Accessibility links

site logo site logo

ვინ არის გენადი ბესტაევი და რატომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება?


საოკუპაციო გამყოფი ზოლი სოფელ ერგნეთთან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ-ჰოლანდიური კლინიკიდან გაავრცელეს.

პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, არის სპონტანური სისხლჩაქცევა. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გენოდინამიკა არასტაბილურია, პროგნოზი საკმაოდ მძიმეა... თავის დროზე ჩატარებული ოპერაცია მცირე შანსს მოუმატებდა, თუმცა ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, - განაცხადა ექიმმა.

კლინიკაში იმყოფება გენადი ბესტაევის დისშვილი თემურ გუდაძე, რომელიც ამბობს, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, ცხინვალის ციხიდან ბიძის გამოყვანა ვერ მოხერხდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ბესტაევს მალე გაათავისუფლებდნენ.

„ექიმებს როგორც ველაპარაკე, ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა. სულ გვეუბნებოდნენ, დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ, მიდის მოლაპარაკებები და გათავისუფლებაზე ვმუშაობთო, მაგრამ... ასე გაგრძელდა ეს პერიოდი“.

გენადი ბესტაევის და, ნაირა გუდაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთშია გათხოვილი. მან დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდა ძმის მდგომარეობის შესახებ. არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის ციხეში მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ნანა გუდაძე ამბობს, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში მას მხოლოდ ჰპირდებოდნენ, რომ გენადის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

„ძალიან მძიმედ არის. ვინ იცის, თავში სცემდნენ და სისხლი ჩაექცა. უპატრონო რომ იყო, იმიტომ ვერაფერი გააკეთეს (საქართველოს ხელისუფლებამ), სანამ არ დამძიმდა. აღარ მინდა, მეორე ძმასაც ჩემი ხელით მიწა მივაყარო. რამდენჯერ გავაჟღერე, რამდენჯერ ვთქვი, მაგრამ არაფერი შეიცვალა“.

53 წლის გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხინვალის ციხეში 15 ნოემბერს გაუარესდა. იგი ციხიდან ცხინვალის საავადმყოფოში ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცხინვალიდან პირველი ინფორმაცია ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მიიღო და მაშინვე გაავრცელა. ის ამბობს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში მხოლოდ აპენდიციტის ოპერაციის ჩატარება შეუძლიათ და სხვა გართულებების მქონე პაციენტები, პრაქტიკულად, სიკვდილისთვის არიან განწირულები, რადგან ცხინვალში მაღალკვალიფიციური ჯანდაცვის სერვისის მიღება შეუძლებელია.

„მანამდეც იწვა ცხინვალის საავადმყოფოში და, მე როგორც ვიცი, აპენდექტომია გაუკეთეს და გარკვეული დრო მანამდეც იწვა საავადმყოფოში. ნებისმიერი ავადმყოფი იქ (ცხინვალში), შეიძლება ითქვას, რომ 90 პროცენტი განწირულია სიკვდილისათვის, იმიტომ რომ არა აქვთ საშუალება, გაუწიონ კვალიფიცირებული, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება“.

კომაში მყოფი გენადი ბესტაევი, ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართულ მხარეს გადასცეს. ცხინვალში კატასტროფის ბრიგადა შეუშვეს და ის უმძიმეს მდგომარეობაში ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს. იმ დროს, როცა ბესტაევი უკვე რეანიმობილში იყო მოთავსებული, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეწყალების აქტი გამოსცა. ბესტაევის ნათესავების აზრით, ბიბილოვმა მომაკვდავი პატიმარი ამ გზით თავიდან მოიცილა, რადგან ცხინვალში მისი დაღუპვა ხმაურს გამოიწვევდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი.

ვინ არის გენადი ბესტაევი?

2008 წლის აგვისტოს ომამდე ბესტაევი ოჯახთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ომის შემდეგ ოჯახი გაიყო. ცოლ-შვილი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად, გენადი კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მისი სახლის ეზოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გააბეს. ომის შემდეგ ბესტაევი დასთან, სოფელ მერეთში რჩებოდა ხოლმე, თუმცა რამდენჯერმე სახლში მივიდა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეზოშივე დააკავეს. მას არაერთხელ წაუყენეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდა. თანხას თანასოფლელები და ნათესავები უგროვებდნენ. 2019 წლის ნოემბერში, სახლში მორიგი მისვლისას, მისი მეხუთედ დაკავება მოხდა. მას ე.წ. საზღვრის დარღვევასთან ერთად ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებაც წაუყენეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ბესტაევს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა და გათავისუფლებაც ახლოს იყო, რადგან ცხინვალის ციხეში გატარებული ერთი დღე პატიმრებს დღე-ნახევრად ეთვლებათ. ბესტაევი ერთ კვირაში უკვე გათავისუფლებას ელოდა, თუმცა ცხინვალიდან რეანიმობილით გამოიყვანეს. ახლა ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG