Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარიას თქმით, მის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფი სააკაშვილს უახლოეს დღეებში მოინახულებს


სახალხო დამცველის, ნინო ლონჯარიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, მის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლები გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში უახლოეს დღეებში შევლენ. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან საუბარში განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმი უკვე 7 დღეა არ შესულა ციხეში ყოფილ პრეზიდენტთან, მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი მანდატის ფარგლებში, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც მე-18 დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლა შეეძლება.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას, ზუსტ დროს გაცნობებთ ცოტა ხნით ადრე ვიზიტამდე, იმიტომ, რომ წინასწარ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ დავაანონსოთ ჩვენს მიერ დაგეგმილი ვიზიტი. თუ ყველა მოთხოვნას, რაც სჭირდება პაციენტის მკურნალობას, ეს დაწესებულება დააკმაყოფილებს, იქნება შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება განსხვავებული მოსაზრება ამასაც, დამოუკიდებლად იტყვის აღნიშნული კონსილიუმი. სახალხო დამცველი სრულად ენდობა აღნიშნულ ექსპერტებს. შეფასებებში და რეკომენდაციებში სამედიცინო თვალსაზრისით დავეყრდნობით აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი სიტვებით, თუ ამ ჯგუფს შეექმნება დაბრკოლებები, ეს იმას ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს ეუბნება უარს ციხეში პატიმრის მონახულებაზე, „რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ, შესაძლოა, მას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაც მიეცეს“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

16 ნოემბერს ომბუდსმენმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ჯგუფის მიზანია, შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი, პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სანამ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, საჭირო აღარ არის.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ ექიმების გუნდის შემადგენლობა, ვინც მედიას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG