Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" "ალმას" სასამართლოში უჩივის


ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო" ერთ-ერთ ყველაზე დიდ სარეკლამო კომპანია "ალმას" სასამართლოში უჩივის და ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი სარეკლამო ვალდებულებების შესრულებასა და ზიანის ანაზღაურებას. სარჩელი პარტიამ სასამართლოში დღეს, 18 ოქტომბერს შეიტანა.

"ალმას" პარტიის საარჩევნო რეკლამა, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეხება, ამ დრომდე არ გამოუკრავს ბილბორდებზე.

"ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომელიც ნათლად მიუთითებს, რამდენად შერჩევითი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის, როგორც ხელისუფლებას, ასევე ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბიზნესებს, პოლიტიკურ პარტიებთან. ამიტომ უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე კომპანია "ალმას" მოვუწოდებდით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები შეესრულებინათ, რაც არ გააკეთეს, რაზეც არანაირი ახსნა-განმარტებაც არ გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ ნათლად ვიცით, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი", - განაცხადა პარტიის ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა.

კომპანია "ალმამ" თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში უარი არ თქვა ოპოზიციის დისკრედიტაციის შემცველ ე.წ. სისხლიან ბანერებზე და ისინი საქართველოს სხვადასხვა წერტილში გამოაკრა. მაშინ კომპანია ამბობდა, რომ სიძულვილის შემცველი ბანერების შინაარსს არ იზიარებდნენ, თუმცა მასთან შეხება არ ჰქონდათ.

კომპანიის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის შემდეგ "ალმამ" საქართველოს პარლამენტს მსგავსი ბილბორდების კანონით აკრძალვის მოთხოვნით მიმართა - ეს დროში დაემთხვა "ევროპულ საქართველოსთან" დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ნაწარმოების - "ცხოველთა ფერმის" პერსონაჟს იყო შედარებული.

XS
SM
MD
LG