Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა


საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ 19 ნოემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გელა გოჭოშვილი, რომელსაც ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. აგვისტოში გოჭოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ერთთვიანი დაგვიანებით მიაწოდეს. სექტემბერში ერგნეთის შეხვედრაზე პირველად ითქვა, რომ გოჭოშვილი ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და მას უკანონო „კრიმინალურ აქტივობასაც“ ედავებოდნენ.

გელა გოჭოშვილის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი წარმოშობით კასპის მუნიციპალიტეტიდანაა, გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი ახალგორში ცხოვრობს.

„განვიხილეთ უკანონოდ დაკავებული გოჭოშვილის საკითხი. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაგვიზიარეს ინფორმაცია, ე.წ სასამართლომ მას მიუსაჯა 1 წლით უკანონო პატიმრობა, თუმცა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ გელა გოჭოშვილი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო „ბორდერიზაციას", ახალგორში საქართველოს მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას და გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხებს.

„განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. დღევანდელი შეხვედრა გაიმართა გენადი ბესტაევის მძიმე მდგომარეობის ფონზე, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია წინა დღეების შესახებ, რაც წინ უძღოდა გენადი ბესტაევის ინსულტს. დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ გენადი ბესტაევი არის ოკუპაციის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ასეთი მსხვერპლი გვყავს არაერთი. ამავე კონტექსტში გაჟღერდა არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. გარდა ამისა, ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა უკანონო, ე.წ ბორდერიზაციის საკითხებზე. ვიმსჯელეთ ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვის ფაქტზე და იმის შესახებ, თუ რამდენად აზიანებს ეს ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, პოზიცია არის უცვლელი და ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვის ფაქტი, რომელიც არის წმინდა ჰუმანიტარული განზომილების, დაუკავშირეს კვლავ ჩორჩანის მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, რაც, რა თქმა უნდა, არის უკიდურესად დესტრუქციული და მიუღებელი", - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებთან ერთად დეკემბრის თვეში დანიშნულ ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე ირაკლი ბებუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ, რომელიც 2020 წლის დეკემბრში დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა.

XS
SM
MD
LG