Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას მოწოდებით, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს


ნიკა მელია
ნიკა მელია

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, სიტყვით გამოსვლის დროს მოქალაქეებს უახლოესი გეგმები გააცნო. მელიამ შეკრებილებს მოუწოდა მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაძრულიყვნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის შენობაში შესვლა-გამოსვლის საშუალება შეეზღუდათ. „მთელი წრე დავარტყათ კანცელარიის შენობას. ცოცხალი ადამიანების ძალა დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მან დაამატა, რომ შენობაში შესვლას არავინ აპირებს. „ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს, ხალხო“, - თქვა მელიამ. მან განაცხადა, რომ აქცია მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლება და მისი მონაწილეები ღამითაც ქუჩაში დარჩებიან.

ნიკა მელიამ ილაპარაკა 9 ნოემბრის გეგმის შესახებაც, რომელიც, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან აქციის გამართვას ითვალისწინებს.

„ვისაც ჯანმრთელობა ხელს გვიწყობს ყველანი უნდა დავრჩეთ. ვინც გვიყურებთ, ნელ-ნელა, დილიდან შემოგვიერთდით. პარალელურად, კანცელარიასთან დიდი, მძლავრი აქციის გამართვა გაგრძელდება. თუ ღარიბაშვილი შიგნით არის, ვერ გამოვა, თუ გარეთ არის, ვერ შევა. პარალელურად ხვალ, 10:00 საათზე გაგრძელდება აქციები. გაიმართება ამ ყველაფრის პარალელურად იუსტიციის სამინისტროსგან აქცია. ასე აზვირთდება ეტაპობრივად პროტესტი“, - თქვა ნიკა მელიამ.

პოლიტიკოსის განცხადებით, საპროტესტო აქციების გამართვა არ იგეგმება გლდანის ციხესთან, სადაც გადაიყვანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, იქ აქციის გამართვა აღიქმება პროვოკაციად.

„იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის [ხელისუფლება], სადაც კრიმინალები ჰყავთ, უმძიმესი დამნაშავეები ჰყავთ, იქ, სადაც კანონიერი ქურდები ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ აქციის გამართვა ახლა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე ასე დაემუქროს. შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ. ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა ჩვენგანმა ფეხი არ მოვიცვალოთ ციხისკენ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მან აქციაზე სამი მთავარი მოთხოვნა დააყენა:

  • მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
  • წართმეული არჩევნების დაბრუნება
  • მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

ნიკა მელიას განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტი არ შეწყდება.

„დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა. არაფერი არ არის იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

ოპოზიციის თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან გასულია 39 დღე.

XS
SM
MD
LG