Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოს სამანდატო კომისიის წევრობაზე უარი თქვა ოპოზიციამ - ენმ-მ და პარტიამ “საქართველოსთვის”


ზუგდიდის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თეიმურაზ ბასილაიას, განცხადებით, პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არცერთ კენჭისყრაში, გარდა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისა:

"ჩვენ არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას, გარდა მეოთხედ დასმული საკითხისა, საკრებულოს ლეგიტიმაციისა, მხოლოდ უფლებამოსილების საკითხს ვუყრით კენჭს, ეს არის ჩვენი პოზიცია”, - განაცხადა ბასილაიამ.

სამანდატო კომისიაში მონაწილეობაზე უარის მიზეზი, უფრო ვრცლად ახსნა “საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ.

მისი განცხადებით, პარტიამ “საქართველოსთვის” არჩევნების დასრულებიდან მალევე შესთავაზა ორივე პოლიტიკურ პარტიას ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისის თავიდან ასარიდებლად გამიზნული წინადადება, რაც გულისხმობდა უარს საკრებულოებში თანამდებობებზე. შეთავაზებული იყო ისიც, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები, რაზეც გამოხმაურება არცერთი პარტიიდან არ ყოფილა.

"მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, არცერთმა პარტიამ, არც "ქართულმა ოცნებამ", რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნებით და არც "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც ასევე შეპყრობილია დაბრუნდეს ძალაუფლებაში, ამ წინადადების მზაობაზე უარი განაცხადეს... ჩვენ ასევე შევთავაზეთ, მეორე წინადადება რიგ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენ გადამწყვეტი ხმით ვართ წარმოდგენილი, ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურებს [თავმჯდომარის პოსტზე] მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე პარტიისგან იქნებოდნენ მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარის. სამწუხაროდ, კვლავ ვხედავთ, რომ არცერთი პარტია არ ელევა ერთპარტიული მმართველობის სურვილს და ამ წინადადებაზეც არ გამოუთქვამთ მზაობა. გამომდინარე აქედან, უარს ვაცხადებთ მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენგან არ იქნება წარმოდგენილი სამანდატო კომისიაში წევრი, მაგრამ ვცნობთ საკრებულოს შემადგენლობას”, -განაცხადა გიგა ფარულავამ.

საბოლოოდ სამანდატო კომისია “ქართული ოცნების” წევრებისგან დაკომპლექტდა. ამის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დღეს ზუგდიდის ახალარჩეული საკრებულო პირველ სხდომას მართავს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სხდომაზე "თავისუფლება მიშას" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ. სხდომის დაწყების წინ, ენმ-ის წევრებმა პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას. მათი თქმით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ის “სისტემის მსხვერპლია”.

ამასთან ენმ-ის წარმომადგენელმა დარიკო არქანიამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა, სიმბოლურად, როგორც “არჩევნების გამყალბებელს”.

ზუგდიდის მეშვიდე მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომელშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, 20-ით -"ქართული ოცნება", ხოლო 3-ით - "გახარია - საქართველოსთვის".

დღეიდან, 3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG