Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი


სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი ჩიდრაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ საინფორმაციო ბრიფინგზე გიორგი ჩიდრაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო და ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმაშია.

როგორც მოგეხსენებათ, პაციენტი იმყოფება #18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება.“,- განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

ცალკეული მაჩვენებლების კონკრეტიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პენიტენიციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პასუხი არ გასცა და თქვა, რომ ეს არის "განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური ინფორმაცია:.

რაც შეეხება აქამდე მოქმედ სამედიცინო კონსილიუმს, ჩიდრაშვილის თქმით „კონსილიუმი არ შეჩერებულა, ძალაშია კონსილიუმის არსებობა“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სანამ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, საჭირო აღარ არის. თამარ გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ექიმების გუნდის შემადგენლობა.

დღეს, 16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.

ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი, პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG