Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ღამით სააკაშვილის ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა


საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გუშინ ღამით გართულდა. მისი თქმით, ამის გამო საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევაც. ამის შესახებ მან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ისაუბრა, სადაც სააკაშვილია დაპატიმრებული.

"გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს კონსილიუმის იმ დასკვნას, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა", - თქვა საძაგლიშვილმა.

​ის გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის კომენტარსაც, რომელიც სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას შეეხებოდა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არასდროს განხილულა და არც მსგავსი რეკომენდაცია გაუცია ექიმთა ჯგუფს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად შეიქმნა.

​"ეს არის წვრილფეხა ტყუილი. კონსილიუმმა, რომელიც მთავრობის, საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტორეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება... სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეაფასეს #18 პენიტენციური დაწესებულება და თქვეს, რომ იქ შესაძლებელი არაა არც მაგნიტორეზონანსული კვლევის და არც კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG