Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღიმილისმომგვრელი იყო პროკურატურის ბრიფინგი“ - ადვოკატები სააკაშვილთან შევიდნენ


საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პროკურორის შემდეგ მისი ადვოკატებიც შევიდნენ. სააკაშვილის ინტერესების დამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აფასებს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ პროკურატურის ბრიფინგს.

„სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელი იყო პროკურატურის ბრიფინგი. განსაკუთრებით იმის გაგება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, დღის საათებში მოძრაობდა; მაგალითად, პროკურატურის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ თურმე, ბათუმში, ბულვარში 21:30-დან 22:00 საათამდე არის ჩაწერილი ვიდეო და არა გამთენიისას, როგორც ეს აქამდე გვეგონა. პრაქტიკულად, ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა უბრალოდ ჩამოშლილია ამ ქვეყანაში, - თქვა საძაგლიშვილმა და განაგრძო, - ის ტყუილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ პირველ ოქტომბერს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ტრუსკავეცში და ხან ბუენოს-აირესიდან მოგვესალმებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, უბრალოდ სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოუვლია მთელი საქართველო, ყველა ქალაქში ყოფილა დღის საათებში“.

ადვოკატებს აინტერესებთ, გაბედავენ თუ არა სააკაშვილის ახალი ბრალის შესახებ სასამართლო პროცესის ჩატარებას. მათი ვარაუდით, მანამ, სანამ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია, არ ჩატარდება მისი სასამართლო პროცესი.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარსადგენად ციხეში იმყოფება პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

„პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა ბრალდება საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის ფაქტზე ჩატარებულია ასეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, არსებობს არაერთი ვიდეო- და აუდიომტკიცებულება“, - განაცხადა პროკურორმა ციხეში შესვლამდე.

სააკაშვილი ამჟამად ორ საქმეზეა მსჯავრდებული და მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG