Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მარადმწვანე სტატუსი“ - მინისტრის ოხუნჯობა და სახიფათო გადაწყვეტილება


როდესაც კორონავირუსით დღეში 60-დან 80 ადამიანამდე კვდება, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, აცრის ტემპი მუხრუჭებით მიდის, ხუმრობის დრო ალბათ ყველაზე ნაკლებადაა. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მაინც დააყენა ხუმრობის ხასიათზე ჟურნალისტების კითხვამ ორი „მწვანე პასპორტის“ შესახებ და მათ ასე უპასუხა:

ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

„ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი „მწვანე პასპორტით“, „უვადო პასპორტით“ და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს“.

რას ნიშნავს ორი „მწვანე პასპორტი“?

ორი „მწვანე პასპორტის“ შესახებ საზოგადოებამ პირველად 25 ნოემბერს შეიტყო. თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით.

საქართველოს ხელისუფლება ვაქცინაციის ტემპის გაზრდისა და ვაქცინაციის ე.წ. ირიბი ვალდებულების საბაბით, პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ რეჟიმს შემოიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირს, რომელსაც არ ექნება მწვანე სტატუსი, ვერ შევა მაგალითად, კვების ობიექტებში, გასართობი ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში და ა.შ.

„ქართული წარმოების“ მწვანე სტატუსი მიენიჭება ყველა იმ პირს, ვინც:

  • ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით;
  • ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი;
  • ან გადატანილი აქვს კოვიდი.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი უცნაური, ხომ? უცხოეთის ქვეყნებშიც ხომ ასეა? იქაც ხომ სწორედ ამ კრიტერიუმებით ენიჭება პირს „მწვანე სტატუსი“?. მაგრამ ცდებით. მინისტრ ტიკარაძისა არ იყოს, „საქართველოსნაირი ქვეყანა ხომ მეორე არ არის“ და სწორედ ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთხელ კოვიდგადატანილ პირს „მარადმწვანე“ სტატუსი მიენიჭება. ანუ, თუკი მაგალითად, თქვენ კოვიდი გადაიტანეთ 2020 წლის 3 სექტემბერს ან უფრო ადრეც, გეძლევათ გარანტია, რომ თქვენი სტატუსი „მარადმწვანე“ იქნება.

ოღონდ, ნახეთ, რაშია საქმე? აი ამ ქართული წარმოების „მწვანე სტატუსით“, თუკი მხოლოდ კოვიდი გაქვთ გადატანილი და ისიც ერთი წლის წინ და თან არ ხართ ვაქცინირებული, თქვენი ქართული „მწვანე სტატუსი“ უცხოეთში გაწითლდება და პრობლემები შეგექმნებათ როგორც საზღვრის კვეთისას, ისე მაგალითად სხვადასხვა საჯარო სივრცეში შესვლისას, რადგან უცხოეთში, მწვანე სტატუს გაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი: ან ხარ ორჯერ აცრილი; ან ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი; ან გადატანილი გაქვს კორონავირუსი, ოღონდ შენი ინფიცირებიდან ჯერ არ გასულა 6 თვე.

აი სწორედ აქ შემოდის სცენაზე მეორე „მწვანე პასპორტი“, რომლის შესახებაც 25 ნოემბერს შევიტყეთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, დეტალების დაზუსტება, რა და როგორ იგეგმება, ამ ეტაპზე, ვერ მოვახერხეთ:

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, საჭირო იქნება დადასტურება, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იყო ავადობა. ამიტომ მიმდინარეობს ახლა ამაზე მსჯელობა. შესაძლოა, დაშვებულ იქნას ორი ვარიანტი, ორი „მწვანე საბუთი“ - ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე გარე მოხმარებისთვის“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

უნდა ითქვას, რომ რამდენიმე თვის წინ, ამირან გამყრელიძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭოს სხვა, საერთაშორისო კრიტერიუმებით შექმნილი „მწვანე პასპორტის“ პროექტი წარუდგინა, თუმცა, ეს პროექტი საკოორდინაციო საბჭომ დაიწუნა და სამაგიეროდ, საბჭომ შემოგვთავაზა „მწვანე პასპორტის“ ე.წ. ლოიალური ვერსია. რა არგუმენტებითა და რატომ დაიწუნა საბჭომ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული კოვიდ-პასპორტის პროექტი, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ ვერ მოიძია. ერთადერთი, რაც ამირან გამყრელიძისგან 24 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მოვისმინეთ, იყო ის, რომ შესაძლებელია კოვიდგადატანილთა „მწვანე სტატუსის“ საკითხი გადაიხედოს:

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი, მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს კი უკვე ორი „მწვანე პასპორტის“ იდეის შესახებაც შევიტყვეთ.

რა საფრთხეებს შეიცავს „მარადმწვანე სტატუსი“?

საერთაშორისო მედიცინა, მეცნიერები უკვე შეთანხმდნენ, რომ Sars-CoV-2 ანუ COVID19, გადატანის შემდეგ არ ტოვებს მყარ, სამუდამო იმუნიტეტს, მაგალითად, ისეთს, როგორსაც ჩუტყვავილა, წითელა თუ სხვა ინფექციური ვირუსული დაავადებები.

კორონავირუსით ავადობის შემდეგ, კვლავაც რჩება რისკი, რომ ადამიანი მეორედ დაავადდეს ანუ მოხდეს მისი რეინფიცირება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) კორონავრიუსით რეინფიცირების დეფიცინიაც დაამტკიცა. ამ განმარტების თანახმად, რეინფიცირება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირებიდან 90 ან მეტი დღის გასვლის შემდეგ, ხდება პირის ხელახალი ინფიცირება.

ასე დაინფიცირდა რამდენიმე დღის წინ ხელმეორედ ტატა გამყრელიძე. საიზოლაციო პერიოდი ჯერაც არ გასვლია. პირველად კორონავირუსით 2020 წლის ნოემბერში იავადმყოფა. ვირუსი დედისგან გადაედო. გაზაფხულზე ვაქცინაც გაიკეთა. რამდენიმე დღის წინ კი მას კორონავირუსი ხელმეორედ დაუდასტურდა:

„ვირუსი შვილისგან გადამედო. ვიფიქრე, რაკი ერთხელ უკვე მქონდა გადატანილი და თან აცრილიც ვიყავი, უფრო მეტად ვიქნებოდი დაცული, ამიტომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებისთვის არ მიმიმართავს. შვილის ინფიცირებიდან ერთი კვირის თავზე კი მეც დამიდასტურდა ვირუსი. ჩემი შემთხვევაც ცხადყოფს, რომ ამ ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, კოვიდგადატანილისთვის რაიმე სტატუსის სამუდამოდ მინიჭება, ნამდვილად არ უნდა იყოს გამართლებული“.

მეცნიერთა განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენის შემდეგ, რეინფიცირების რისკი კიდევ უფრო მატულობს. დანიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, Sars-CoV-2-ის ბუნებრივი იმუნიტეტი დროთა განმავლობაში მცირდება. გამოკვლევა ამბობს, რომ 65 წელს ქვემოთ ადამიანებში, ინფიცირებიდან სულ ცოტა ექვსი თვის განმავლობაში ბუნებრივი იმუნიტეტის დაცვა 80%-ია, მაშინ, როდესაც 65 წელს ზემოთ ადამიანებში, ეს დაცვა მხოლოდ 47%-ს შეადგენს.

ბრიტანული გამოკვლევის თანახმად, 20 262 კოვიდდადებითი ბრიტანელიდან, რომლებიც 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში დაინფიცირდნენ, 296 რეინფიცირების შემთხვევა იყო. ისინი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდნენ 120 დღიდან 203 დღის პერიოდში. რეინფიცირების რისკი გაიზარდა 2021 წლის მაისიდან, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის ბრიტანეთში, დომინანტი გახდა ვირუსის დელტა შტამი.

რეინფიცირების შემთხვევების შესახებ იტყობინება აშშ-ში, ოკლაჰომაში ჩატარებული აღრიცხვა. მათი მონაცემებით, 3,9 მილიონიან ოკლაჰომაში, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, რეინფიცირების 5 229 შემთხვევა დადასტურდა, 100 000 მოსახლეზე 1 152 შემთხვევა. რეინფიცირების შემთხვევები მიმდინარე წლის მაისიდან კი 350%-ით გაიზარდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში რეინფიცირების 5000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ მან 25 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რეინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე წლის მარტში დადასტურდა.

თუკი ისევ პაატა იმნაძის მონაცემებს დავეყრდნობით, რომელთა შესახებაც მან აგვისტოს მიწურულს ილაპარაკა, რეინფიცირების შემთხვევები საქართველოში დაფიქსირდა პირველი ინფიცირებიდან ორთვენახევრის შემდეგაც კი. ანუ, ძალიან მალე პირველი ინფიცირების შემდეგ.

რას ფიქრობენ ექიმები?

ამ მონაცემების თანახმად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ კოვიდგადატანილთათვის „მარადმწვანე“ სტატუსის მინიჭება სერიოზულ რისკებთან და საფრთხეებთანაა დაკავშირებული.

ასე მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს ივანე ჩხაიძესაც, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება:

ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე

„ასეთი გადაწყვეტილება არ ჯდება თავად დაავადების მექანიზმში. კოვიდის გადატანა არ ნიშნავს სამუდამო იმუნიტეტს. ის, რაც ჩვენ ვიცოდით [კოვიდ პასპორტის კრიტერიუმების შესახებ], ლაპარაკია იყო ერთი წლის პერიოდზე, რადგან, ეს ერთი წელი მეტნაკლებად მისაღებია. ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა გარკვეული იმუნიტეტი დარჩეს ორგანიზმში, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ამ ადამიანებისთვის სამუდამო სტატუსის მინიჭება. არცერთ კვლევაში, არცერთ რეკომენდაციაში არ არის დაფიქსირებული, რომ კოვიდი ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს. ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ეს არის ექვსი თვე. კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაში, რეინფიცირების შემთხვევები არის მინიმალური. ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, გაუგებრობა უფრო არის, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება“.

ივანე ჩხაიძე იმასაც შიშობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, მუდმივი სტატუსი მიანიჭოს კოვიდგადატანილ ადამიანებს, შეამცირებს ისედაც შეფერხებით მიმდინარე ვაქცინაციის ტემპს:

„დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას განმეორებითი განმარტებები მოჰყვება, რადგან არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დარჩეს ასე. ის საფრთხეს შეუქმნის იმუნიზაციის პროცესსაც, რადგან ხალხი გადაწყვეტს, რომ რაკი მან გადაიტანა კოვიდი, აცრა აღარ სჭირდება და მას მუდმივი იმუნიტეტი დარჩება“.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია კოვიდგადატანილმა ადამიანმა ჩაიტაროს ვაქცინაცია. პროტოკოლის თანახმად ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის შემდეგ. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც COVID19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და ისინიც, რომელთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ასეთ შემთხვევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.

„საშიში და დანაშაულებრივი“, - ასე ეხმაურება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას „მწვანე სტატუსის“ კრიტერიუმების შესახებ რევაზ ბოჭორიშვილი, საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი. ის სოციალურ ქსელში წერს:

"წარმოუდგენელი უაზრობაა. საშიში და დანაშაულებრივი. სრულ წინააღმდეგობაში კოვიდის შესახებ მსოფლიოში დაგროვილ დღევანდელ ცოდნასთან. საფრანგეთი რა სამაგალითოა (ზოგიერთისთვის), მაგრამ აქაური “სანიტარული საშვის“ ანუ “მწვანე სტატუსის“ პირობებში ნათლად წერია, კოვიდგატანალი სტატუსის გათვალისწინება ხდება თუ კოვიდი გადატანილია არა უმეტეს 6 თვის წინ“.

გადასწონის თუ არა ექიმთა და მეცნიერთა რეკომენდაციების პინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცე პოზიციას, რომ „ამ მიმართულებით ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო“, ამ ეტაპზე, უცნობია.

თუმცა, ცხადია, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სახიფათო გადაწყვეტილების პარალელურად, ქვეყანაში, უკიდურესად დაბალია სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილი. გლობალური კოვიდ-სტატისტიკის პორტალის ourworldindata-ს 22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 24,69%.

წლის ბოლოსთვის, ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრის ნაცვლად, ახლა ქვეყანას ზრდასრული მოსახლეობის, ანუ 16-წელს ზევით მოსახლეობის, მხოლოდ 34,5% ჰყავს სრულად აცრილი. ამ მაჩვენებელს ვაქცინაციის დაწყებიდან 8 თვეში მივაღწიეთ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 57 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 11 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG