Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული წარმოების“ მწვანე პასპორტი - როცა არც მწვადს წვავ და არც შამფურს?


პირველი დეკემბრიდან, საქართველოში "მწვანე პასპორტის" რეჟიმი ამოქმედდება. ანუ, ზუსტად რვა დღეში, თქვენ ვეღარ შეძლებთ შესვლას, მაგალითად, კაფეში, თუკი არ ხართ სრულად ვაქცინირებული, ან არ ფლობთ 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ტესტს ან ბოლო 24 საათში ჩატარებულ სწრაფ - ანტიგენ ტესტს, ან არ გაქვთ გადატანილი კოვიდი. ეს არის მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული, ე.წ. ირიბი გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს.

თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული "მწვანე პასპორტის" მოთხოვნები უფრო „შემწყნარებელია“ და არ აქვს მნიშვნელობა, კოვიდისგან ორი კვირის წინ გამოჯანმრთელდით თუ ვთქვათ, 2020 წლის 9 ოქტომბერს - თქვენი სტატუსი მაინც „მწვანე“ იქნება, ვერავინ მოგკითხავთ ვერც PCR ტესტის პასუხს და ვერც ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას.

კიდევ ერთი უცნაურობით გამოირჩევა „ქართული წარმოების“ მწვანე სტატუსი და მწვანე ზონა. აი, მაგალითად, რესტორანში, მუზეუმში, თეატრში, ფიტნეს-დარბაზში და ა.შ. მისული სტუმარი ხომ ვალდებულია შესასვლელში წარადგინოს კოვიდ-პასპორტი? სამაგიეროდ, ეს ვალდებულება არ ეკისრებათ ამ ობიექტების თანამშრომლებს. ანუ, თქვენ კი მიუსხდებით მაგიდებს მწვანე სტატუსით, სამაგიეროდ, თქვენი შეკვეთა შესაძლოა მიიღოს არავაქცინირებულმა, არა-კოვიდგადატანილმა და არა-PCR-ტესტჩაბარებულმა მიმტანმა. ან ფიტნეს-დარბაზში მისულს, მაგალითად, ჰანტელები შესაძლოა მოგაწოდოს ასევე არავაქცინირებულმა და ა.შ. ინტსტრუქტორმა.

როგორ პასუხობს "მწვანე პასპორტის" რეჟიმის შემოღებას სარესტორნო ბიზნესი?

„მწვანე ზონის ის კრიტერიუმები, რაც მთავრობამ პირველი დეკემბრიდან უნდა შემოიღოს, ვერავის შეუქმნის იმპულსს, რომ აცრისკენ გადადგას ნაბიჯი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე, რომელიც თვლის, რომ როგორც ყველა სხვა სფეროში, სარესტორნო ბიზნესშიც, მწვანე სივრცისა შექმნა აუცილებელია, თუმცა, ის ფორმა, რა ფორმითაც ამ ზონების შექმნა პირველი დეკემბრიდან იგეგმება, ვერ გაამართლებს, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ მწვანე სტატუსის დადასტურება მხოლოდ სტუმრის ვალდებულება იქნება და არა მასპინძლის - პერსონალის.

ამასთანავე, შოთა ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ მთავრობას ეფექტური მონიტორინგისთვის რესურსი არც ამჯერად ეყოფა, როგორც ეს სხვა რეგულაციების შემოწმებისას ხდებოდა და ობიექტები კვლავაც იპოვიან გზას, რომ ეს დაწესებული შეზღუდვები არ დაიცვან:

შოთა ბურჯანაძე
შოთა ბურჯანაძე

„იმ რესურსით, რა რესურსიც დღეს სახელმწიფოს აქვს მონიტორინგისთვის, შემოწმდეს ყველა რესტორანი, შემოწმდნენ იქ მისული ადამიანები, ჭამის დროს სტუმრებს მოსთხოვონ კოვიდ-პასპორტები და ა.შ. განსაკუთრებით რეგიონებში, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება“.

შოთა ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ მაგალითად, სარესტორნო ბიზნესისთვის, პირველ ეტაპზე მაინც, "მწვანე პასპორტების" შემოტანა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო. რესტორანთა ასოციაციას ამ მიზნით, წინადადებებიც ჰქონდა შემუშავებული. წინადადებების თანახმად, ის კვების ობიექტები, რომლებიც თავიანთ დაწესებულებებში "მწვანე პასპორტის" რეჟიმს შემოიღებდნენ, უნდა გათავისუფლებულიყვნენ იმ შეზღუდვებისგან, რომლებიც პანდემიის პერიოდში ამოქმედდა, თუმცა, მათი წინადადებები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა:

„ეს იყო ჩვენი შეთავაზება. მწვანე ზონა უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი და თუკი მე ჩემს რესტორანში დავაწესებდი "მწვანე პასპორტით" შესვლას, მაშინ მე მომეხსნებოდა ის შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს სარესტორნო ბიზნესისთვის და ასევე, უნდა მიმეღო საშემოსავლო ბენეფიტიც, მაგალითად, დროებით გავთავისუფლებულიყავი საშემოსავლო გადასახადისგან. თუკი ასეთ რესტორნებს გაუხანგრძლივებდნენ მუშაობის საათებს, თუკი ასეთ რესტორნებს უფლებას მისცემდნენ, რომ მათ სივრცეში სტუმრებს გადაეხადათ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, აი ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად დაინტერესდებოდნენ, როგორც ბიზნეს-ოპერატორები, რომ საკუთარი სივრცეები გაეკონტროლებინათ, ისე საზოგადოებაც. როდესაც ხუთი ადამიანი შემოვა რესტორანში და აქედან ერთი ვერ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს, დამერწმუნეთ, ბიზნეს-ოპერატორი მათ არ ეტყვის, ხუთივე გაბრძანდით გარეთო, რადგან თვითონ არ არის დაინტერესებული ამით. თუკი მას ამის სანაცვლოდ სხვა ბენეფიტები ექნებოდა, მაშინ ცხადია, ამ მოთხოვნებს დაიცავდა“.

მიუხედავად მთელი რიგი წინაღობებისა, მათ შორის, მომხმარებელთა ნაწილის უკმაყოფილებისა, რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ რესტორნები „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლეილა“ ჯერ კიდევ სექტემბრიდან აქცია მწვანე ზონის სტატუსის მქონე საკვებ ობიექტებად. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც რესტორნების თანამშრომლებში კოვიდმა რამდენჯერმე „იფეთქა“.

მერიკო გუბელაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პირველ რიგში, თანამშრომლებთან იმუშავა, რომ მათ აცრის გადაწყვეტილება მიეღოთ:

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "სტაფის" უსაფრთხოება იყო. თავიდანვე ვუთხარი მათ, რომ აცრები უნდა გაკეთებულიყო. ნაწილმა თქვა, რომ აიცრებოდნენ, ნაწილმა უარი თქვა აცრაზე. არავისთვის დაგვიძალებია, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ჩვენც ვიცრებოდით, შვილებსაც ვცრიდით, თანამშრომლების მაქსიმალური უმრავლესობა აიცრა. მთელი ჩვენი "სტაფიდან", რომელიც საკმაოდ დიდია, მხოლოდ ორი ადამიანი წავიდა იმის გამო, რომ ვაქცინაზე უარი თქვა“.

თანამშრომლების ვაქცინაციის შემდეგ, ჯერი სტუმრების რეგულაციებზე მიდგა:

„რესტორანში რაც არ უნდა რეგულაციები დაგვიწესონ, რომ ერთ მაგიდასთან ექვს კაცზე მეტი არ დასხდეთ და ა.შ. სრული დისტანცირება მაინც არ გამოდის. რესტორანია, ხალხი ჭამს, სვამს, იცინის, ერთობა. ამიტომ მივიღეთ ე.წ. „მწვანე ბარათების“ შემოღების გადაწყვეტილება. ჩემთვის ძალიან კარგი შედეგი მოიტანა, რადგან "სტაფში" აღარ გვქონია აფეთქება, უფრო მშვიდად ვართ. ჩვენთან მოსული სტუმრების უმეტესობამ იცოდა ამ მოთხოვნის შესახებ. უცხოელ ტურისტებთან არასდროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, რადგან ისინი თავიანთ ქვეყნებში ისედაც მიჩვეულნი არიან უკვე ამ მოთხოვნას. რუსი ეროვნების სტუმრებთან შეგვექმნა არაერთხელ პრობლემა და ისინი, ცხადია, გავაბრუნეთ უკან. ჯავშნის შემთხვევაში, ყველას წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენს სივრცეში მხოლოდ აცრილი სტუმრები დაიშვებიან. გვქონია შემთხვევები, რომ იმის გამო, რომ სტუმრები არ შევუშვით რესტორანში, შემდეგ ჩვენს გვერდზე უარყოფითი შეფასება დაწერეს, ფაშისტები გვიწოდეს და ა.შ. მაგრამ სტუმრების უმრავლესობა დადებითად შეხვდა ჩვენს გადაწყვეტილებას და თვითონაც უფრო უსაფრთხოდ იგრძნეს თავი“.

მერიკო გუბელაძისთვისაც გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, არ მოსთხოვოს "მწვანე პასპორტები" იმ ობიექტების თანამშრომლებს, სადაც მწვანე ბარათის გარეშე შესვლა სტუმრებისთვის დაუშვებელია:

„ამ კრიტერიუმს ბოლომდე ვერც კი ვიჯერებ. თუკი ეს მართლაც ასეა, ეს არის აბსურდი და ფარისევლობა. რადგან რანაირად სთხოვ სტუმარს აცრას, როცა სტაფი არ გყავს აცრილი. ეს არის ორმაგი სტანდარტი“.

მისივე თქმით, "მწვანე პასპორტის" ამოქმედების პარალელურად, კარგი იქნებოდა, თუკი ხელისუფლება რესტორნებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნიდა.

უარი მწვანე პასპორტებს - რამდენიმე ობიექტი რეგულაციებს არ შეასრულებს

სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდნენ სხვადასხვა ბიზნესის დამფუძნებლები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გასართობ დაწესებულებებში მისულ მოქალაქეებს, არავინ მოსთხოვს მწვანე პასპორტს, მაგალითად, ასეთი ობიექტებია „ჰოლოზეუმი“, „თბილისის ილუზიების მუზეუმი“, „პლანეტარიუმი მთაწმინდაზე“, „მე-10 აუდიტორია“. ამ ობიექტების დამფუძნებელი, ლევან ბახია სოციალურ ქსელში წერს:

„ვისაც ეშინია კოვიდის ნუ მოვა ჩვენთან. აცრის რამე ფორმით დაძალება არი/ ბოროტება. მათ შორის როცა შენ დააძალებ ორგანიზაციებს დააძალონ მომხმარებელს. ბოროტებას შანსი არ აქვს ჩემთან. თქვენი არ ვიცი, თუ გინდათ შეშინდით“.

ამავე აზრზე დგას ფიტნეს-კლუბი „რეფორმერფიტნესიც“. როგორც მათ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ისინი არ აპირებენ ომხმარებლების დაყოფას "პასპორტიანებად" და "უპასპორტოებად", "აცრილებლად" და "აუცრელებად":

„ჩვენ ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კერძო მესაკუთრის გადასაწყვეტია როგორ მომხმარებელს მოემსახუროს და მომხმარებლის გადასაწყვეტია ბიზნესთან ითანამშრომლოს თუ არა, ამ ურთიერთობაში მთავრობის ადგილი საერთოდ არ არი“, - ვკითხულობთ ფიტნეს-კლუბის სოციალურ გვერდზე.

მონიტორინგი და ჯარიმები

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, კოვიდ-პასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება. ხოლო მოქალაქეს, რომელიც ობიექტზე კოვის-პასპორტის გარეშე იმყოფება, ჯარიმა არ დაეკისრება.

როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, დაწესებულებებში ჩატარდება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური ინსპექტირება. იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ ობიექტი სისტემატურად არღვევს რეგულაციას, მიღებულ იქნება ამ ობიექტის დალუქვის და ასევე, საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება.

შრომის ინსპექციის ინფორმაციითვე, მონიტორინგში ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

გასული წლის მონაცემებით, სხვადასხვა უწყების ჩართულობით, შრომის ინსპექციას, საქართველოს მასშტაბით, 400-მდე პირი ჰყავდა მობილიზებული ობიექტების შესამოწმებლად.

პირველი დეკემბრიდან, „მწვანე პასპორტით“ სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ ”მწვანე პასპორტის” წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

იმისათვის, რომ ამ ობიექტებზე შესვლისას თან გქონდეთ „მწვანე პასპორტი“, თქვენს ტელეფონებში უნდა ჩამოტვირთოთ Georgia e-Health-ის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიროს რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება PCR ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც. აპლიკაციის მეშვეობით, რომელზეც მოქალაქის QR კოდები აისახება, შესაძლებელია მწვანე სტატუსის დადასტურება. აპლიკაცია გთავაზობთ თქვენი სერტიფიკატის ჩამოტვირთვის და შემდეგ უკვე ამობეჭდვის ფუნქციასაც. მოქალაქეები, რომლებიც ვერ მოახერხებენ აპლიკაციის გამოყენებას, რაკიღა მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ ე.წ. „სმარტ ტელეფონები“, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელი იქნება იმ ლაბორატორიიდან, სადაც ისინი ტესტს ჩაიტარებენ.

„არა კოვიდ-პასპორტს“, „არა კოვიდ-ფაშიზმს“ - ამ გზავნილით, 13 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

გლობალური კოვიდ-სტატისტიკის პორტალის ourworldindata-ს 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 24,58%. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, საქართველოში მინიმუმამდეა დასული ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრული ვაქცინაციის დროს, ინფიცირების რისკი მცირდება 9,3-ჯერ. ჰოსპიტალიზაციის რისკი 23-ჯერ. სიკვდილის რისკი 25-30-ჯერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG