Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხელისუფლებას კი მის უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 ნოემბერს


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომების შესახებ სააკაშვილის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება დროებითი ზომების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

„10 ნოემბერს მხარეთა ინტერესებისა და საქმის სწორად წარმართვისთვის, სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა, რომ მოუწოდოს აპლიკანტს შეწყვიტოს შიმშილობა.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია აპლიკანტის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის (ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, მათ უნდა უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება ზოგადად ციხეში და უნდა უზრუნველყონ იგი სათანადო სამედიცინო დახმარებით შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაციები შეჯერდება და, მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება“, - თქვა ნიკა გვარამიამ. აქვე მან დაამატა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტის შიმშილობის ფაქტი უკვე საერთაშორისოდ აღიარებული გახდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას წუხელ ღამით იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

ნიკა გვარამიამ რატი ბრეგაძის განცხადებას ასე უპასუხა:

„სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ კერძო კლინიკაში იყო შესაძლებელი ამის უზრუნველყოფა და გლდანის ციხეში არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ისე, როგორც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა. მან არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - თქვა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, დაცვის მხარე კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა, რომელმაც ეს პროცესი სამართლებრივ ჭრილში უნდა დატოვოს და აღასრულოს ის.

ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას დღეს გამოეხმაურება. თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამებების სექციაში.

დაზიანებები სააკაშვილის სხეულზე - რას ამბობენ ექსპერტები და მისი მკურნალი ექიმი?

მიხეილ სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ საღამოს მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. გარდა იმისა, რომ ექიმმა შიმშილობის შედეგად მის დამძიმებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი, ასევე ახსენა მის სხეულზე თვალით შესამჩნევი დაზიანებები.

„აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით“, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე საუბარია ცენტრ „ემპათიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ამ ორგანიზაციამ დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ციხის საავადმყოფოში შევიდა და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა:

„გამოსაკვლევი პირი კვლავ აგრძელებს შიმშილობას. 18-ე დაწესებულებაში იგი დამატებით დაექვემდებარა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებას, რის შემდეგადაც განაგრძობს შიმშილობას და უარს აცხადებს სამედიცინო ინტერვენციაზე. როგორც მინიმუმ, ფსიქოლოგიური წამება გამოსაკვლევი პირის/პაციენტის მიმართ გრძელდება“, - ნათქვამია დასკვნაში.

წაიკითხე ექსპერტების დასკვნა სრულად.

სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა - მიიღო. საქმის განხილვას თავად მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა, თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, რაც, უწყების თანახმად, მისი გადაადგილებისას შეიძლება მომხდარიყო.

„დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა ეს ღონისძიება. აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავდროულად ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იმ საქმეებზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, ის გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განმარტა სასამართლო სხდომის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

„7 ნოემბრის საქმის“ ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს შეზღუდული ჰქონდა ციხიდან ტელეფონით საუბრის უფლება, თუმცა პატიმრობის გაუქმების მიუხედავად აკრძალვა ძალაში დარჩა. სააკაშვილის დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი ლაფსუსია.

„თუ არ არსებობს პატიმრობა, ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვის ფორმალური საფუძველიც არ არსებობს. რაზეც ბატონი ჯარჯი საუბრობდა, ეს არის იმ არაადამიანური, არაჰუმანური, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის გაგრძელება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ ახორციელებს“, - ამბობს ბექა ბასილაია.

წაიკითხე მეტი.

დღეს სუს-ის შენობასთან აქცია იგეგმება

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა მორიგი მანიფესტაცია. მისი თქმით, საპროტესტო აქცია გაიმართება 11 ნოემბერს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან).

„ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადიან პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - თქვა ნიკა მელიამ.

საკმაოდ ხმაურიანი საპროტესტო დღე აღმოჩნდა 10 ნოემბერი თბილისში. შსს-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული წესით ერთ დღეში 46 აქტივისტი დააკავეს.

საღამოს ამ ფაქტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

წაიკითხე მეტი.

საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზს აკრიტიკებს იმ განცხადებების გამო, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა

საპატრიარქო ეხმიანება კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ რუსთავის საპატიმროში რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს. საპატრიარქო წერს, რომ მეუფე ნიკოლოზის პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს.

„როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თავდაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.

რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი(მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.

საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე.

ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო. ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა”.

განცხადებას პოსტსკრიპტუმის სახით დართული აქვს გამოხმაურება მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ზიარების შესახებ.

„განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს”, - წერია განცხადებაში.

„მერე შეიქმნება სააკაშვილის ხსოვნის საზოგადოება“ - რა ახარებთ მოსკოვში, რა აწუხებთ სხვაგან

მოშიმშილე პატიმართან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები რუსეთში დიდ ინტერესს იწვევს და ეს კრემლის მედიის საგანგებო ძალისხმევასაც ეტყობა. ის, თუ როგორ ეპყრობა უკრაინის მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიცაა.

რუსული სახელისუფლებო მედია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე ქილიკობს. ტელევიზიები თუ ბეჭდური გამოცემები საკითხს ძირითადად დასავლეთის და, კერძოდ, აშშ-ის დისკრედიტაციის კონტექსტში განიხილავენ. ჩანს, რომ მოსკოვში კმაყოფილებას იწვევს სააკაშვილის შელახული უფლებები, რისი გამოსწორებისკენაც ბოლო დღეებში არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თუ ელჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას.

9 ნოემბრის ეთერში, როცა „მიშიკოს“ ბედზე, სტუმრებთან ერთად, დაცინვით ლაპარაკობდნენ, „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები იატაკზე ელექტრონულად გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ. გადაცემას უძღვებიან ცოლ-ქმარი: ოლგა სკაბეევა, რომელსაც „პუტინის რკინის თოჯინას“ უწოდებენ და ევგენი პოპოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი პუტინის პარტიიდან - „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия).

რა უხარიათ რუსეთში და რა იწვევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სამმა 15 წლის ტინეიჯერმა - ნიკოლოზ სირბილაძემ, გიორგი კახიანმა და ნიკოლოზ ხაბელაშვილმა საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციისა და ბოლო წლების კონფლიქტების შესახებ ორენოვანი საიტის, Georgian Liberty-შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ თემებზე ინფორმაციის მოძიება დასჭირდათ:

რატომ არის საქართველოს 20 % ოკუპირებული რუსეთის მიერ? როდის და როგორ დაიწყო ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში? დღეს რა ვითარებაა? ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვა იყო, რომლებზედაც მარტივი და სწორი პასუხების მოძიება სჭირდებოდათ, მაგრამ უცებ აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა, ვიკიპედიის იმედად დარჩენილიყვნენ.

ინფორმაცია, რომელიც მათ მოაგროვეს, გაფანტული და უსისტემო იყო, თან ბევრი. ბიჭები მიხვდნენ, რომ მათი თანატოლების უმრავლესობას ასე მიწოდებული ცნობების წაკითხვა ძალიან დაეზარებოდათ და ახალი, სწორედ მათ თანატოლებზე მორგებული პლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს - ამისათვის დაიხმარეს ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები და თავად კონფლიქტის მონაწილეებიც.

საიტის პირველი ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა მასზე მუშაობას ბიჭები ისევ აგრძელებენ და ძალიან უნდათ, რომ საქართველოს მასშტაბსაც გასცდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG