Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვინდოდა ინტერვიუ ჩაგვეწერა სააკაშვილთან - რას ჰყვება საქართველოდან გაძევებული უკრაინელი ჟურნალისტი  


ალესია ბაცმანი, ფოტო არქივიდან
ალესია ბაცმანი, ფოტო არქივიდან

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი, მათ შორის, ცნობილი წამყვანი დმიტრი გორდონი. დმიტრი გორდონმა დეპორტაციის შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა და თბილისის აეროპორტში მომხდარს საერთაშორისო სკანდალი უწოდა.

რადიო თავისუფლებას მომხდარის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტი ალესია ბაცმანი, დმიტრი გორდონის გადაცემის რედაქტორი და მისი მეუღლე. გორდონთან ერთად დღეს ვერც მან მოახერხა საქართველოში შემოსვლა.

რადიო თავისუფლება: ხომ არ შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა გითხრეს საზღვარზე, რით დაასაბუთეს უარი, თუ ახსნა-განმარტების გარეშე გაგაბრუნეს?

ალესია ბაცმანი: აი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი: როცა იქ [თბილისში] ჩავფრინდით, გვთხოვეს მოგვეცადა. ჩვენც ველოდეთ, ველოდეთ და მერე ვკითხეთ - რაშია საქმე, რა ხდება? გვითხრეს, რომ სისტემური შეფერხებაა. მეგობრების ჯგუფთან ერთად ვიყავით, ისინი დმიტრი გორდონის საგანმანათლებლო პლატფორმის შეკრებაზე მიდიოდნენ.

მეგობრები გაატარეს, დავრჩით მხოლოდ ჩვენ [დმიტრი გორდონი, მისი მეუღლე და მისი გადაცემის მთავარი რედაქტორი ალესია ბაცმანი - რ.თ]. დაახლოებით ერთ საათში ჩვენთან მოვიდა ნოდარ ბარამიძე, აეროპორტის უფროსის მოადგილე, გვითხრა, დმიტრი გორდონს უარი ეთქვა საქართველოში შეშვებაზეო და როდესაც მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. თუ გსურთ, შეგიძლიათ ოფიციალური წერილობითი პასუხი მოითხოვოთ, 10 დღეში საქართველოს ხელისუფლება უპასუხებს თქვენს საელჩოსო.

ეტყობოდა, რომ რცხვენოდა და უხერხულად გრძნობდა თავს. თვალებს მალავდა, ცდილობდა, არ ეყურებინა, ხვდებოდა, რომ სამარცხვინო ამბავში მონაწილეობდა. მე მითხრა, რომ ჩემი შეშვების საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი და შემეძლო რამდენიმე საათი მომეცადა. რა თქმა უნდა, მე ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი დაცდას.

ჩვენთან ერთად იყო მარია ბარაბაში, ეს არის "რეფორმები უკრაინიდან" [უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი რ.თ] ოფისის ხელმძღვანელი. მასაც უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე.

აეროპორტის გასასვლელში ჟურნალისტები გველოდებოდნენ, თავისთავად სიტუაცია საჯარო გახდა. აეროპორტთან შეკრება დაიწყეს პოლიტიკოსებმა, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა, მათ შორის დეპუტატებმა, პრესამ. მე როგორც ვხვდები, ეს გააზრებული ჰქონდა აეროპორტის ხელმძღვანელობას, საქართველოს ხელისუფლებას და შეეცადნენ სწრაფად გავებრუნებინეთ კიევში. მათ სპეციალურად ამისთვის შეაყოვნეს თბილისი-კიევის რეისი, თვითმფრინავში ხალხი იჯდა და გველოდებოდა, შეაყოვნეს იმიტომ, რომ უცბად ჩავესვით თვითმფრინავში.

რადიო თავისუფლება: თქვენ რით ხსნით თბილისის აეროპორტში მომხდარს?

ალესია ბაცმანი: რა თქმა უნდა, [ჩვენს გამობრუნებას] სხვა მიზეზი არ ჰქონდა, თუ არა ის, რომ ჩვენ საჯაროდ ვუჭერთ მხარს, ვიცავთ სააკაშვილს. საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჩვენ თბილისში ვაპირებდით ჩამოსვლას.

რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მხარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ოფიციალურად შევატყობინეთ, რომ გვინდოდა გვენახა მიხეილ სააკაშვილი, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ჩაგვეწერა მასთან ინტერვიუ, რომ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, რა ხდება მის თავს, როგორ ექცევიან და რისკენ მიდის ეს ყველაფერი. როგორც ვხედავთ, საქართველოს მთავრობას აქვს რაღაც დასამალი, შეეშინდა და ამიტომ გადადგა ეს სამარცხვინო ნაბიჯი - არ შეუშვა ჟურნალისტი ქვეყანაში.

რადიო თავისუფლება: როგორი რეაქცია მოჰყვება მომხდარს, რამეს გეგმავთ?

ალესია ბაცმანი: აუცილებლად, რა თქმა უნდა. ჩვენი ოფიციალური ორგანოები დაუკავშირდებიან საქართველოს, რომ მათ ახსნან [მომხდარის] მიზეზი. მაგრამ ეს ფორმალობაა, ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ რეალური მიზეზი პოლიტიკაა. ფურცლებზე, რომელიც მოგვცეს აეროპორტში, დეპორტაციის მიზეზად მითითებული იყო გრაფა "სხვა", ამიტომ გასაგებია, რომ პოლიტიკური მოტივია.

რადიო თავისუფლება: მოულოდნელი იყო თქვენთვის?

ალესია ბაცმანი: სრულებით მოულოდნელი, რადგან საქართველოს არ აქვს მიზეზი, არ შემოგვიშვას საქართველოში.

დმიტრი გორდონი 30-31 წლის მანძილზე დადიოდა საქართველოში. მას უამრავი მეგობარი ჰყავს, პრეზიდენტებით დაწყებული, სახალხო არტისტებით დამთავრებული. ჩვენ ძალიან გველოდა ვახტანგ კიკაბიძე, ამჯერადაც, ვახშამს ვაპირებდით მასთან. საქართველო ერთ-ერთი მშობლიური ქვეყანაა ჩვენთვის. საქართველოში მოგზაურობა, ყოველთვის რაღაც მშობლიური, თბილი და დასამახსოვრებელია. ყოველთვის თბილი შეხვედრები გვქონდა ქართველებთან.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG