Accessibility links

site logo site logo

კულტურის მინისტრი პრემია "ლიტერაზე": კეზერაშვილის პრემია გახდა, სამინისტრო არ დაიბრუნებს


"ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა”. მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახლდათ კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს.

ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ, როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა – „ლიტერა“, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემია.

შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, „კეზერაშვილის პრემია” დარჩება კეზერაშვილს", - თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მან თქვა ის, რომ სამინისტრომ უკვე შექმნა ალტერნატიული პრემია ლიტერატურაში - "წლის საუკეთესო", მომავალ წელს კი სამინისტრო მხოლოდ ქალი ავტორებისთვის დააწესებს ახალ პრემიას.

ლიტერატურული პრემია "ლიტერა", რომელსაც მწერალთა სახლი ატარებს, ავტორებმა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც თეა წულუკიანის ბრძანებით ჟიურიში იოსებ ჭუმბურიძე დაინიშნა.

"ლიტერას" ჩაშლის შემდეგ, პენ ცენტრის ორგანიზებით, პრემიის გადასარჩენად სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა. კონტრიბუცია გაიღო ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ", ასევე ფორმულამ. ტელევიზიის მიერ ლიტერატურული პრემიისთვის გაღებული თანხის ოდენობაა 11 000 ლარი.

"ლიტერას" ჟიურის შემადგენლობის პროტესტის შემდეგ, მინისტრის ბრძანებით, მწერალთა სახლს ჩამოერთვა კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია, იაკობ გოგებაშვილის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, რომლის ადმინისტრირებაც "შემოქმედებით საქართველოს" გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG