Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის ადვოკატი პროცესის შემდეგ: მოსამართლემ თქვა, ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხება


დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე "პიჯაკების საქმის" სახელით იხსენიებს, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა მის გარეშე გაიმართა. ამ სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს. ადვოკატებმა უარი მიიღეს კიდევ ერთ შუამდგომლობაზე, დასწრებოდა სხდომას ყველა ის მედიასაშუალება, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნით მიმართა სასამართლოს კანცელარიას. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ადვოკატებსაც შეუზღუდა პირადი ტელეფონების საშუალებით ფეისბუქის ლაივით სხდომის გადაცემა. ამავე სხდომაზე პროკურორმა, გიორგი მუჯირმა სასამართლოს შესთავაზა სხდომები ამ საქმეზე წარიმართოს ონლაინ ან პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც საშუალებას მისცემდა ბრალდებულს, იყოს პროცესის თანამონაწილე.

სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ ის არ აპირებს ამ საქმეზე სასამართლო სხდომები გამართოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ონლაინ მონაწილეობის საკითხს კი არ განიხილავს იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის პოზიცია მისთვის ამ თემაზე ცნობილი არ არის.

„მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მოხარული ვიქნები“,- განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

„ბატონო ბადრი, სააკაშვილის სასამართლოში მოყვანაზე უარი ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა მინისტრმა ბრეგაძემ თქვა, სააკაშვილი პროცესზე არ მივა და ადვოკატები ციხეში მივლენო. ეს ფარსი დაიდგა იმის ხარჯზე, რომ თქვენი მაღალი კომპეტენციის ხარჯზე წარმოაჩინოთ იცით რა? მე მოწადინებული ვარ, ბრალდებულმა მიიღოს მონაწილეობა პროცესშიო", - უთხრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს. მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი ისე ცუდად არის, რომ სასამართლოში მისვლა არ შეუძლია, არც პენიტენციურში ან ონლაინ ფორმატში შეეძლება სხდომაზე დასწრება, თუმცა ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა გამორიცხავს მის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, არც კონსილიუმის დასკვნით დასტურდება და მხოლოდ ციხის ერთი ექიმის გადაწყვეტილებაა.

სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა სწორედ იმ მიზეზით დააყენეს, რომ მოსამართლემ არ თქვა, რომ პენიტენციური სამსახურის უარი სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე იყო უკანონო და გარდა სხდომამდე მისი სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნისა, არაფერი იღონა იმისთვის, რომ ბრალდებული წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.

"მოგეხსენებათ, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პენიტენციურ სამსახურს უნდა მოეყვანა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. კანონმდებლობის მიხედვით, პენიტენციურს არ აქვს უფლება იმ საფუძვლით უარი თქვას ბრალდებულის მოყვანაზე, რა საფუძვლითაც თქვეს უარი.

ჩვენ ვკითხეთ მოსამართლეს, რა რეაგირება აქვს იმაზე, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მისი მოთხოვნა უკანონო საფუძვლით არ შეასრულა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ რა ვქნა, მე მოვითხოვე, აგერ 4 ხართ, წადით და ძალით მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდანო. ფაქტობრივად მოსამართლემ თქვა, ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

ეს ხომ ისედაც ვიცით, რომ არც ბადრი კოჭლამაზაშვილს, არც იმ პროკურორებს და არც ნიკა ცხვარაშვილს არავინ არაფერს არ ეკითხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კარგად ვიცით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილიც კი არ იღებს გადაწყვეტილებებს, ვლადიმერ პუტინია აქ პირდაპირ გადაწყვეტილების მიმღები. უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო მოსამართლისგან იმის მოსმენა, მე გადაწყვეტილება მივიღე და მეტი რა გავაკეთოო. მას შეეძლო ეთქვა, რომ უკანონო იყო პენიტენციურის უარი, მაგრამ ესეც ვერ გაბედა", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მან დღევანდელ სასამართლო პროცესს "ფარსი" უწოდა.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება.

ე.წ."პიჯაკების საქმეზე" ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ამ საქმეზე სასამართლოში განხილვები წლებია გრძელდება და პროცესი ახლა მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა გადასული. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს არცერთი მოწმე არ დაუკითხავს.

მიხეილ სააკაშვილი "დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა" და "7 ნოემბრის საქმეზე" ბრალდებულია და სასამართლოს ამ საქმეებზე გადაწყვეტილება გამოცხადებული არ აქვს.

10 ნოემბერს "7 ნოემბრის საქმის" განხილვა საქალაქო სასამართლოში ასევე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG