Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკის შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.

„მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ იმიტომ, რომ პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს. ერთის მხრივ, რომ წარმოვიდგინოთ განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად: კაცი არის სოციალურად დაუცველი, ღებულობს ყოველთვიურად დახმარებას, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის, ხარჯავს, კარგავს და ჩუქნის ვიღაცა ონლაინკაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია.

პირობითად ვიძახი, განზოგადებულ შემთხვევას ვამბობ, რომლის არაერთი მაგალითი მსმენია. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ამას სასწრაფოდ რეალური ქმედება, ჩარევა სჭირდება. ფსიქოტროპული მედიკამენტები და ტაბლეტები, რომელსაც მოიხმარენ, მათ შორის, ახალგაზრდები, ეს უნდა შეჩერდეს, შეწყდეს. ამ მიზნით მე გუშინ მთავრობის სხდომაზეც ღიად განვაცხადე, მაქსიმალურად გავამკაცრებთ კონტროლს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილი აზუსტებს, რომ გადახედვის ფარგლებში გამკაცრდება რეალიზაცია.

„აი, ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება, როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორად მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას. ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. კონკრეტიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალია სპორტი, მუშაობა, დასაქმება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”, - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინკაზინოების მუშაობს უკავშირებს ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ინტერესს და რეგულაციების გამკაცრებაზე ილაპარაკა 22 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG