Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია: გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი


გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ, – ასე უპასუხა დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან დაკავშირებულ კითხვას. 24 ოქტომბერს ის განსხვავებულად აფასებდა ამ კლინიკის მდგომარეობას.

„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია ვთქვა, არის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ“, – თქვა დღეს თამარ გაბუნიამ.

გაბუნია გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკაში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად, 24 ოქტომბერს იმყოფებოდა. მაშინ ორივე ამტკიცებდა, რომ "დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად იყო გამართული პაციენტის მისაღებად."

„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება; ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – ეს თამარ გაბუნიას 24 ოქტომბრის განცხადებაა. ამ დღის შემდეგ კლინიკის მდგომარეობის შესწავლა ჯანდაცვის მინისტრმა რეგულირების სააგენტოს დაავალა, რომლის დასკვნაც არ გასაჯაროებულა.

გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკაში 8 ნოემბერს, სავარაუდოდ, მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ის პატიმრობის დაწყების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს და ითხოვს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

ციხის კლინიკაში "კატე"-ს აპარატი, რომლის მონტაჟსაც რამდენიმე დღე და რადიაციის გავრცელებისგან დაცული სივრცე სჭირდება, მას შემდეგ მიიტანეს, რაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს ამ კლინიკაში. სახალხო დამცველის ცნობით, კლინიკას ამ დრომდე არ აქვს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ჯერ კიდევ 2020 წელს წერდა ამ კლინიკის გამოწვევებზე. ის ახლაც მიიჩნევს, რომ ამ კლინიკაში სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების მიღება არ შეუძლია და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლად გადაიყვანონ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG