Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე ამბობს, რომ მედიას მეორედ აცრის შესახებ შეატყობინებს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მედიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, როდის გეგმავდა ის მეორე აცრის გაკეთებას.

ჯანდაცვის მინისტრმა "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით ათ დღეში, 23 მარტს გაიკეთა. მას ორი თვის გასვლის შემდეგ (1 ივნისს), როცა უკვე მეორე აცრის დრო იყო, კორონავირუსი დაემართა.

სრულად ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, რომელიც კორონავირუსის ორ დოზა ვაქცინას იკეთებს. საქართველოში არსებული პროტოკოლის მიხედვით, აცრებს შორის ინფიცირების შემთხვევაშიც კი მოქალაქეს ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება შეუძლია.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველი აცრა 7 თვის წინ გაიკეთა, მისი ინფიცირებიდან კი 4 თვეზე მეტია გასული.

"შეგატყობინებთ... ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საჭიროება და არ შეიძლება ამის გასაჯაროება... [პირველ აცრაზე] იმდენად გაცხოველებური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ..." - თქვა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ 6 აგვისტოს, ამბობდა, რომ "არ დავიწყებია მეორე დოზის გაკეთება". მაშინ მან მედიას უთხრა, რომ მეორე დოზით აცრა უკვე უწევდა და არ დააგვიანებდა.

რამდენიმე სახის ვაქცინის ქონის მიუხედავად, საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპია. გასული 24 საათის განმავლობაში აიცრა 1877 ადამიანი, ამავე პერიოდში ვირუსი დაუდასტურდა 1942 ადამიანს.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 694 182 შემთხვევა. მათგან 635 611 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 788 ადამიანი.

XS
SM
MD
LG