Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ზედოზირებაზე" ლექსო ლაშაქარავას ექსპერტიზის პასუხი 4 თვის თავზეც არ არსებობს


"TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ისევ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თვის თავზეც არ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომელსაც უნდა დაედგინა რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი.

ლაშქარავას გარდაცვალების საქმე მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელია - ის 2021 წლის 11 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სიძულვილის ჯგუფების მასობრივი ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის 5 ივლისის ერთ-ერთი დაზარალებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე "TV პირველის" ოპერატორის გარდაცვალების მეორე დღეს, 12 ივლისს ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება გამხდარიყო.

"ქიმიური დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება", - ამბობდა მამუკა ჭელიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "ეს დასკვნა არის შუალედური".

ოჯახი აცხადებდა, რომ 5 ივლისს ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებების გასაყუჩებლად მას ექიმის დანიშნული ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ჰქონდა მიღებული. ამ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუზუსტებია, შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს ნივთიერებები ძლიერი გამაყუჩებლების მიღების გამო აღმოჩენილიყო ანალიზებში.

ექსპერტიზას, რომელიც ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ჩატარდა და გარდაცვლილი ოპერატორის გვამი პოლიციელებმა ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში, ასევე უნდა ეთქვა, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება გახდა თუ არა.

12 ივლისს, მაშინ, როცა ლაშქარავა ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული, თბილისში, რუსთაველის გამზირზე კი მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ლექსო ლაშქარავს გადაადგილების კადრები, რითაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის თრობის ზემოქმედების ქვეშ იყო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და ჰკითხა რა შედეგი დადგა ლაშქარავას საქმეზე დაწყებულ ექსპერტიზაზე.

"​ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზა წარმოების პროცესშია. დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ გამოძიებას", - ამბობენ ექსპერტიზის ბიუროში.

თავისუფლება ამ საკითხზე გამოძიებისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას რამდენიმე დღე უშედეგოდ ელოდა.

ექსპერტიზაზე, რომელიც 4 თვეზე მეტი ხანია ტარდება, ბევრი რამ არის დამოკიდებული. პასუხების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა, რომლითაც დაადგენდა, რომ არა 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის დროს ლექსო ლაშქარავასთვის მიყენებული დაზიანებები, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შემთხვევაშიც კი, დადგებოდა თუ არა ლეტალური შედეგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG