Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგი გავიდა, ნახევარზე მეტი დარჩა - რას ამბობენ მწერლები, რომლებიც „ლიტერას” კონკურსში რჩებიან


„ლიტერას“ 5-კაციან ჟიურიში მხოლოდ ერთი წევრი რჩება, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე. სწორედ მისი ჟიურიში ყოფნის გამო თქვა 20-მდე მწერალმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი და მისწერა წერილი სამინისტროს მოთხოვნით, უკან გაიხმოს „თავისი კაცი”.  

„ლიტერას” საკონკურსო გრძელ სიაში 70-ზე მეტი წიგნია წარდგენილი, მათი ავტორების ნახევარზე მეტი კვლავ რჩება კონკურსის მონაწილედ, ნაწილი კი აპროტესტებს ჟიურის მუშაობაში სამინისტროს ჩარევას.

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც „ლიტერასთვის“ გამოცხადებულ ბოიკოტს არ უერთდება, თუმცა წერილს ხელს აწერს, მწერალი ალეკო შუღლაძეა. მისი წიგნი საუკეთესო რომანის კატეგორიაშია წარდგენილი. შუღლაძე თვლის, რომ „ლიტერა” არა მინისტრის, არამედ მწერლების კონკურსია და მასზე უარის თქმა ისევ მწერლებს დააზიანებს. შუღლაძის მსჯელობით, თუკი ის „ლიტერას“ გამოეთიშება, მაშინ სამინისტროს სხვა პროექტებზეც უნდა თქვას უარი, მაგალითად, „ცოცხალ წიგნებზე”, მთარგმნელობით და სარეზიდენციო პროექტებზე, ეს კი საბოლოოდ ისევ მისთვის იქნება საზიანო.

„კონკურსის დატოვებას მწერლების დიდი რაოდენობა არ ვაპირებთ ამ ეტაპზე. მე არ მიყვარს, როცა გარედან ზეწოლაა ხოლმე ჩემზე, თუნდაც მართალი, მაგრამ ზეწოლა. ცოტა ნერვებს მიშლის ხოლმე ეს "მე დავტოვე", "მე დავტოვე"... შეიძლება მართლები არიან, გასაგებია, მაგრამ მაინც ზეწოლის სახე აქვს ამას. ჩვენ გვიყვარს "ლიტერა", ჩვენ შეიძლება ვემიჯნებოდეთ მინისტრს, მაგრამ არ ვემიჯნებით კონკურსს, გვინდა რაიმე სახით დარჩეს ეს კონკურსი. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს ფული თეა წულუკიანის ფულია, ეს ჩვენი ფულია და თუკი მინისტრი გაიყვანს თავის კაცს და აღარ ჩაერევა მწერალთა სახლის საქმიანობაში, მაშინ ის ხალხიც უნდა დაბრუნდეს, ვინც გავიდა და პრემია ჩატარდება. თუ არ გააკეთებს მინისტრი ამას, მაშინ გამოდის, ყველანი გასულები ვართ და ალტერნატიული კონკურსი უნდა ვეძებოთ”, - ამბობს ალეკო შუღლაძე. ჟიურიში მინისტრის მიერ დანიშნული ერთი წევრი სხვა მწერლების მსგავსად მასაც საბჭოთა ტერორს [1937 წელს] ახსენებს და ცენზურის მცდელობის შთაბეჭდილებას უქმნის, როგორც იმ მწერლებს, ვინც უკვე დატოვა კონკურსი, თუმცა თვლის, რომ კონკურსი მოლაპარაკებებმა უნდა გადაარჩინოს იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და დათმობის სურვილს არაფერი მოასწავებს.

კულტურის სამინისტროს მწერლების პროტესტისა და მინისტრის სახელზე გავრცელებული ღია წერილების შესახებ ოფიციალურად ამ დრომდე არაფერი უთქვამს.

საზოგადოებამ დაიწყო მსჯელობა იმაზე, ხომ არ მოაგროვონ კონკურსის ჩასატარებლად საჭირო 50 000 ლარი თვითონ და ამით უზრუნველყონ მისი დამოუკიდებლობა.

მწერალი თამთა მელაშვილი ელოდება, რას იტყვის სამინისტრო იმ წერილის პასუხად, რომელსაც 50-მდე მწერალმა მოაწერა ხელი. ხელმომწერებს შორის არიან როგორც ის ავტორები, ვინც კონკურსი დატოვა, ასევე ისინი, ვინც ჯერ კიდევ რჩებიან ჟიურის გარეშე დარჩენილი კონკურსის მონაწილეებად.

„წერილის დაწერა იმის მცდელობა იყო, რომ უცბად არ დავთმოთ ეს სივრცე და წინააღმდეგობის ყველა გზა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს. ჩემი რეაქცია დამოკიდებულია იმაზე, როგორ ირეაგირებს სამინისტრო. თუ არ მოხსნის იოსებ ჭუმბურიძეს, მაშინ მეც მოვხსნი ჩემს წიგნს კონკურსიდან და ალბათ უმეტესობა ამას იზამს. ახლა ძალიან კომიკურია ეს ვითარება, რომ მარტო ის ერთი კაცი დარჩა ჟიურიში. ძალიან გვინდა, რომ პრემია ჩვენს პრემიად დარჩეს, მწერალთა სახლთან ასოცირდებოდეს და ისევ ისეთი დამოუკიდებელი იყოს, როგორიც იყო”, - ამბობს თამთა მელაშვილი. მისთვის „ლიტერაში” სამინისტროს წარმომადგენლის გამოჩენა ცენზურის მცდელობაა და ეს, ცხადია, უსიამოვნო გრძნობებს უჩენს.

2008 წელს, ჟურნალისტმა, იმ დროისთვის დამწყებმა პოეტმა ქეთი თუთბერიძემ, ეროტიკული ლექსები დაბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში. იოსებ ჭუმბურიძემ, ამ მომენტისთვის „ლიტერას“ ჟიურის ერთადერთმა წევრმა, ამ ლექსებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ იმგვარი ლექსების წერა, რასაც ქეთი წერდა, „მკრეხელობა იყო”, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე კი ამავე ლექსებს „ამორალური” უწოდა.

„ცხადია, კრიტიკა აუცილებელი და შესანიშნავი ჟანრია, მაგრამ ეს "კრიტიკა" 23 წლის "გარყვნილ" ქალს ეძღვნებოდა, რომელმაც გაბედა და მრავალფეროვან სექსზე ლექსები დაწერა, ახსენა ვაგინა, შეეხო ლესბოსურ სიყვარულს და ა.შ. კრიტიკული წერილის რამდენიმე ფრაზა დღემდე მახსოვს, განსაკუთრებით: "ესაა მკრეხელობა", რაც ყველაზე აბსურდულად იკითხებოდა.

ბოლო წლებია ლექსებს აღარ ვწერ, ჩემმა რუტინულმა სამუშაომ შთანთქა ყველა მეტაფორა. ცხადია, მიზეზი ის კრიტიკული წერილი არ ყოფილა. ბოლოს 2014 წელს "საუნჯეში" დავბეჭდე და მგონია, რომ ეს ჩემი წინა ცხოვრება იყო, მაგრამ "ლიტერას" ჟიურიში იოსებ ჭუმბურიძის გამოჩენამ გამახსენა ის, რაც თითქმის მივივიწყე. ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი რეტროგრადი, მიზოგინი სუბიექტების ადგილი არცერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში არ უნდა იყოს”, - ამბობს ქეთი თუთბერიძე.

მწერლების ნაწილი, რომლებმაც იოსებ ჭუმბურიძისა და თეა წულუკიანის გამო „ლიტერაზე” თქვეს უარი, დარწმუნებულები არიან, რომ მინისტრის მცდელობა, ჩაერიოს დამოუკიდებელ ჟიურიში, არა მხოლოდ ავტორებზე, წიგნის ცენტრსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმაც არის.

„მგონია, რომ "ბიძინას გაუმა..." მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად მწერალთა სახლის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის”, - დაწერა გუშინ პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრემიას გამოეთიშა კონკურის ჟიურის შემადგენლობის გაგების შემდეგ. იმას, რომ თეა წულუკიანი მწერალთა სახლის მართვით კმაყოფილი არ არის, ორი სხვა ფაქტიც ადასტურებს. მან იაკობ გოგებაშვილის საყმაწვილო ლიტერატურის პრემია, რომელიც მწერალთა სახლის დაარსებული იყო, „შემოქმედებით საქართველოს” გადასცა, მწერალთა სახლის დირექტორის მედიააქტივობაზე კი სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან განაცხადა, რომ ნატაშა ლომოურის პოზიცია სამინისტროს პოზიციას არ გამოხატავს.

„თუ მწერალთა სახლს ძალიან დიდი ზეწოლა აქვს, მაშინ მწერალთა სახლი უნდა გამოვიდეს. მე ჩემი კონკურსიდან წასვლით, როგორ დავიცვა მწერალთა სახლი, ძალიან მაინტერესებს.

ეს ქაოსი, "გავდივარ", "გავდივარ", "გავდივარ", დაძალებაა. მწერალთა სახლის საბჭომაც განცხადება გააკეთა, ისინიც არსად არ წასულან. თუ ნატაშა ლომოური განიცდის ზეწოლას, პირველ რიგში ის უნდა წავიდეს, მე რა მხარდაჭერა უნდა გავუკეთო? მწერალთა სახლმა უნდა თქვას, რომ ზეწოლას განიცდის.

არ მინდა დატოვების მომენტი გავაკეთო, ეს არ არის თეა წულუკიანის ფული. რასაც ტორესა მოსი ამბობს, რომ წულუკიანის ფული არ უნდა, არასწორია, ხალხი შეცდომაში შედის. ეს არ არის თეა წულუკიანის ფული, ეს ჩვენი ფულია და რაც უფრო მეტს გამოვრჩებით, მით უკეთესი იქნება. სამინისტრო ძალიან ბევრ რამეს აფინანსებს”, - ამბობს მწერალი ალეკო შუღლაძე.

მწერლები პირველები არიან, რომლებმაც ფრაგმენტული პროტესტი გამოხატეს შემოქმედებით კონკურსებში სამინისტროს წარმომადგენლის ჩასმის გამო. თეა წულუკიანის ბრძანება, რომლის თანახმადაც „ლიტერას” ჟიურიში იოსებ ჭუმბურიძე აღმოჩნდა, ეხება ყველა იმ კონკურსს, რომელსაც სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით მართავენ. ნებისმიერ ასეთ კონკურში 5-დან ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს, ჟიურის სრული შემადგენლობა კი - სამინისტროს დამტკიცებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG