Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მერე შეიქმნება სააკაშვილის ხსოვნის საზოგადოება“ - რა ახარებთ მოსკოვში, რა აწუხებთ სხვაგან


9 ნოემბრის ეთერში, როცა „მიშიკოს“ ბედზე, სტუმრებთან ერთად, დაცინვით ლაპარაკობდნენ, „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები იატაკზე ელექტრონულად გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ.
9 ნოემბრის ეთერში, როცა „მიშიკოს“ ბედზე, სტუმრებთან ერთად, დაცინვით ლაპარაკობდნენ, „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები იატაკზე ელექტრონულად გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ.

მოშიმშილე პატიმართან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები რუსეთში დიდ ინტერესს იწვევს და ეს კრემლის მედიის საგანგებო ძალისხმევასაც ეტყობა. ის, თუ როგორ ეპყრობა უკრაინის მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიცაა.

რუსული სახელისუფლებო მედია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე ქილიკობს. ტელევიზიები თუ ბეჭდური გამოცემები საკითხს ძირითადად დასავლეთის და, კერძოდ, აშშ-ის დისკრედიტაციის კონტექსტში განიხილავენ. ჩანს, რომ მოსკოვში კმაყოფილებას იწვევს სააკაშვილის შელახული უფლებები, რისი გამოსწორებისკენაც ბოლო დღეებში არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თუ ელჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას.

თბილისში „ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი „რიგითი პატიმარია“ და „მისი უფლებები სრულად არის დაცული“.

  • რა უხარიათ რუსეთში და რა იწვევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას?
  • რის საპასუხოდ გათელეს ფეხქვეშ რუსეთის დროშა თბილისში?
  • რა გამოსავალი არსებობს და განიხილება თუ არა პატიმარი პაციენტის უკრაინაში გადაყვანის საკითხი?

9 ნოემბრის ეთერში, როცა „მიშიკოს“ ბედზე, სტუმრებთან ერთად, დაცინვით ლაპარაკობდნენ, „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები იატაკზე ელექტრონულად გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ. გადაცემას უძღვებიან ცოლ-ქმარი: ოლგა სკაბეევა, რომელსაც „პუტინის რკინის თოჯინას“ უწოდებენ და ევგენი პოპოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი პუტინის პარტიიდან - „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия).

ინტერნეტში მრავლად მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ ისვენებს სკაბეევა საქართველოში - მაგალითად, 2018 წელს, ხოლო 2019 წელს ის დასცინის თბილისის აეროპორტში ტურისტებისთვის ღვინით შეგებებას.

„როსია 24“ სააკაშვილს „ხინკლის მოყვარულს“, დასავლეთის დასანახად „მოჩვენებითად მოშიმშილეს“, „სამხედრო დამნაშავესა“ და „ბინძურს“ უწოდებს - საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე თუ ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟების ფრაგმენტებზე დაყრდნობით.

„პუტინის რკინის თოჯინა“, მისი დეპუტატი მეუღლე და მათი სტუმრები „60 წუთში“ ამბობენ, რომ:

  • „მთელმა მსოფლიომ ნახა - მიშა ბინძურია, მიშა ჭუჭყიანია. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, თუ როგორი „ბარდაკი“ [არეულობა] დატოვა [საკანში] საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა - საწოლი არ არის ალაგებული, ყველგან ნაგავი ყრია, იატაკი მოფენილია რაღაც დოკუმენტებით, ნაბეჭდებით“.
  • „სულ მიხეილ სააკაშვილის დაგლეჯილი თმებია მიმოფანტული ციხეში“.
  • „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მღვდელმა მოინახულა. მან თქვა, რომ სააკაშვილის აღსარება მოისმინა და აზიარა ის. უცნობია, რა ცოდვები მოინანია სამხედრო დამნაშავემ“.
  • „მიშა არა მხოლოდ სამხედრო დამნაშავე, არამედ რომანტიკოსია“.

„60 წუთის“ ჟურნალისტები ისე ზედმიწევნით აკვირდებოდნენ მიხეილ სააკაშვილის საკნის ინტერიერს საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომ კედლებზე უკრაინელი დეპუტატის - ლიზა იასკოს ფოტოებიც აღმოაჩინეს. ისინი იასკოს სააკაშვილის „საყვარელს“ უწოდებენ და ქილიკობენ მის სიტყვებზე, რომ პატიმარი „მოტყუებით“ გადაიყვანეს „ციხის საავადმყოფოში“.

რუსი პოლიტიკოსები და მედია ცდილობენ განამტკიცონ საზოგადოების განწყობა იმ შეთქმულების თეორიის მიმართ, რომელიც თავდაპირველად რუსმა ჟურნალისტმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა, მაქსიმ შევჩენკომ გაახმოვანა - რომ სააკაშვილი ამერიკელებმა გაწირეს.

„ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი რუსეთის დუმაში, კონსტანტინ ზატულინი მიხეილ სააკაშვილს „შესაძლო საკრალურ მსხვერპლსაც“ უწოდებს, რომლის ბედითაც დასავლეთში საერთოდ აღარავინ ინტერესდება:

„ის, როგორც მოქმედი პერსონაჟი, დიდი ხანია აღარ არის საჭირო. რაც შესაძლოა საჭირო იყოს - ეს საკრალური მსხვერპლია და ის [სააკაშვილი] შესაძლოა სწორედ მსხვერპლი აღმოჩნდეს... მერე შექმნიან "სააკაშვილის ხსოვნის საზოგადოებასაც" და ასე შემდეგ... სააკაშვილი პრობლემებს ქმნის, ის პრობლემური ადამიანია, მათ შორის - თავისი მფარველებისთვისაც“.

ამერიკის მიერ სააკაშვილის გაწირვასთან დაკავშირებით რუსეთის მედიაში არაერთი სხვა პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი მსჯელობს. „ყველას ასე დაემართება, ვინც ამერიკელებს მიენდობა“, - ასეთია მსჯელობათა დედააზრი.

10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი მხარდამჭერების ერთმა ჯგუფმა სიმბოლურად ფეხებით გათელა ქაღალდზე დახატული რუსეთის დროშა. ეს იყო პასუხი რუსი ჟურნალისტების ქმედებაზე.

„მაგათ გადაცემაში, რაღაც შოუში ქართული დროშა ისე იყო წარდგენილი უღირსად, დაჭმუჭნული, ზედ ედგნენ და ფეხს აბიჯებდნენ... ეს იყო ყველაზე დაცემული ერის საქციელი. ამ პერფორმანსით მე შევახსენე ყველას - ვინ არის პუტინი“, - თქვა ბესიკ თამლიანმა, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ გასამართლებულმა ყოფილმა პატიმარმა.

„პუტინის ტყვე“

მას შემდეგ, რაც დააკავეს და შიმშილობა გამოაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს არაერთხელ უწოდა „პუტინის ტყვე“ - უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში თუ მოგვიანებით, უკრაინის სახალხო დამცველთან საუბრისას, რომელმაც ის ციხეში მოინახულა.

„პუტინის ტყვედ“ მოიხსენიებს ლიდერს „ნაციონალური მოძრაობაც“. სააკაშვილის მიმართ „უღირს მოპყრობას“ პარტია რუსეთის ანგარიშსწორებად და მკვლელობის გეგმის ნაწილად განიხილავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ვლადიმირ პუტინის განსაკუთრებული სიძულვილი ახსენდება ანა ფოტიგას, ევროპარლამენტის წევრს და პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. მან სააკაშვილის შესახებ 9 ნოემბერს, საია-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინღონისძიებაზე ისაუბრა:

„თუკი საქართველოს მეგობრების აზრი გაინტერესებთ, და მე მუდმივად ვაკვირდები საქართველოს, რაც ახლა ხდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თავს, არასწორია. რაღაცნაირად მაფორიაქებს და არ მასვენებს ფიქრი იმაზე, რომ ის ასე ძალიან სძულდა პუტინს. მთელ მსოფლიოში ხომ ასეთი აშკარაა რუსეთის მიმართ პოლიტიკის რაღაცნაირად შერბილების ნება.

გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმტკიცე. გთხოვთ, უპირველეს ყოვლისა, გამონახეთ გამოსავლის გზა, ეს თქვენი საქმეა და არა ჩვენი, ჩვენ მხოლოდ ხელშეწყობა შეგვიძლია“, - თქვა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

რეაქციები შინ და გარეთ

რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები იმედოვნებენ, რომ სააკაშვილს მთელი დასავლეთი დაივიწყებს, რადგან ის მათთვისაც „არასანდო“ პარტნიორია. ქართული ოპოზიციური ძალებისთვის 9 ნოემბერი გარდამტეხი დღეა, როცა საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ მწვავე განცხადებებით მზარდი შეშფოთება გამოხატეს.

ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ 9 ნოემბერს განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას კვლავაც ყურადღებით დააკვირდებიან ვაშინგტონიდან. მოწოდებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც:

  • „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროების დაკმაყოფილება.
  • ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

სახელმწიფო დეპარტამენტიდან შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აუცილებელია პატიმრის „პირადი ინფორმაციის დაცვაც“. პრესსპიკერმა განცხადება „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, თუმცა ის წინასწარ მომზადებული განცხადების ტექსტს კითხულობდა.

9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებული განცხადებები გააკეთეს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმაც.

10 ნოემბერს ელჩ კელი დეგნანს კომპეტენცია დაუწუნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა.

10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმესთან“ დაკავშირებული პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაიმართა.

ადვოკატები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ აპროტესტებდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად ეს უწყება უსაფრთხოებასა და მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული რისკებით ხსნის.

ადვოკატები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის „პანიკური შიშით“ არის განპირობებული.

„ქართულ ოცნებაში“ მუდმივად აცხადებენ, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციებით ოპოზიცია სააკაშვილს ვერაფერს უშველის და მას, სულ ცოტა, 6 წლით მოუწევს საპატიმროში ყოფნა.

„დღეს საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს. ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში აწამებდა ადამიანებს, ეპყრობოდა არაადამიანურად და მისი დაკვეთით ხდებოდა ყველაფერი... ამის მსხვერპლი გახდა ათასობით ადამიანი - წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების ჩაბარება - ამ ყველაფრის ჩამდენ კაცზეა საუბარი... სააკაშვილი არის 9500 პატიმრიდან ერთ-ერთი და მოიხდის ბოლომდე სასჯელს“, - განაცხადა 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მის მიერ ჩამოთვლილ დანაშაულებში ოფიციალურად არ ედება ბრალი მიხეილ სააკაშვილს, უკვე გამოტანილი განაჩენებისა თუ მიმდინარე საქმეების მიხედვით.

იმავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის თემა „დახურულად“ გამოაცხადა და ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ აღარასოდეს უპასუხებს მოშიმშილე პატიმართან დაკავშირებულ შეკითხვებს.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ დღემდე მხოლოდ ცინიკური და გაუგებარი პასუხები მიიღეს ხელისუფლებისგან - მათ მიერ წამოყენებულ ინიციატივაზე - სასწრაფოდ დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.

ოპოზიციის მიერ წამოწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციების მთავარ მოთხოვნად რჩება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ და მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამოქალაქო საავადმყოფოში. მოთხოვნათა შორის არის ასევე - პატიმრის გათავისუფლება.

გათავისუფლება - როგორ?

მსჯავრდებული პატიმრის გათავისუფლების ყველაზე სწრაფი და გარანტირებული გზაა პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის პასუხია - „არა და არასოდეს“.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, „პუტინის ტყვე“ საპყრობილეში არავითარ შემთხვევაში არ დარჩება და უწყვეტი საპროტესტო აქციების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველა შესაძლო გზაზე მაღალი კვალიფიკაციის იურისტებიც მუშაობენ.

პარტიაში არავინ ლაპარაკობს პატიმრის უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობებზე, რასაც ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნებაც“.

არა სწრაფ და მყისიერ, მაგრამ გათავისუფლების შესაძლო გზად იმთავითვე, სააკაშვილის დაკავების პირველი წუთებიდან, სწორედ უკრაინაში მისი დაბრუნება განიხილებოდა იურისტების მიერ.

უკრაინის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების თხოვნით მიხეილ სააკაშვილის დედამაც მიმართა 9 ნოემბერს. საგანგებო ვიდეომიმართვაში გიული ალასანია ამბობს, რომ სასიკვდილოდ განწირული მისი შვილის გადარჩენა უკრაინას შეუძლია.

10 ნოემბერს კიევში ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. თუმცა უკრაინის მოქალაქის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების შესახებ განცხადებები ოქტომბრის დასაწყისშივე გაკეთდა როგორც პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.

ამასთან, 8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ნოტა გამოუგზავნა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა შესაძლებლობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ნების საწინააღმდეგოდ, და როგორც თავად ამბობს - მოტყუებით, „ციხის საავადმყოფოში“ 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გარდა, სააკაშვილის თანაპარტიელები, მხარდამჭერები, სახალხო დამცველი და ექიმების ერთი ნაწილი აცხადებენ, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეუძლებელია შესაბამისი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

„ციხის საავადმყოფო“ მაღალი ტექნოლოგიებით რომ არ არის აღჭურვილი და დამატებითი დახმარება გახდება საჭირო, 9 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც აღნიშნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG