Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მკურნალი ექიმი: კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ გადასაყვანია კლინიკაში


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ კონსილიუმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შექმნილი, რეკომენდაციაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ყველა მაჩვენებელი განვიხილეთ, საერთო გაუარესება იყო მდგომარეობის და კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია გადაუდებელი გადაყვანა, მკურნალობა, დიაგნოსტიკა მაღალპროფილურ საავადმყოფოში", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.

იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა, 5 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა ციხის სამედიცინო ოთახში სააკაშვილის ვიზიტის კადრები გაასაჯაროა. უწყება ამბობს, რომ კადრებში ჩანს, როგორ "იღებს საკვებს და ნატურალურ წვენს".

6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობასთან დაკავშირებით ინფორმაცია-დოკუმენტაციას მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულები გაეცნენ. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

„ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, ინფორმაციით, "ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG