Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომა გადაიდო


ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველ სხდომაზე, კვორუმის არქონის გამო, ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

ოპოზიციის - “ნაციონალური მოძრაობიდან” 22 დეპუტატის და პარტია “საქართველოსთვის” 3 წევრის მიერ საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ, მუნიციპალურ ორგანოში “ქართული ოცნების” 20 დეპუტატი დარჩა.

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა განმარტა, ასეთი შემადგენლობით საკრებულოს სხდომა ვერ გაგრძელდებოდა:

"რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს განცხადება, რომ არ იღებენ ისეთ პროცედურულ საკითხებში მონაწილეობას, როგორიცაა საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევა, საკრებულოს აღარ ჰქონდა კვორუმი ანუ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობა, რაც 23 ხმას შეადგენს, საკრებულოს სხდომა რეგლამენტის შესაბამისად გადაიდო ერთი კვირით”, - განაცხადა ნატა პაპასკირმა.


მანამდე ზუგდიდის საკრებულომ ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სწორედ ამის შემდეგ გააკეთეს განმარტებები სხდომის დატოვებაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

"ნაციონალურმა მოძრაობის” წევრის, თეიმურაზ ბასილაიას სიტყვებით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის "სპეცოპერაცია" იყო და დღესაც ეს ყველაფერი "აბსურდის სცენარია".

მოგვიანებით პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დაძლია პოლიტიკური ინტერესები, თავიანთი ძალაუფლების და რევანშის წყურვილი და უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, ამიტომაც კენჭისყრაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს:

“გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პარტია უარს ამბობს ჩვენს შეთანხმებაზე, მონაწილეობას შემდეგ პროცედურებში არ მივიღებთ. ჩვენგან არ იქნება წარმოდგენილი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა და ჩვენც ამ ეტაპზე დავტოვებთ საკრებულოს სხდომას", - ასე განმარტა გიგა ფარულავამ.

ოპოზიციამ დღეს ასევე უარი თქვა სამანდატო კომისიის წევრობაზე.

საბოლოოდ, სამანდატო კომისია “ქართული ოცნების” წევრებისგან დაკომპლექტდა.


ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "თავისუფლება მიშას" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ. სხდომის დაწყების წინ, ენმ-ის წევრებმა პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას. მათი თქმით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ის “სისტემის მსხვერპლია”.

ამასთან ენმ-ის წარმომადგენელმა დარიკო არქანიამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა, სიმბოლურად, როგორც “არჩევნების გამყალბებელს”.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომელშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, 20-ით -"ქართული ოცნება", ხოლო 3-ით - "გახარია - საქართველოსთვის".

დღეიდან, 3 დეკემბრიდან, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG