Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ბესტაევი ცხინვალიდან სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყავთ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ცხინვალში რეანომობილი შევიდა და ახლა ბესტაევი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავთ.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი.

გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს. მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აცხადებენ სუს-ში.

გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველმა ინფორმაცია ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გაავრცელა.

რადიო თავისუფლებას ექიმი-ტრავმატოლოგი​ ეუბნება, რომ ცხინვალის ციხიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. წყარომ გაფრინდაშვილს აცნობა, რომ ბესტაევს ინსულტი აქვს და ის ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გაფრინდაშვილი იმასაც ამბობს, რომ ბესტაევი კომაშია.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლთან დააკავეს და ბრალად დე ფაქტო საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

გენადი ბესტაევის სახლი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, სახლის ეზოში მავთულხლართია გაბმული და სახლში ყოველი მისვლისას ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებდნენ. ამ ბრალდებით იგი არაერთხელ იყო დაკავებული, რამდენჯერმე ნათესავებმა და თანასოფლელებმა მას თანხაც შეუკრიბეს, რომ ე.წ ადმინისტრაციული ჯარიმა გადაეხადათ. ბოლოს ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ე.წ საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

XS
SM
MD
LG