Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმოდგენა არ მქონდა, რა გველოდა - ირანის ყოფილი იმპერატორი ქალის რევოლუციამდელი მოგონებები


ირანის ყოფილი დედოფალი, შაჰის მეუღლე ფარაჰ დიბა ფეჰლევი
ირანის ყოფილი დედოფალი, შაჰის მეუღლე ფარაჰ დიბა ფეჰლევი

ირანის ყოფილი დედოფლის, შაჰის მეუღლის, ფარაჰ დიბა ფეჰლევის, პირველი მემუარები, რომლებიც ხელმეორედ გამოიცემა ინგლისურ ენაზე, ახალ სხივს მოჰფენს ირანის შაჰის კარის ცხოვრებას 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე.

ახლა უკვე 83 წლის ფეჰლევი, რომელსაც თავის ქვეყანაში აფასებენ და პატივს სცემენ ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, თავის წარსულსა და მაშინდელ წინააღმდეგობებზე მოგვითხრობს.

ყოფილმა დედოფალმა, ფარაჰ ფეჰლევიმ, პირველად თავისი მემუარები 1979 წლის მოვლენებამდე - რევოლუციამდე - ორი წლით ადრე გამოაქვეყნა. ამ რევოლუციას მოჰყვა მისი ქმრის, შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის დამხობა და ირანის მონარქიის დასრულება.

ფეჰლევი 38 წლის იყო, როცა დაწერა წიგნი თავისი, როგორც დედოფლის, ანუ „შაჰბანუს“, როგორც მას ირანელები უწოდებენ, მომხიბვლელი ცხოვრების შესახებ, რომლისთვისაც წარმოუდგენელი იყო ისლამური რევოლუცია და განუსაზღვრელი ვადით გადასახლება.

„იმ დროს, როცა მემუარები დავწერე, წარმოდგენა არ მქონდა, რა გველოდა“, წერს ის თავისი მემუარების მეორე ინგლისურენოვანი გამოცემის წინასიტყვაობაში. „1001 დღე: ქალი იმპერატორის მემუარები“ ამ თვის ბოლოს გამოვა და მის რევოლუციამდელ ცხოვრებას ახალ თაობას გააცნობს.

ზღაპრული ცხოვრება

მისი ცხოვრება მანამდე ზღაპარს ჰგავდა. ის უბრალო ოჯახის შვილი იყო, რომელიც მეფეს გაჰყვა ცოლად და უძველესი სახელმწიფოს დედოფალი გახდა, როცა მხოლოდ 21 წლისა იყო.

შაჰს - რომელიც 1941 წელს ავიდა ტახტზე და 1953 წელს დაუბრუნდა ხელისუფლებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ბრიტანეთის სადუმლო სამსახურის ხელშეწყობით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ - პირველად ირანის საელჩოში შეხვდა პარიზში, სადაც არქიტექტურას სწავლობდა. 1959 წელს დაქორწინდნენ და ის 40 წლის მონარქის მესამე ცოლი გახდა.

ფარაჰ დიბა ფეჰლევი ესალმება ხალხს თეირანის ქუჩებში ირანის იმპერატორ ქალად - შაჰბანუდ კურთხევის დღეს. 1967 წლის 26 ოქტომბერი
ფარაჰ დიბა ფეჰლევი ესალმება ხალხს თეირანის ქუჩებში ირანის იმპერატორ ქალად - შაჰბანუდ კურთხევის დღეს. 1967 წლის 26 ოქტომბერი

ფეჰლევი იხსენებს, როგორ აცნობდა შაჰი თავის მოვალეობებს, რომელიც მას, როგორც შაჰის ცოლს, ექნებოდა, და როგორი გაკვირვებული იყო მათი მასშტაბით.

მან ოთხი შვილი გაზარდა - მათ შორის ტახტის მემკვიდრე, რეზა, რომელიც მათი ქორწინებიდან 11 თვეში დაიბადა - და თავისი დროის დიდ ნაწილს სოციალურ და კულტურულ საქმეებს უთმობდა, მათ შორის, ირანული და დასავლური ხელოვნების პოპულარიზაციას, რამაც მას ფართო დაფასება და პოპულარობა მოუტანა.

იმპერატორ ქალად - შაჰბანუდ - კურთხეული

1967 წელს, პომპეზურ ცერემონიაზე, ის ირანის იმპერატორ ქალად - შაჰბანუდ - აკურთხა შაჰმა, რომელმაც საკუთარ თავს მეფეთ მეფე, ანუ შაჰანშაჰა უწოდა. ირანის შაჰბანუ ამბობს, რომ ის კვლავ სიყვარულით იხსენებს ამ ამბავს, როგორც ქალისთვის მნიშვნელოვან მოვლენას.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ირანის იმპერატორ ქალად კურთხევის დღე ყველა ქალის კურთხევის დღე იყო ჩემს ქვეყანაში“, - უთხრა ფეჰლევიმ თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში რადიო თავისუფლების რადიო ფარდას, სადაც საუბრობდა თავისი მემუარების შესახებ, რომელიც პირველად ფრანგულ ენაზე გამოიცა.

მუჰამედ რეზა ფეჰლავი და ფარაჰ დიბა ფეჰლევი 1979 წლის 24 იანვარს მაროკოში ყოფნის დროს.
მუჰამედ რეზა ფეჰლავი და ფარაჰ დიბა ფეჰლევი 1979 წლის 24 იანვარს მაროკოში ყოფნის დროს.

თავდადებული ცხოვრება

ფარაჰ ფეჰლევი მხარს უჭერდა ბევრ საქველმოქმედო საზოგადოებას და ორგანიზაციას, ბავშვებისა და მოზარდების ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუტის ჩათვლით, რომლის დაარსებასაც თვითონ შეუწყო ხელი. მან მოიარა ირანი - ჩადიოდა შორეულ რეგიონებში, სადაც უბრალო, გაჭირვებულ ხალხს ხვდებოდა, მათ შორის, კეთროვნებსაც.

მისი სტუმრობის ამბავი ობოლ ბავშვთა სახლებში, საავადმყოფოებსა და გაჭირვებულ რეგიონებში ხშირად ხვდებოდა გაზეთებისა და ჟურნალების პირველ გვერდებზე.

ისტორიკოსი რობერტ სტილი ამბობს, რომ ფეჰლევი მონარქიის „ჭეშმარიტი, ადამიანური სახე“ გახდა.

„რა თქმა უნდა, ეს საგულდაგულოდ მომზადებული პროპაგანდა იყო, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა, მაგრამ ფარაჰმა ირანელი ხალხის "დედის" ეს როლი ძალიან სერიოზულად მიიღო“, თქვა სტილმა, ლონდონის ეკონომიკის სკოლის მოწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა. „ფარაჰი იყო, ყველა გაგებით და მიზნებით, ფეჰლევის მონარქიის ნამდვილი, ადამიანური სახე“.

მას ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიო ლიდერებთან, ცნობილ ადამიანებსა და გამოჩენილ მხატვრებთან, როგორიც იყო ენდი უორჰოლი, რომელიც 1976 წელს ჩავიდა ირანში და დედოფალს პოლაროიდით გადაუღო ფოტო, რომელიც შემდეგ საკულტო სურათი გახდა.

1970-იან წლებში, მან ხელი შეუწყო თანამედროვე დასავლელი მხატვრების - მათ შორის, ალბერტო ჯაკომეტის, ჰენრი მურის, რენე მაგრიტის, პაბლო პიკასოს, ჯექსონ პოლოკის, პიერ ოგიუსტ რენუარის და მარკ როტკოს - 300-ზე მეტი შედევრის შესყიდვას. 3 მილიარდ დოლარად შეფასებული შთამბეჭდავი კოლექცია ინახება თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც 1977 წელს გაიხსნა.

იმ წლების განმავლობაში, იმედითა და ენერგიით სავსე რაჰმა ფეჰლევიმ, თავი მიუძღვნა ქვეყანას, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო და რომლის პროგრესის ხილვა სურდა.

„არ მინდოდა, სათანადო ყურადღება არ მიმეპყრო ირანის დიდებული ისტორიისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიო ესოდენ პატივს სცემდა, მაგრამ მსურდა, რომ ჩემს თანამემამულეებს თანამედროვეობის უპირატესობებითაც ესარგებლათ - განათლებით, ჯანდაცვით და ინდუსტრიალიზაციით“, - დაწერა მან თავისი ხელახლა გამოცემული მემუარების წინასიტყვაობაში.

სტილი ამბობს, რომ ფეჰლევი პოლიტიკაში არ ერეოდა და თავის საყვარელ სფეროებს - ხელოვნებას, ლიტერატურას, მუსიკასა და არქიტექტურას უთმობდა ყურადღებას.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დარჩა პოპულარული რევოლუციის შემდეგაც კი, ის იყო, რომ დიდწილად მოწყვეტილი იყო ირანული პოლიტიკის პირქუშ სამყაროს“, თქვა სტილმა. „თუმცა, მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფარაჰის საქმიანობას და მის მიერ შეგროვებულ ხელოვნების ნიმუშებს კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ფეჰლევის რეჟიმისადმი გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევდა. იმ დროს, როცა ოპოზიციური ჯგუფები გმობდნენ ირანული მოსახლეობის "დასავლოტოქსიკაციას", ფეჰლევის სამეფო კარის ევროპული გემოვნება და დასავლური კულტურის სიყვარული მას კრიტიკის ობიექტად ხდიდა“, - თქვა მან.

რევოლუცია, განუსაზღვრელი ვადით გადასახლება

შაჰის მოწინააღმდეგეთა რიგები იზრდებოდა ვესტერნიზაციისა და სეკულარიზაციის მცდელობების, პოლიტიკური რეპრესიების და მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი უფსკრულისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო შაჰისა და მისი გარემოცვის მხრიდან ექსცესების ფონზე. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია იმპერიის 2500 წლისთავის აღსანიშნავი ექსტრავაგანტული დღესასწაულები.

ფეჰლევი იცავს 1971 წელს გამართულ ზეიმს, რომლისთვისაც საჭმელი პარიზიდან ჩამოიტანეს.

„არცერთი პატარა შეცდომაც არ ყოფილა და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით“, - თქვა მან თავისი მემუარების შესახებ ბოლოდროინდელ საუბარში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.


„დასავლურმა პრესამ ძლიერ გაგვაკრიტიკა. მათ არ ესმოდათ, რამდენად დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა ირანი, ისინი მხოლოდ საჭმელზე, კარვებსა და სხვა ასეთ დეტალებზე წერდნენ“, - დაამატა ფეჰლევიმ.

წარსულში, ის ასევე ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევდა ადამიანის უფლებების დარღვევას შაჰის მმართველობის დროს და ამტკიცებდა, რომ საიდუმლო პოლიციის, „სავაქის“ მიმართ შიში ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.

1979 წლის იანვარში, რამდენიმეთვიანი გაფიცვებისა და ძლიერი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ფეჰლევი თავის ქმართან ერთად ირანიდან გაიქცა და დარჩენილი ცხოვრება გადასახლებაში და დანაკარგით გამოწვეულ ტკივილთან ბრძოლაში გაატარა. მისი გაქცევიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, აიათოლა რუჰოლა ხომეინის დაბრუნებით დასრულდა ისლამური რევოლუცია. შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა, რომელიც დღეს კრიტიკის საგანია რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.

ახლობლების სიკვდილი

სამშობლოს დატოვებიდან თვრამეტი თვის შემდეგ, ფეჰლევიმ ქმარი დაკარგა. შაჰი კიბოთი გარდაიცვალა ეგვიპტეში. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2001 წელს, მისი უმცროსი ქალიშვილი, 33 წლის ლეილა, ნარკოტიკების ზედმეტმა დოზამ მოკლა ლონდონში. თერთმეტი წლის შემდეგ, მისმა უმცროსმა ვაჟმა, ალირეზამ, წლების განმავლობაში დეპრესიასთან ბრძოლის შემდეგ, 44 წლის ასაკში, თავი მოიკლა.

„ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა, ძალიან რთული და, ამასთანავე, ძალიან ლამაზი“, თქვა მან ონლაინჩატში.

ფეჰლევი, რომელიც ოქტომბერში 83 წლის გახდა, კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალს თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ფეჰლევის ეპოქის მიმართ ნოსტალგია ფართოდაა გავრცელებული იმათ შორისაც კი, ვინც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ გაიზარდა.

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი უდიდესი სურვილია „ირანში მშვიდობა“ და დასძინა, რომ გადასახლებაში ყოფნის ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის მიუხედავად, კვლავაც ძლიერია სიყვარული და კავშირი თავის ქვეყანასთან.

„ჩემი სურვილი მუდამ ის იყო, რომ ვაცოცხლო იმედი და მწუხარება გულს არ გავიკარო. ყოველთვის ვამბობ, რომ იმედი მაქვს, რომ ნათელი დასძლევს ბნელეთს“, ამბობს ირანის ბოლო შაჰბანუ - ქალი იმპერატორი, შაჰის მეუღლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG