორის ოპერ-რწმუნებულებისთვის, რათა თავიდან აეცილებინა წამება და ძალადობა.

- ფულს ვაძლევდი სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) ოფიცერს და კიდევ 30 ათას რუბლს საკვებისა და სტეროიდების შესყიდვისთვის ვუხდიდი კამერის უფროს დამამუშავებელს, დენის გოლიკოვს და წამების სხვა მონაწილეებს. ძალადობის შემდეგ პატიმრებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ცრუ აღიარებებისათვის და ეთანამშრომლათ გამოძიებასთან შემდგომშიც, ანუ მიეცათ ცრუ ჩვენებები არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვა პატიმრების წინააღმდეგაც. მათ აშანტაჟებდნენ იმით, რომ ძალადობისა და გაუპატიურების პროცესი კამერით ჰქონდათ გადაღებული და ეს „მაკომპრომეტირებელი მასალა“ გამჟღავნდებოდა,- ამბობს СИЗО-N1-ის ყოფილი პატიმარი.

ყოფილი პატიმრის თქმით, ძალადობის და მუქარის გამო, იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ასზე მეტი ადამიანის წამებაში.

- ერთ წელზე მეტი ხანი ვიყავი იზოლატორის "პრეს-ბაითში" და, შესაბამისად, ვიყავი წამების თანამონაწილე. ვხედავდი, როგორ გადასცემდნენ "კარმუშკიდან" ოპერმუშაკები დენის გოლიკოვს ვიდეორეგისტრატორს, რომლითაც გოლიკოვი და მისი თანამზრახველები იღებდნენ წამებასა და გაუპატიურებას, გადაღების დასრულების შემდეგ კი უკან აბრუნებდნენ ჩამწერს, "როგორც კომპრომატის მოპოვებისთვის ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების ანგარიშს". ჩანაწერი კეთდებოდა დაზარალებულის შანტაჟის მიზნით, რათა, დისკრედიტაციის საფრთხის ქვეშ, მას შეესრულებინა ნებისმიერი დავალება. დისკრედიტაციის შემთხვევაში, ანუ თუ სხვა პატიმრები შეიტყობდნენ გაუპატიურების შესახებ, პატიმარი გადავიდოდა "დამცირებულთა კასტაში", ასეთ ადამიანებს კი აკეთებინებენ ყველაზე ბინძურ და დამამცირებელ სამუშაოებს: ისინი წმენდენ ტუალეტებს, კანალიზაციას და ა.შ. იმისათვის, რომ თვითონ გადავრჩენილიყავი, მათ შორის გაუპატიურებას, ყოველ კვირა 30 ათას რუბლზე (დაახლოებით 420 აშშ დოლარი) მეტს ვუხდიდი ადგილობრივ ოპერმუშაკს”, - ამბობს ვლადიმირ მატუშკეევი.

ყოფილი პატიმრის მიერ ნახსენებმა „დამამუშავებელმა“, დენის გოლიკოვმა ადრე Gulagu.net-ს განუცხადა, რომ იგი გადაიბირა ირკუტსკის საგამოძიებო იზოლატორის იმავე ოპერ-რწმუნებულმა და, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მსჯავრდადებული, ის უნდა გადაეყვანათ კოლონიაში სასჯელის მოსახდელად, დატოვეს ადგილზე, იზოლატორში.

Gulagu.net-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში დენის გოლიკოვი, რომელიც აწამებდა და აუპატიურებდა პატიმრებს, ამბობს, რომ ირკუტსკის СИЗО-1-ში შესვლისას იწონიდა 56 კგ-ს (სიმაღლე 173 სმ).

„1წამების მსხვერპლთა ხარჯზე, ოპერმუშაკების ძალისხმევითა და სტეროიდებით, რითაც მას ამარაგებდნენ, გოლიკოვი 117 კგ-მდე დაიბერა, - წერენ ვიდეოს ავტორები, - ნარკოტიკების დახმარებით ააღებინეს ხელი ადამიანობაზე და გადააქციეს სტეროიდებით დატუმბულ წამების მანქანად”.

„საკანში დამტოვეს როგორც შიდადამამუშავებელი, როგორც საგამოძიებო კომიტეტის ბრძანებით ფორმირებული ირკუტსკის საგამოძიებო იზოლატორის (СИЗО-N1) პრეს-ბაითის მწნეხავი”, - უთხრა გოლიკოვმა უფლებადამცველებს ვიდეოდაკითხვისას. - „იზოლატორის "პრეს-ბაითებში" იმყოფებოდა 30-ზე მეტი "დამამუშავებელი", რომლებთანაც, გამომძიებლების მითითებით, იგზავნებოდნენ ის დაკავებულები, რომლებმაც უარი თქვეს გამოძიებასთან "თანამშრომლობაზე". ჩვენ გვაიძულებდნენ მათთან "გვემუშავა" ისე, რომ გამომძიებლებისთვის "საჭირო" და ხელსაყრელი ჩვენებები მიეცათ. სანაცვლოდ, მპირდებოდნენ, რომ ხელს არ მახლებდნენ და მიშუამდგომლებდნენ მოსამართლის წინაშე ვადამდე პირობით გათავისუფლებისთვის. ამისათვის საჭირო იყო მიმეღო აღიარებები განსასჯელების პავლოვის, გლუხიხისა და რიაზანცევისგან“.

  • აწამეს 400-ზე მეტი ადამიანი

ოსეჩკინი ირწმუნება, რომ გოლიკოვისნაირი ათზე მეტი „დამამუშავებლის“, იზოლატორის სამი თანამშრომლისა და ირკუტსკის საგამოძიებო იზოლატორში წამების 30-ზე მეტი მსხვერპლის ჩვენებების შეჯამება საშუალებას იძლევა, ითქვას, რომ ამ იზოლატორში 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა წამება.

- ამ 400-დან 100-ზე მეტმა გამოსცადა წამება და ძალადობა გარყვნილი ფორმით, რაც ოპერატიული თანამშრომლების მითითებით, ჩაიწერეს სასჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის ვიდეორეგისტრატორებზე, - ამბობს ოსეჩკინი.

ვლადიმირ ოსეჩკინი
ვლადიმირ ოსეჩკინი

მის სიტყვებს ადასტურებს კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ბაკოევი (სახელი შეიცვალა მისი თხოვნით), რომელიც ორჯერ იჯდა СИЗО-1– ში (2014 და 2018 წლებში) და სასჯელს ИК-14 და ИК-15 კოლონიებში (მათ შორის, სპონტანური არეულობისას 2020 წლის აპრილსა და მომდევნო თვეებში) იხდიდა.

- ორივე ჯერზე წინასწარი დაკავების იზოლატორში შემაგდეს დამამუშავებლებთან. არანაირი გამოტეხა მე არ მჭირდებოდა - უკვე გასამართლებული ვიყავი ქურდობისთვის, იზოლატორში ველოდი სასჯელის ძალაში შესვლას და კოლონიაში გადაყვანას. ამის მიუხედავად, "პრეს-ბაითის" დამამუშავებლებმა ჰემატომებამდე მცემეს, სულ წიხლებით შემდგნენ. დიახ, არაფრის გამო, უბრალოდ აგრესიის დასაცხრობად მცემეს. როდესაც საჭირო იყო ჩვენების "მიღება", მაშინ წამების სრულიად განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ - რამდენიმე საათი ისე ყვიროდნენ პატიმრები, თითქოს კლავდნენ. თუმცა რატომ "თითქოს"? ფაქტობრივად კლავდნენ კიდეც, - ამბობს ალექსანდრე.

მისი თქმით, 2020 წლის აპრილში, როდესაც სტიქიური არეულობა მოხდა კოლონიაში (ИК-15), სასწაულებრივად გადაურჩა სერიოზულ ტრავმებს.

- არ მესმის, როგორ გადავრჩი - რაღაც სასწაულია. როდესაც სპეცრაზმი შემოვიდა ზონაში, "ნიღბებმა" გაიყვანეს და სცემეს ყველას - ისინი, ვინც პლაცზე გამოვიდნენ ოფიცერთა განუკითხაობის გასაპროტესტებლად და ისინიც, ვინც საერთოდ არ მონაწილეობდნენ პროტესტში და რაზმში ისხდნენ. თანამშრომლებმა ასევე სცემეს ყველას, ვინც საჯარიმო იზოლატორში იჯდა, ისე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

აჯანყებამდე, ეგრეთ წოდებულმა ავტორიტეტებმა სცადეს უფროსობასთან საქმის გარკვევა. არ სცემენ პატიმრებს უმიზეზოდ და პატიმრებიც მშვიდად არიან, მათ შორის სამრეწველო ზონაშიც, სადაც საჭირო რაოდენობა მსჯავრდადებული მუშაობს (მართალია ნებაყოფლობითი საქმეა, მაგრამ ვინ წავა კაპიკებზე სამუშაოდ ნებაყოფლობით?). უფროსობა თითქოს თანახმა იყო, ამბობს, კი, კი, არავის ვახლებთ ხელს უმიზეზოდო, მაგრამ პატიმრების ცემას მაინც განაგრძობდნენ: მაგალითად, მიდიოდა თავისთვის მსჯავრდადებული, თანამშრომელს მოეჩვენა, რომ რაღაც ისე არ შეხედა, ადგა და ხეთქა სახეში.

მორიგი ასეთი ინციდენტის შემდეგ, კვლავ სცადეს ავტორიტეტებმა "მოლაპარაკება", მაგრამ ხისტად გამოაბრუნეს უკან, სწორედ ამის შემდეგ გამოლაგდა ყველა პატიმარი პლაცზე პროტესტის ნიშნად, თუმცა არავინ ყვიროდა და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. პასუხად, გამოიძახეს სპეცრაზმი, რომელიც ყველას გაუსწორდა განურჩევლად აქტიურობისა: მიწაზე დაყრილ ხელებშეკრულ მსჯავრდადებულებს ფეხებით გადაუარეს "ნიღბიანებმა"! რაც შეეხება გაუპატიურებას, კოლონიაშიც ხდებოდა, თუმცა არა ისე მასობრივად, როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ზოგიერთი ამბოხებული წაიყვანეს. იყო საუბრები ცალკეულ პატიმრებზე, რომ „ის“ და „ის“ "დაამცირეს".

ერთს, მახსოვს, ყბა პირდაპირ ორ ნაწილად ჰქონდა გატეხილი - მეორე დღეს ვნახე მწყობრში. რა სამედიცინო მომსახურებაზეა საუბარი? მადლობა თქვი, რომ ცოცხალი ხარ. შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში უკან დააბრუნეს ისინი, რომლებიც „აღსაზრდელად“ დროებითი დაკავების იზოლატორსა და სხვა კოლონიებში იყვნენ გადაყვანილი. დაბრუნდნენ ჰემატომებისგან გაშავებული ფეხებით, თეთრი კანის გარეშე. მათი ნაწილი ასევე „დაამცირეს“, ვიღაც იატაკის ჯოხით, ვიღაცას კი, ხელ-ფეხი შეუკრეს და შუბლზე ასო მიადეს. მიიჩნევა, რომ ასეთ დამცირებასაც გადაჰყავს პატიმარი „დამცირებულთა კასტაში“, რომელთანაც არავინ დაიჭერს საქმეს, - განმარტავს ყოფილი პატიმარი, - მეორე მხრივ, წინასწარი დაკავების იზოლატორში დაბრუნების შემდეგ - ასეთი "დამცირებული" იყო მსჯავრდადებულთა თითქმის მეოთხედი. ათასზე მეტს სცემეს, ასობით გააუპატიურეს.

  • არატოვი, ვლადიმირი, ირკუტსკი...

უკვე რამდენიმე წელია, ადამიანის უფლებათა დამცველები რეგულარულად იუწყებიან რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და ცემის ფაქტების შესახებ. თუმცა ამ საჩივრების შემოწმება ძალიან იშვიათად ხდებოდა, სისხლის სამართლის საქმეები კი უფრო იშვიათად აღიძვრებოდა. კოლონიებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების საკნებიდან ვიდეოარქივის გამოქვეყნებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ აქამდე ანონიმურად მოლაპარაკე პატიმრებისა და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლების სიტყვები, ამჯერად დადასტურდა წამების ვიდეოჩანაწერებით.

4 ოქტომბერს, ვებსაიტ Gulagu.net-ზე, ვლადიმერ ოსეჩკინმა განაცხადა, რომ მათ მოახერხეს რუსეთიდან გაეყვანათ ყოფილი პატიმარ-პროგრამისტი, რომელმაც შეძლო სპეცსამსახურების "საიდუმლო" ვიდეოარქივის კოპირება სარატოვის, ვლადიმირისა და ირკუტსკის რეგიონებში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებების პატიმართა სასტიკი წამების ჩანაწერებით. საუბარია 40 გიგაბაიტზე მეტ ვიდეოზე. რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა პროექტის YouTube არხზე.

ამ არქივის პირველი გამოქვეყნებული ფრაგმენტი იყო გაუპატიურების სცენა: ციხის მსგავს ოთახში რამდენიმე მამაკაცი ჯოხით აუპატიურებდა შიშველ მამაკაცს, რომელიც საწოლზე იწვა. ვარაუდობენ, რომ ფირზე აღბეჭდილი ამბავი ხდება გასული წლის თებერვალში, ხოლო დანაშაული ჩადენილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის სარატოვის განყოფილების ციხის საავადმყოფოს ტუბერკულოზის განყოფილებაში. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა შემოწმება დაიწყო, ხოლო საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის 7 საქმე აღძრა პატიმრების აბუჩად აგდებისთვის.

მოგვიანებით, ყოფილმა პატიმარმა ალექსეი მაკაროვმა, რომელიც იმავე ციხის ტუბერკულოზის საავადმყოფოში იმყოფებოდა 2018-დან 2020 წლამდე, ვიდეოკამერის წინ განაცხადა, რომ იგი ორჯერ აწამეს და სასტიკად გააუპატიურეს ამავე საავადმყოფოში.

- სადისტებმა გამაუპატიურეს და მაწამეს ორჯერ - 2020 წლის 18 თებერვალს და 2020 წლის 14 აპრილს. ყველაფერი მოხდა ტუბერკულოზის განყოფილებაში. მანამდე ფული გამომძალეს. დავთანხმდი და გადავეცი 50 ათას რუბლზე (596$) მეტი იმ რეკვიზიტების შესაძენად, რომლებზეც მიმითითა განყოფილების უფროსის თანაშემწემ, მაგრამ მათ მაინც გააკეთეს ეს. თან გადაიღეს ვიდეორეგისტრატორზე, - თქვა მაკაროვმა.

ოსეჩკინის თქმით, 2020 წლის ივნისში, უფლებადამცველებთან პირველი გასაუბრების შემდეგ, ალექსეი მაკაროვმა საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა განცხადება გამოძალვისა და გაუპატიურების შესახებ.

- მაგრამ ჯერჯერობით, ამ საჩივარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. სახელმწიფომ არ მიიღო არანაირი ზომები წამების მსხვერპლის დასაცავად და სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ ჩადენილი გაუპატიურების მთელი სერიის გამოსაძიებლად. მეტიც, ვიდეოარქივის ჩვენს ხელში მოხვედრამდე ერთი კვირით ადრე, მაკაროვმა მიიღო შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის პასუხი - განყოფილების უფროსის მოადგილემ დაზარალებულს უთხრა, რომ „შემოწმების დროს ინფორმაცია გამოძალვისა და ძალადობის შესახებ არ დადასტურდაო“. ანუ, როგორც საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა, ასევე სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერების გამჟღავნებამდე და გამოქვეყნებამდე სცადეს წამების კონვეიერის დამალვა და წამების მსხვერპლთა საჩივრების უგულებელყოფა, - ამბობს ოსეჩკინი.

ირკუტსკის ოლქის უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ სარატოვის რეგიონში წამების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ობიექტურად არ გამოიძიებენ. ირკუტსკის ოლქის იზოლატორსა და კოლონიებში გაუპატიურების შემდეგ (დასახიჩრდა რამდენიმე პატიმარი, მათ შორის ტახირჯონ ბაკიევი და ონდარ ქეჟიკი), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცხრა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის, მსჯავრდებულთა წამებასა და ძალადობაზე, თუმცა, ჯერჯერობით ერთადერთი თვალსაჩინო შედეგი ისაა, რომ უფლებადამცველებს აუკრძალეს გამოძიებაში მონაწილეობა. ადვოკატი დიმიტრი დიმიტრიევი, რომელიც იცავდა ქეჟიკს, დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი აიძულეს უარი ეთქვა მის მომსახურებაზე.

ახლობლების ჩვენების თანახმად, ანგარსკის კოლონიის (ИК-15) პატიმრები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში სხვა კოლონიებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს, სასტიკად აწამეს ციხის ბუნტის ორგანიზატორთა შესახებ ჩვენებების მისაღებად. საუბარია ირკუტსკის I და VI საგამოძიებო იზოლატორებზე, სადაც, გამოძიების თანახმად, 16 პატიმარი გააუპატიურეს. 2021 წლის სექტემბერში საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ბუნტის ორგანიზების საქმეზე 19 პატიმარი გასამართლდება.

მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მასალაზე დაყრდნობით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG