Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს


დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავთ, 1 ოქტომბერი, 2021 წელი.
დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავთ, 1 ოქტომბერი, 2021 წელი.

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მიხეილ ღოღაძე. როგორც ის ამბობს, სააკაშვილი დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

„მას [მიხეილ სააკაშვილს] არ უნდოდა გადმოსვლა მე-18 დაწესებულებაში. მანქანიდან გადმოიყვანეს და შეასახლეს ძალის გამოყენებით, ვინაიდან პროტესტის ნიშნად აცხადებდა უარს, არ გადმოდიოდა მანქანიდან. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას“, - განაცხადა მიხეილ ღოღაძემ. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შენიშნა ფიზიკური დაზიანებები.

ომბუდსმენის წარმომადგენლის ცნობით, სააკაშვილი ამბობს, რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად პალატაში იმყოფება, რომელიც იზოლირებულია. როგორც ღოღაძე აღნიშნავს, "მის პერიმეტრზე" არ არიან სხვა მსჯავრდებულები, თუმცა პალატაში მე-18 დაწესებულებიდან ისმის პატიმრების ხმა - გინება და ხმაური სააკაშვილის მისამართით.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს საკითხს და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.

ღოღაძის თქმით, დაწესებულებაში ამჟამად მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის მონტაჟი. მანამდე გავრცელდა ფოტოები, როგორ შეიტანეს აპარატი ციხის საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც იქ უკვე ჰყავდათ გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია #12 პენიტენციური დაწესებულებიდან #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით."

მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG