Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ დღეს გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდა. პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ადვოკატები კი - მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ.

კერძოდ, ელგუჯა ცომაიას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა. დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა ზურაბ და შალვა წოწორიების და გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველიც, თუმცა თანხის დაკონკრეტების გარეშე. მან გირაოსთვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო.

მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებს, გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის.

XS
SM
MD
LG