Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არარსებული ბრალი? - როგორ დაუმტკიცებს პროკურატურა ბრალს სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს?


ელგუჯა ცომაია, ზურა წოწორია და შალვა წოწორია, ძებნილი მსჯავრდებულის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით წინასწარ ორთვიან პატიმრობაში არიან გამწესებულები. ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 4 ოქტომბერს შეუფარდა. მამა-შვილს, ზურა და შალვა წოწორიებს - 5 ოქტომბერს.

ბრალდება დაკავებულებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას და მისთვის საცხოვრებელი ბინის დათმობას ედავება. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის მოკლე განმარტებით, „მათ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულის დაფარვა“. ანუ, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცომაიასა და წოწორიების ადვოკატები, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ წაყენებულ ბრალს აბსურდულს და უპრეცედენტოს უწოდებენ ერთი მთავარი მიზეზის გამო, მათი განცხადებით, გამოძიება დაკავებულებს ედავება ისეთ დანაშაულს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. კერძოდ კი, მათ ბრალდებათ ისეთი ქმედების დაფარვა, რაზეც განაჩენი უკვე დამდგარია და პირი, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, უკვე მსჯავრდებულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან დააკვირდება. სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება დაკავებულების წინასასამართლო სხდომები.

მანამდე კი, ორგანიზაციის იურისტი გიორგი კაკუბავა, რადიო თავისუფლებას უდასტურებს ბრალდებულების ადვოკატების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დაკავებულებს ბრალი ისეთი ფორმულირებით აქვთ წარდგენილი, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს:

„კოდექსში არ გვაქვს ასეთი ჩანაწერი „მსჯავრდებულის დაფარვა“. ჩვენი კანონმდებლობით კი პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ თუკი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებას, შესაბამისად, დანაშაულიც არ არის სახეზე“.

თუმცა, იურისტებისა და ადვოკატების ამ არგუმენტს, 5 ოქტომბერს, საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება დაუპირისპირა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ნოემბერში, უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, თუ რას ნიშნავს დანაშაულის დაფარვა:

„ადვოკატები ცდებიან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის დაფარვა გულისხმობს დამნაშავის დაფარვასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში, ცალსახად არის მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა ეს არის როგორც დამნაშავის, ისე დანაშაულის, კვალის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნის და ა.შ. დაფარვა“.

პროკურორის ამ განმარტებასთან რამდენიმე კითხვა აქვს იურისტ გიორგი კაკუბავას. მისი თქმით, პირველ რიგში, დასაზუსტებელია, ეს არის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება თუ უზენაესი სასამართლოს რეკომენდაცია, რადგან, რეალურად, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ შეიძლება ის ყველა საქმეზე ერთნაირად იყოს გამოყენებული.

რადიო თავისუფლებამ მოიძია უზენაესი სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილება, რომელსაც პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი პრეცედენტულს უწოდებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალის რელევანტურობაზე მიუთითებს და სისხლის სამართლის იურისტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ და გაევლოთ პარალელი უზენაესი სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილებაში არსებულ ჩანაწერსა [„დანაშაულის დაფარვაში იგულისხმება დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვა“ – 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება] და მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულთა საქმეებს შორის.

დარგის სპეციალისტთა თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლი, რომელიც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს და რომელიც როგორც 2008 წელს მიღებულ განჩინებაში, ისე სააკაშვილის საქმეზე დაკავებულთა ბრალშიც ფიგურირებს, მიეკუთვნება კოდექსის 43-ე თავს. ამ თავში კი გაერთიანებულია დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ანუ, 43-ე თავში ჩამოთვლილი ყველა მუხლი და, მათ შორის, 375-ე მუხლიც, დაკავშირებულია გამოძიების ეტაპთან. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ქმედება (დანაშაულის დაფარვა) ჩადენილი უნდა იყოს ან გამოძიების ეტაპზე, ან გამოძიების ეტაპთან უნდა იყოს დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის იურისტები ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, 2008 წელს მიღებულ განჩინებაში გაკეთებული განმარტების თანახმად - რას ნიშნავს დანაშაულის დაფარვა, მაქსიმუმ შესაძლებელი იყო მოეაზრებინა გამოძიების, დანაშაულის აღკვეთისა და გახსნის ეტაპი. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული პირების შემთხვევაში კი, დანაშაული გახსნილია, პირი მსჯავრდებულია.

იურისტების თქმით, უზენაესი სასამართლოს 2008 წლის განჩინებაში, რომელსაც სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების პროკურორი მათ მიმართ წაყენებული ბრალის არგუმენტად ასახელებს, არსად არის მოხსენიებული ტერმინი „მსჯავრდებული“. განჩინებაში მოხსენიებულია მხოლოდ „დამნაშავე“, ხოლო მუხლი მთლიანად დაკავშირებულია გამოძიების ეტაპთან.

დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი დაკავებულებს?

დარეჯან ცხვიტარია, 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ელოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას ზურაბ და შალვა წოწორიების საქმეზე. ის შალვა წოწორიას თანამშრომლისა და ახლო მეგობრის დედაა. დარეჯან ცხვიტარია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებამდე ორი-სამი დღით ადრე, სავარაუდოდ, 30 სექტემბერს დილით, შალვა მათთან იმყოფებოდა, სახლში, თუმცა, არაფერი უხსენებია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ტრანსპორტირების შესახებ:

„შალვა და ჩემი შვილი უახლოესი მეგობრები არიან. ყოველ დილით მოდის ხოლმე ჩვენთან და შემდეგ ერთად მიდიან სამსახურში. რამდენიმე დღის წინაც იყო ჩვენთან, ყავა დალია. თუკი შალვამ მართლაც გააცილა თავისი მანქანით მიხეილ სააკაშვილი, ის ჩემთვის გმირია, მაგრამ ცოტა ნაწყენიც ვარ, იცის, როგორი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ, ჰოდა, როგორ არ მითხრა, თუ ასეთი ახლო კომუნიკაცია ჰქონდა მასთან. განა შეიძლება ამის გამო ადამიანის დაკავება?“

5 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ბრალდებულის, ელგუჯა ცომაიას ქალიშვილიც. თუმცა, ამ ეტაპზე, ის ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს.

ბრალდების თანახმად, 63 წლის ელგუჯა ცომაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე თავის კუთვნილ ბინაში მიიღო. სწორედ ამ ბინაში დააკავეს სამართალდამცავებმა პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი.

ზურა და შალვა წოწორიების ადვოკატი გიორგი გოგინავა ბრალდებულებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს. ადვოკატის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო შეცვლის, ამიტომ ამბობს, რომ 5 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი მხოლოდ ფორმალურად გაასაჩივრებს. გიორგი გოგინავას თქმით, წოწორიების საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება იმ ბრალისა, რასაც გამოძიება დაკავებულებს ედავება:

„შემდგომში რას გააკეთებს ბრალდების მხარე და რა ახალ შოუებს დადგამს, ამაზე მე პასუხი არ მაქვს. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და ფოთიდან აბაშაში წაიყვანეს. რაც შეეხება, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება, ამ ნაწილში ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება. წოწორიები მხოლოდ მათი ჩვენებების საფუძველზე არიან დაკავებულები. არ არსებობს არცერთი პირდაპირი მოწმეც კი, ვინც რაიმეს დაადასტურებს“.

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი დაუმძიმდეს, ამის შესახებ 5 ოქტომბერს, მინიშნება გააკეთა სასამართლო სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა:

„გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, თუმცა, შემდეგ დაემატა კვალიფიკაცია - მიგრანტის უკანონოდ შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ამ ეტაპზე, ორივე მუხლით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. შესაბამისად, როდესაც მოხდება მტკიცებულებების შეკრება, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, ანუ, არ გამოვრიცხავთ ბრალის დამძიმებას“.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს, ბრალდება სწორედ იმ დანაშაულის დაფარვაში ედავება, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთ, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაიწყო გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალს საზღვრის უკანონო კვეთის გამო 3 ოქტომბერს წარუდგენდნენ, თუმცა, მისთვის გამოძიებას ეს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებია.

ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ვერსია, რა გზით შემოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში. გენერალური პროკურატურის მხრიდან ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს უკანონოდ გადმოკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG