Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდება


შსს-მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დააჯარიმებენ, თუკი ეს დარღვევა დაფიქსირდება. ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს განაცხადა: „თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, ის აუცილებლად დაჯარიმდება ამისთვის“. გადაიხდის თუ არა გიგი უგულავა ჯარიმას, თუკი მას შსს გამოწერს, ამ კითხვაზე ფოთის მერობის კანდიდატი არ გვპასუხობს, თუმცა, გვეუბნება, რომელი ქვეყნის წესებს დაექვემდებარა, როდესაც იზოლაციიდან გამოსვლა გადაწყვიტა.

თუკი საქართველოში მოქმედ კარანტინისა და იზოლაციის წესებს გადავხედავთ, გიგი უგულავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატმა, რომელსაც კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს, ანუ, ინფიცირებიდან მე-7-8 დღეს, მართლაც დაარღვია იზოლაციის წესები და თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, იქ შეკრებილ ხალხს სცენიდან მიმართა - პირბადის გარეშე.

„არ შემეძლო, დღეს არ მოვსულიყავი აქ და მინდა, ექიმებს მადლობა ვუთხრა, მომცეს ამის საშუალება“, - ასე დაიწყო გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე, მრავალათასიან აქციაზე. მოგვიანებით, აქციის დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელში გააკეთა განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა ინფიცირებიდან მეშვიდე-მერვე დღეს იზოლაციის მიღმა:

„სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ-სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები. მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!“

რადიო თავისუფლება ფოთის მერობის კანდიდატს დამატებითი განმარტებისთვის დაუკავშირდა და მას ვკითხეთ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხომ არ მართებს პოლიტიკურ ფიგურებს და ხომ არ სჯობდა, რომ მას აქციაზე შეკრებილი საზოგადოებისათვის დისტანციურად, ონლაინ მიემართა ან მინიმუმ, სიტყვით გამოსვლისას, პირბადე გაეკეთებინა? ჩვენს კითხვაზე პასუხად, გიგი უგულავამ მოგვწერა:

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ამ თემაზე უკვე დავდე პოსტი განმარტება. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. მეტს ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა და მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“.

ამასთან, გიგი უგულავამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა 15 ოქტომბერს ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის ამსახველი ფოტო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პროტოკოლში, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ინფიცირებულ პირებს ეხებათ, ინფიცირებიდან 5 დღეში, პირმა კოვიდ-ტესტი უნდა ჩაიტაროს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი 14 დღის განმავლობაში, საჯარო სივრცეში პირბადე უნდა ატაროს.

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ იზოლაციის წესის დარღვევა საქართველოში მოხდა და ქვეყნის მასშტაბით, არა აშშ-ს, არამედ ადგილობრივი წესები მოქმედებს, გიგი უგულავას განცხადება, რომ ის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს ექვემდებარება, ვერ ჩაითვლება არგუმენტად.

ამასთანავე, გიგი უგულავა აცრილია ჩინური წარმოების კოვიდ-ვაქცინით, "სინოფარმით", რომელსაც CDC მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების შემთხვევაში აღიარებს და ისიც ნოემბრიდან. შესაბამისად, CDC-ის პროტოკოლის არგუმენტად მოყვანა, ვერც ამ შემთხვევაში იქნება რელევანტური.

საქართველოში მოქმედი კარანტინისა და იზოლაციის წესების თანახმად კი კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვირუსის დადასტურებიდან გასულია 10 დღე. ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე მითითებული წესების თანახმად, ასეთი პაციენტი მხოლოდ მეთერთმეტე დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან და შეუძლია იზოლაციის დატოვება. პაციენტის გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.

ჯერჯერობით, რადიო თავისუფლებამ ვერ მოიძია გიგი უგულავას მკურნალი, ოჯახის ექიმი, რომელმაც მას იზოლაციის დატოვების ნებართვა მისცა.

ვახტანგ კალოიანი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, უპასუხისმგებლოს უწოდებს გიგი უგულავას გადაწყვეტილებას, 14 ოქტომბერს, ინფიცირებიდან მეშვიდე-მერვე დღეს, ხალხმრავალ აქციაზე მისულიყო. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ გიგი უგულავამ და მისმა ექიმმა აშშ-ის პროტოკოლით იმოქმედა:

ვახტანგ კალოიანი
ვახტანგ კალოიანი

„მან დაარღვია იზოლაციის წესი. ეს ფაქტია. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი. ჩვენთან მოქმედი იზოლაციის წესების თანახმად, მინიმუმ ათი დღე და პლიუს კიდევ 48 საათი ადამიანი იზოლაციის წესებს ექვემდებარება. ამ სიტუაციაში, ნამდვილად არ არის არგუმენტი ამერიკული პროტოკოლი“.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ წარმომადგენელი, ვატო სურგულაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედი წესები ყველასთვის ერთი უნდა იყოს, იქნება ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი თუ რიგითი ადამიანი. შესაბამისად, გაუმართლებელს უწოდებს გიგი უგულავას გადაწყვეტილებას:

ვატო სურგულაძე
ვატო სურგულაძე

„წესი წესია. არ უნდა მოვიქცეთ ისე, მაგალითად, როგორც იქცევა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და გაგანია პანდემიაში გრძელ და ხალხმრავალ სუფრებს ესწრება. ასევე, არ უნდა დაარღვიონ წესები არც პოლიტიკურმა ლიდერებმა. არ შეიძლება ვიღაცისთვის წესები იყოს გამონაკლისი. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაშიც, ჩვენ ქართულ ჯიგრულ პონტში ვცხოვრობთ. ეს არის პრობლემა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაარღვევს წესს. იმიტომ არ ღირდა გუშინ გიგი უგულავას აქციაზე გამოჩენა, რომ სწორედ ასეთი საუბრები არ გამოეწვია. ნებისმიერი საქციელი, რაც ოპოზიციას თუნდაც მცირედით მიაყენებს ჩრდილს, ისევ ოპოზიციის მიმართ იქნება მძიმე დარტყმა. გამოვარდება მერე, მაგალითად, ოხანაშვილი და წამოაყვედრის. არ უნდა მისცე საზოგადოებას ლაპარაკის საბაბი. პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ, რა რისკები მოყვება მათ თითოეულ ნაბიჯს, მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურ და ეპიდვითარებაში“.

გიგი უგულავას მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო. მისი თქმით, პოლიტიკას და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო ადამიანების ჯანმრთელობა:

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

"ეს არ უნდა დადო საპირწონედ, არაფრით შეიძლება, არაფრის ფასად, სანამ იზოლაციის პერიოდი არ გაქვს გავლილი, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი არ უნდა შეუქმნა. ვერაფრით გავამართლებ ამ საქციელს. დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდინფექცია აქვს, ამის დარღვევა არაფრით შეიძლება. რაც შეეხება, რატომ არ მოხდა რეაქცია, ალბათ, შესაბამისი რეაქცია იქნება, თუ დადასტურდება, რომ მან ეს წესები დაარღვია".

თუკი პოლიტიკური შეკრებებისა და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების ლიდერების კოვიდ-ინფიცირების ისტორიას გადავხედავთ, მაშინ შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიები, რომლებიც ოპოზიციურმა ლიდერებმა ან შეზღუდეს, ან მხოლოდ დისტანციურად იღებდნენ ღონისძიებებში მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

დღეს მოქმედი რეგულაციით, ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმა 2000 ლარს შეადგენს.

გადაიხდის თუ არა გიგი უგულავა ჯარიმას, რომელსაც შსს გამოწერს, ამ კითხვაზე ფოთის მერობის კანდიდატი აღარ გვპასუხობს.

უკანასკნელი დღეებია ქვეყანაში უკიდურესად მძიმდება ეპიდვითარება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 3000-დან 5000-მდე მერყეობს. დადებითობის მაჩვენებელი კი 8-10%-ია. კვლავ მაღალია ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG